გიორგი ბადრიძე - რეჟიმის მხრიდან არ მინახავს კონკრეტული ნაბიჯი, რათა ვაშინგტონში სერიოზულად აღიქვან თანამშრომლობის გამოსწორების საჭიროება - ამ პირობებით არაფერი შეიცვლება, არ მგონია, ტრამპი მოიხიბლოს ცარიელი რიტორიკით

ადრე გვპირდებოდნენ, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა გამოსწორდებოდა. არ მინახავს არანაირი კონკრეტული ნაბიჯი რეჟიმის მხრიდან იმ მიმართულებით გადადგმული, რომ ვაშინგტონში უფრო სერიოზულად აღიქვან ჩვენთან თანამშრომლობის გამოსწორების საჭიროება. სახელმწიფო დეპარტამენტის რომელიმე თანამშრომელის შესაძლო ჩამოსვლა, არ იქნება რაღაც გარღვევის ნიშანი, - ამის შესახებ დიპლომატმა, გიორგი ბადრიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.

გიორგი ბადრიძემ ხელისუფლების ლიდერების განცხადებები შეაფასა, სადაც ისინი ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში საქართველოს დაბრუნებაზე საუბრობენ.

დიპლომატის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის რომელიმე თანამშრომლის ჩამოსვლა საქართველოში გაყინულ ურთიერთობებში რაიმე გარღვევას არ ნიშნავს.

“ძალიან ფრთხილად შევაფასებდი იმის პერსპექტივას, რამდენად სანდოა საერთოდ ეს დაპირება. მე კარგად მახსოვს ზუსტად იგივე ხალხი როგორ ელოდებოდა გასული წლის იანვარს, როდესაც დონალდ ტრამპი იბარებდა პრეზიდენტობას ბაიდენის ადმინისტრაციისგან და ეს ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სრული ჩამოშლა ბაიდენის ადმინისტრაციის მიკერძოებული დამოკიდებულების შედეგი იყო და არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის არჩევანი, მისი გადაწყვეტილებები, მისი ანტიდასავლური და ანტიამერიკული ქცევა, ან გამოკვეთილი, დემონსტრაციული ფლირტი ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმთან, განცხადებები იმის თაობაზე, რომ ის სტრატეგიულ ურთიერთობებს აყალიბებს ამერიკის შეერთებული შტატების მეტოქეებთან. სხვათა შორის, ეს სტრატეგიული ურთიერთობები არ განხორციელებულა არანაირად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ჩინეთის მთავრობათა შორისაც იქნა ხელი მოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმზე და არანაირი ნიშან-წყალი, რომ ჩინეთმა სერიოზული თანამშრომლობა დაიწყო საქართველოსთან, არ არსებობს.

ადრე გვპირდებოდნენ, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა გამოსწორდებოდა. მე არ მინახავს არანაირი კონკრეტული ნაბიჯი ამ რეჟიმის მხრიდან, რომელიც გადადგმულია იმ მიმართულებით, რომ ვაშინგტონში უფრო სერიოზულად აღიქვან ჩვენთან თანამშრომლობის გამოსწორების საჭიროება. ის, რომ შეიძლება სახელმწიფო დეპარტამენტის რომელიმე თანამშრომელი ჩამოვიდეს, არ იქნება რაღაც გარღვევის ნიშანი.

მე ვერ ვხედავ, რომ ამ მიმართულებით ივანიშვილის მთავრობის ძალისხმევა რამით განსხვავდებოდეს იმისგან, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროკავშირთან ან სხვა ცალკეულ ქვეყნებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, როდესაც ლაპარაკია, რომ „ჩვენ კი გვინდა თანამშრომლობა და ჩვენ კი არ გვითქვამს უარი ინტეგრაციასა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მაგრამ მათ შეიცვალონ პოზიცია“, იგულისხმება გამოცვალონ ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპები და მიგვიღონ ისეთი, როგორიც ივანიშვილს წარმოუდგენია, რომ უნდა იყოს საქართველო. ამ პირობებით არაფერი არ შეიცვლება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაშიც, რომლის დღევანდელი პრეზიდენტი უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს დემოკრატიის ხარისხს შეერთებული შტატების პარტნიორ ქვეყნებში, არა მგონია ის მოიხიბლოს ცარიელი რიტორიკით, რომ ჩვენ გვინდა ურთიერთობების აღდგენა”, - განაცხადა ბადრიძემ.

დიპლომატის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ანაკლიის პორტი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტად ესახებოდა და არ სურდა მისი ჩინელების ხელში ჩაგდება, თუმცა ხელისუფლებამ საპირისპირო ნაბიჯები გადადგა.

როგორც ბადრიძემ აღნიშნა, პოლიტიკური ნება სჭირდებოდა იმას, რომ ანაკლიის პროექტი არ გაყინულიყო. მისი შეფასებით, ეს იქნებოდა ერთგვარი ჟესტი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

“ერთადერთი გზავნილი, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მისმა სახელმწიფო მდივანმა დატოვა საქართველოში ვიზიტის შემდეგ, იყო ის, რომ ანაკლია წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის პერსპექტიულ პროექტს, ის განავითარეთ და ის არ მისცეთ ჩინეთსო. ზუსტად ორი საპირისპირო რამ გააკეთა ივანიშვილის ხელისუფლებამ - დატოვა ჭაობად და გადაულოცა ჩინურ კომპანიას, რომელსაც სხვათა შორის, თითი თითზე არ დაუდია და ერთი იუანი არ ჩაუდია არც ამ პროექტში და არც სხვა პროექტებში.

მე არაერთხელ მსმენია, რომ ჩინეთი რაღაც ინვესტიციებს დებს საქართველოში. არანაირ ინვესტიციებს არ დებს. ის სტრატეგიული ურთიერთობები არის ქაღალდზე და თანხები არ შემოდის, ამ ისტორიის მთელი ირონია იმაშია, რომ აქედან გადის თანხები ჩინეთში.

ჩინელ მშენებლებს რომ ხედავს ხალხი სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჩინეთი რომ ჰგონია ამის ინვესტორი, ეს არის ირონიის მწვერვალი იმიტომ, რომ ეს არის ნასესხები ფული ევროპული და ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ჩინური ფული საქართველოში არ შემოდის და მითუმეტეს არ შემოდის რაიმე ისეთი მასშტაბით, რომლითაც ვინმე გაამართლებდა ურთიერთობების ჩაწყვეტას ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

მარტო პოლიტიკური ნება ეყოფოდა იმას, რომ არ გაყინულიყო ანაკლიის პროექტი. თან ეს იქნებოდა არა მხოლოდ ჟესტი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, რომ დაენახვებინა საქართველოს ღირებულება სტრატეგიული დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, რომლის ინიციატორიც თავიდანვე აშშ იყო”, - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის