თბილისში დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი მარში მიმდინარეობს

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ, საიდანაც მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობით მიემართებიან.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "მიეცით წამალი ბავშვებს! წამალი ბავშვებს! მიეცით ბავშვებს წამალი”, „შენი შვილი რომ იყოს?!".

საპროტესტო აქციის მონაწილეები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტს მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს სიმბოლურად წითელი ბუშტები და საპროტესტო ბანერები აქვთ. მსვლელობას თან მიჰყვებიან პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც ერთ-ერთმა მშობელმა თაკო გოგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპროტესტო აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ ბავშვები საჭირო მედიკამენტს არ მიიღებენ.

"ეს მარში ემსახურება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს და იმ მოთხოვნას, რომ უკვე ორი წელი გახდება, რაც მედიკამენტს ვითხოვთ. ეს ამ ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან დაავადება არის ფატალური. ჩვენი ერთადერთი და მკაფიო მოთხოვნა არის, დროულად მიეცეთ ბავშვებს წამალი, რათა მათი სიცოცხლე გახანგრძლივდეს.

ყოველ კვირას, 18:00 საათიდან დავაანონსებთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადების მქონე ბავშვების მხარდამჭერ მარშს.

ასევე, ყოველ ორშაბათს, 17:00 საათზე გაიმართება აქცია კანცელარიასთან. აქცია მანამდე გაგრძელდება, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ბავშვები არ მიიღებენ იმ მედიკამენტებს, რომლისთვისაც ასე ვიბრძვით. ბავშვები ყოველდღიურ რეჟიმში ელოდებიან, რომ მათი მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვლება",-განაცხადა თაკო გოგალაძემ.

მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საზოგადოებას ატყუებს.

"საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რას ვებრძვით ყოველდღიურად. მინისტრმა ჩვენგან გაიგო ამ დაავადების შესახებ. ჩვენ უკვე 10 წელია ამ მედიკამენტებს თვალს ვადევნებთ, როგორ აღიარეს. ეს არის ის პროპაგანდა, რომლითაც ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. მშობლები ვებრძვით ჩვენი შვილების ფატალურ დაავადებას, ამ დროს ჯანდაცვის მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ თურმე ჩვენ ჩვენი შვილებისთვის კარგი არ გვინდა და ამ წამალს შედეგი არ აქვს. დაავადება კლავს ბავშვებს. ეს არის რეალობა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მოკლე დროში შემოიტანონ ეს მედიკამენტები. ეს ადამიანი უკვე დამნაშავეა, ჩვენ მასთან ორი წელი ცივილურად ვსაუბრობდით, მაგრამ გვატყუებდა, ორი წელი მოგვპარა და დაგვაკარგვინა, რაც ამ ბავშვებთან მიმართებით სერიოზული დანაშაულია. ორი წელი ამ ბავშვებისთვის ნიშნავს, რომ -2 წელი აქვთ ცხოვრება“, - განაცხადა თაკო გოგალაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე