საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ასევე იუსტიციის სახლის თავმჯდომარის მოადგილეები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. ამავე ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციის სახლმა თანამშრომლობის მემორანდუმები 16 უნივერსიტეტთან გააფორმა.

დოკუმენტი ითვალისწინებს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისთვის სტაჟირების შესაძლებლობების შექმნას, რაც მათ პროფესიული უნარების განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაში დაეხმარება. ასევე, წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში, ახალგაზრდებს ექნებათ დასაქმების პერსპექტივაც.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლებასა და პრაქტიკულ საქმიანობას შორის კავშირის გაძლიერების მიმართულებით. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, მსგავსი ინიციატივები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოსცადონ, რაც მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელიც სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოსთან დააახლოებს. იუსტიციის სახლთან თანამშრომლობა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკაში გამოცადონ საკუთარი უნარები, გაეცნონ საჯარო სერვისების თანამედროვე სტანდარტებს, ჩამოიყალიბონ პროფესიული ხედვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას და მომავალში დასაქმების შესაძლებლობებს გააფართოებს”, - აცხადებს თამარ წერეთელი.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა