რუსეთს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებისთვის უკრაინის რეაქცია არ სჭირდება , - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რეალურად, [უკრაინის] რეაქცია საჭირო არ არის. ეს რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილებას წარმოადგენს და ის შესრულდება. თუმცა, კიევის რეჟიმისგან ადეკვატური განზრახვის თვალსაზრისით რაიმე სახის რეაქციას ყველა ელის, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს“, - განაცხადა პესკოვმა.
ასევე, პესკოვის ცნობით, გუშინ სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ამერიკელი კოლეგა დონალდ ტრამპი 9 მაისს მოსკოვში სამხედრო აღლუმზე არ მიუწვევია.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღნიშვნის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მზადყოფნა გამოთქვა.
სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა.
„გრძელი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე და ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გააკეთოს. შეიძლება გამოაცხადოს ეს. ვკითხე, თუნდაც მოკლე ცეცხლის შეწყვეტა იყოს“, - აღნიშნა ტრამპმა.