მეუფე დოსითეოსი - პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე - არის მოსაზრება, რომ თეორიულად რამე მცირედით შეიცვალოს, ამის შესაძლებლობა ალბათ ყოველთვისაა, მაგრამ შედეგი ისეთია, როგორიცაა

პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე, შედეგი დადგა ისეთი, როგორიც დადგა, - ამის შესახებ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოს ბოგვერაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ წმინდა სინოდის სხდომის დეტალებზე საუბრისას განაცხადა, სადაც სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩიეს.

მეუფე დოსითეოსის განცხადებით, წმინდა სინოდმა თავისი შინაგანი რწმენით გამოხატა თავისი დამოკიდებულება და რაიმე გაუგებრობას ადგილი არ ჰქონია.

„არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული მოხდა, სინოდმა თავისი შინაგანი რწმენით გამოხატა ის დამოკიდებულება, რაც გამოხატა. არ ვფიქრობ, რომ აქ რამე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე, შედეგი დადგა ისეთი, როგორიც დადგა. არის ასეთი მოსაზრება, რომ თეორიულად რაიმე კიდევ მცირედით შეიცვალოს, ამის შესაძლებლობა ალბათ ყოველთვის არის, მაგრამ შედეგი ისეთია, როგორიცაა და სინოდის ყველა წევრი ეთანხმება ამ შედეგს. სხვაგვარი ფიქრისთვის ადგილი არ რჩება“, - განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.

რაც შეეხება მიტროპოლიტ ისაიას წერილს მართვა-გამგეობის დებულებაში საპატრიარქო კანდიდატისთვის განათლების კრიტერიუმის შესახებ, მეუფე დოსითეოსი აცხადებს, რომ მეუფე ისაიას წერილი იყო პრეცედენტი.

„მეუფე ისაიას წერილი იყო პრეცედენტი. ძალიან გულწრფელი და საინტერესო წერილი იყო იმ გაგებით, რომ შეიძლება ფორმალობაა დებულების მოთხოვნა, მაგრამ ეს მაინც სამართლებრივი ძეგლია, სამართლებრივი საკითხია. სწორი მინიშნება იყო და საბოლოოდ ამან უბიძგა იმ მომენტს, რომ ეს დებულება ფაქტობრივად შესაცვლელი დებულებაა. ამ დებულების ნაკლოვანების წარმოჩენაც მოხდა ამ წერილით. მეუფე ისაია ერთგვარ ლაკმუსად იქცა იმ გამოწვევებისა, რაც ამ დებულებაში ამ ჩანაწერს მოჰყვა.

სინოდზე გარკვევით ითქვა კანდიდატებისგანაც და სინოდის თავმჯდომარისგანაც, სინოდის უმრავლესობა, შეიძლება ითქვას 100%-მდე, დარწმუნებულია იმაში, რომ მართვა-გამგეობის ახალი დებულება იქნება საჭირო“, - განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს