ფასების შემსწავლელი კომისია მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების სისტემის და ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამის გაფართოების რეკომენდაციით გამოდის

ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია, რომელმაც მათ შორის მედიკამენტების ფასწარმოქმნის საკითხებზე იმუშავა, რეფერენტული ფასების სისტემის და ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამის გაფართოების რეკომენდაციით გამოდის.

კომისიის შეფასებით, რეფერენტული ფასების სისტემა უკვე ჩამოყალიბდა როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა ფასები რეგულირებულ სეგმენტში და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა გაზარდა.

კომისიის შეფასებით, არსებულმა პრაქტიკამ დაადასტურა, რომ აღნიშნული მექანიზმი წარმატებით ზღუდავს ზედმეტ მარჟებს და ამავდროულად ბაზრის ფუნქციონირების სტაბილურობას ინარჩუნებს.

“აღნიშნულის საფუძველზე, მიზანშეწონილია სისტემის გაფართოება და მისი გავრცელება აქტიურად მბრუნავი მედიკამენტების მინიმუმ 60%-ზე. შედეგად, მოსალოდნელია, რომ მოსახლეობას საშუალოდ 40%-ით შეუმცირდება ფასები იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები დღეს არ მოქმედებს“, - წერს კომისია საკუთარ დასკვნაში.

რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამის გაფართოების საკითხს, კომისიის დასკვნის თანახმად, ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამამ პრაქტიკაში აჩვენა თავისი ეფექტიანობა, როგორც მექანიზმმა, რომელიც აუმჯობესებს ხელმისაწვდომობას მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

“პროგრამა ამჟამად დაახლოებით 400 000 ბენეფიციარს მოიცავს და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 70 მლნ ლარს შეადგენს, რაც ასახავს მის მასშტაბსა და სოციალურ მნიშვნელობას.

შესაბამისად, მიზანშეწონილია პროგრამის ეტაპობრივი გაფართოება და დამატებითი მედიკამენტების ჩართვა. ეს უზრუნველყოფს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებზე წვდომის ზრდას“, - აცხადებს კომისია.

მისივე რეკომენდაციით, საჭიროა მედიკამენტების რეგისტრაციის მექანიზმების ოპტიმიზაცია და ეროვნული რეჟიმის გაძლიერება.

“ადგილობრივი წარმოების განვითარება და ბაზარზე მედიკამენტების სწრაფი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული რეგისტრაციის პროცედურების ეფექტიანობაზე.

ამ კონტექსტში, მიზანშეწონილია ორი მიმართულების გაძლიერება: - ერთის მხრივ, მიზანშეწონილია რეგისტრაციის პროცედურების გამარტივება იმ მედიკამენტებისთვის, რომლებიც 10 წელზე მეტი ხნით არიან მიმოქცევაში იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს EMA და სხვა მკაცრი მარეგულირებლები. აღნიშნულ შემთხვევებში ბიოექვივალენტობის კვლევების მოთხოვნის მოხსნა მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც ფინანსურ, ისე დროულ დანახარჯებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მწარმოებლებისთვის.

მეორეს მხრივ, საჭიროა ეროვნული რეჟიმით რეგისტრაციის მექანიზმის გაძლიერება და მისი უფრო ეფექტიანად გამოყენება უცხოური მწარმოებლების ეროვნული GMP სერტიფიცირების მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ბაზარზე ახალი მედიკამენტების სწრაფ შემოსვლას, გაზრდის კონკურენციას და გააფართოებს პროდუქციის ასორტიმენტს, რაც საშუალოვადიან პერიოდში დადებითად აისახება ფასების დინამიკასა და ხელმისაწვდომობაზე“, - ვკითხულობთ კომისიის დასკვნაში.

მედიკამენტებთან დაკავშირებით კომისიის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგისა და დეფიციტების პრევენციის ერთიანი, კოორდინირებული მექანიზმის ჩამოყალიბება.

“პირველ რიგში, მიზანშეწონილია მუდმივი მონიტორინგის სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების და სხვა რეგულაციური ინსტრუმენტების გავლენის რეგულარულ შეფასებას. ეს გულისხმობს მუდმივ ანალიზს, ხომ არ იწვევს რეგულაცია ასორტიმენტის შემცირებას, ნაკლებად მომგებიანი მედიკამენტების ბაზრიდან გასვლას, ხარისხის შემცირებას ან მიწოდების შეფერხებებს.

მეორე მიმართულებად, აუცილებელია მედიკამენტების დეფიციტების პრევენციის სისტემური გაძლიერება. ამ მიზნით მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ისე მთლიან ბაზარზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მუდმივი მონიტორინგი. ასევე, მათი პრევენციისთვის შესაბამისი ზომების გატარება, მათ შორის მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან ხელშეკრულებების პირობების გადახედვა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მედიკამენტების უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა.

შედეგად, აღნიშნული ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს ბალანსის შენარჩუნებას ფასების ხელმისაწვდომობას, ხარისხის სტანდარტებსა და მიწოდების სტაბილურობას შორის, რაც წარმოადგენს ფარმაცევტული ბაზრის მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას“, - ნათქვამია დროებითი კომისიის დასკვნაში.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის