ირაკლი ფავლენიშვილი - „ოპოზიციის ალიანსში“ ჰარმონია და იდილიური განწყობა რომ არ იქნებოდა, ყველასთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგან ცხრა პარტიას ბევრი განსხვავება აქვს - ჩვენ არსად ვაპირებთ წასვლას, არ ვაპირებთ ალიანსის დატოვებას

სააკაშვილი უნდა იყოს გარეთ, ასეთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებს ისეთ შედეგს, რომელიც ბევრს გააოცებს - ძალიან ბევრ ადამიანში მიხეილ სააკაშვილის შესახებ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ აღნიშნა, „ბევრ ადამიანს მოენატრა დრაივი და ექშენი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო“.

მან, ასევე, ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ალიანსი“ წარმოადგენს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის თანამშრომლობის ფორმატს და არა ერთიან პარტიას.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი ბრძოლის ველი ქუჩაში აქტიურობაა, სადაც ოპოზიციური ჯგუფები კოორდინაციას ცდილობენ.

„თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების პირობებში თავისუფლად შეუძლია არჩევნებში გაიმარჯვოს. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ადამიანში მიხეილ სააკაშვილის შესახებ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამ ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებში, თავისუფალი არჩევნები ვერ ჩატარდება. სააკაშვილი უნდა იყოს გარეთ. ასეთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებს ისეთ შედეგს, რომელიც ბევრს გააოცებს.

„ალიანსის“ მიმართაც დადებითი დამოკიდებულება მაქვს. „ალიანსი „არის წინააღმდეგობაში ჩართული პოლიტიკური ძალების თანამშრომლობის ფორმატი. ჩვენ არ ვართ ერთი საერთო პარტია ან ერთი პოლიტიკური გაერთიანება. ვიცით, რომ ქუჩაში არის ბრძოლის მთავარი გასაღები და ამ შემთხვევაში ვთანამშრომლობთ. ბევრ ადამიანს მოენატრა ის დრაივი და ექშენი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო. თბილისში კაცი შემხვდა და მითხრა, რომ ეს დრაივი მომწონდაო. ახლა აღარ იგრძნობაო. ახლა არის უძრაობა, მაშინ იყო მოძრაობა“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

ამასთან, ფავლენიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციური ალიანსის“ დატოვებას არ აპირებს.

„ალიანსში“ ჰარმონია და იდილიური განწყობა არ იქნებოდა, ეს ყველასთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რადგან ცხრა პარტია ვართ და ცხრა პარტიას ბევრი განსხვავება აქვს. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ არსად ვაპირებთ წასვლას. არ ვაპირებთ „ალიანსის“ დატოვებას“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

გარდა ამისა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ის განცხადება შეაფასა, სადაც ხაბეიშვილი ამბობს, რომ „სიგიჟე მოვისმინე: 10 მაისიდან ვიწყებთ ხალხში გასვლასო, 9-ში რას აკეთებენ?“.

ფავლენიშვილის თქმით, ლევან ხაბეიშვილი აქტიური პოლიტიკოსი იყო და იმავეს ითხოვს სხვებისგან.

ამასთან, დასძენს, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავისუფლება დათმეს და ციხეში არიან, მეტი მორალური უფლება აქვთ კრიტიკულები იყვნენ.

ლევან ხაბეიშვილის ამ განცხადებას თავდასხმად ნუ აღიქვამენ, ადამიანებს პატიმრობაში შეუძლიათ რჩევები და მითითებები მოგვცენ. მორალური უფლება აქვთ, რომ უფრო კრიტიკულები იყვნენ, ვიდრე თავისუფლებაზე მყოფი ხალხი. გაიღეს თავისუფლება, ჩასხდნენ ციხეში, ამიტომ კეთილი უნდა ვინებოთ, რომ თავისუფლებაში მყოფმა ხალხმა მოვუსმინოთ. ხაბეიშვილის ის მომწონდა, რომ დილის 10 საათზე ამბობდა - აქ წავიდეთ, იქ წავიდეთ. მეტროთი დავდიოდით ხალხი, რომ გვენახა. როგორც თვითონ იყო, იმავეს მოგვიწოდებს“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა