საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა - „მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ - გაიხსნა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ექსპოზიციამ, რომელსაც საუნივერსიტეტო გალერეა „უნივერსმა“ უმასპინძლა, 80 სტუდენტის სივრცული ნამუშევრები გააერთიანა. გამოფენა არქიტექტურული კომპოზიციის სასწავლო კურსის ფარგლებში მოეწყო, საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრები კი შიდასაფაკულტეტო კონკურსის საფუძველზე შეირჩა.
როგორც გამოფენის გახსნაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, ყოველწლიური სტუდენტური გამოფენა მომავალ არქიტექტორებს, მათ პედაგოგებსა და სამშენებლო-დეველოპერული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას უწყობს ხელს.
დეკანის თქმით, სივრცული კომპოზიცია მოცულობის, ფორმებისა და სივრცეების განლაგების გააზრებაა, რაც არქიტექტურის არსს წარმოადგენს. მისი თქმით, ნებისმიერი სტრუქტურა - იქნება ეს საცხოვრებელი სახლი თუ ურთულესი ურბანული ან ლადშაფტური ობიექტი - სივრცული კომპოზიციის პროდუქტია.
„პირველკურსელთა გამოფენა ნათლად გვიჩვენებს ახალგაზრდების შემოქმედებით პოტენციალს და მათ სწრაფ პროფესიულ ზრდას. სივრცითი კომპოზიცია არქიტექტურული აზროვნების საფუძველია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები საწყის ეტაპზევე ავლენენ ფორმის, მოცულობისა და სივრცის ჰარმონიულ აღქმას. მსგავსი გამოფენები არა მხოლოდ ახალგაზრდების ნააზრევის გაზიარების შესაძლებლობაა, არამედ აძლიერებს დიალოგს აკადემიურ სივრცესა და პროფესიულ სფეროს შორის, რაც მომავალ არქიტექტორებს უთუოდ დაეხმარება ურბანული გამოწვევების დაძლევაში“, - აღნიშნა ნუგზარ ხვედელიანმა.
ღონისძიების ორგანიზებისა და ხელშესახები შემოქმედებითი შედეგების მიღწევისთვის პროფესორმა ნუგზარ ხვედელიანმა მადლობა გადაუხადა გამოფენის მონაწილე სტუდენტებს და ღონისძიების ორგანიზატორებს - არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლებში ახალგაზრდების პედაგოგებს - პროფესორ ვანდა მუჯირს, ასოცირებულ პროფესორ მანანა ხვედელიანს, ლია ჩიგოგიძესა და მელანო კოვზირიძეს.
სტუდენტური გამოფენის მონაწილე ახალგაზრდებს სიგელები გადასცეს ასოცირებულმა პროფესორებმა - დეკანის მოადგილე თამარ ჭანტურიამ და მანანა თავხელიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, გალერეა „უნივერსში“ არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა გამოფენა - „მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ მიმდინარე წლის 5 მაისს დაიხურება. საუნივერსიტეტო საგამოფენო სივრცე ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.