ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026

სანდრო თვალჭრელიძე - “მთავრობაში არ გვყავს პროფესიონალი”

დიპლომატიური მარათონი ერევანში - რას ჩამოიტანს კობახიძე

“სააკაშვილს სურს, ქორწილში პატარძალი იყოს, გასვენებაში - კუბო” - ლორთქიფანიძე

რისთვის გამოჰყავს ხალხი "ალიანსს" 26 მაისს

ჩაურთეთ “სტარლინკი” რუსეთს რათა... უკრაინამ გაიმარჯვოს

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “მთავრობაში არ გვყავს პროფესიონალი”

“კობახიძემ განაცხადა, რომ თურმე ნახევარი კილოგრამი საქონლისა და ღორის ხორცის ყიდვა 10 ლარად შეგვიძლია. უფრო ცოცხალი ტყუილი ბოლოს როდის მოვისმინე, არც მახსოვს. აი, ამგვარი მატყუარა მთავრობა გვყავს... ხელისუფლება ფასებთან ვერაფერს გახდება. კობახიძე ჯერ ყვიროდა, იმპორტიორების ბრალია ფასების გაზრდაო, მერე აღმოაჩინა, დისტრიბუტორების ბრალი ყოფილაო, ბოლოს კი გაირკვა, რომ არც ეს ყოფილა მიზეზი - თურმე კანონმდებლობაა ხარვეზიანი, ამასთანავე, ბანკების საკითხი დადგა დღის წესრიგში, ინფრასტრუქტურა აღმოჩნდა სრულიად შესაცვლელი და ა.შ. ახლა მოგიყვებით, რეალურად რა მოჰყვა ამ პოპულიზმს - მიადგნენ აფთიაქებს და მოსთხოვეს ფასების დაწევა, შედეგად გაქრა არაერთი წამალი. მაგალითად, ერთი მათგანი მეც დამჭირდა და იძულებული გავხდი თურქეთიდან გამომეწერა. აი, ეს არის მათი მუშაობის შედეგი. საქმე კი ის არის, რომ დილეტანტმა არ უნდა მოჰკიდოს ხელი იმას, რაც არ იცის. კობახიძეს ბაზრის არაფერი გაეგება. მას მხოლოდ ლაპარაკი უყვარს”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “გეტყვით სინამდვილეში რაც მოხდა: მიადგნენ აფთიაქებს და მოსთხოვეს ფასების დაწევა, მაგრამ ...”

“კობახიძეს ჰგონია, ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ ქართულ ცხოვრების წესს კაბინეტიდან გაცემული დირექტივებით ვერ შეცვლი. შესაცვლელია თვითონ მიდგომა, როცა მთავრობის წევრებად პროფესიონალების ნაცვლად ყურმოჭრილ მონებს ნიშნავენ. ვინ გვყავს ეკონომიკის მინისტრად? იცის საერთოდ რამე ტურიზმის გარდა? საერთოდ, ეკონომიკა იცის? ეს ქალბატონი მთელი ცხოვრება ტურიზმს ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად საერთოდ ტურისტული აგენტი იყო და დღეს ეკონომიკის მინისტრად გვყავს. ჰოდა, რაზეა ლაპარაკი? აი, ეს არის ჩვენი ცხოვრების უბედურება - მთავრობაში არ გვყავს არც ერთი პროფესიონალი. სწორედ ამ ყველაფრის მაგალითია მამუკა მდინარაძეც, რომელიც, არ ვიცი, კარგი ადვოკატია თუ ცუდი, მაგრამ ამ პროფესიისაა და ეს ადამიანი დანიშნეს სუს-ის უფროსად, რომელსაც უსაფრთხოების სფეროში ერთი დღეც არ უმუშავია. ახლა იქიდან მოხსნეს და სამართალდამცავთა კოორდინატორად გადაიყვანეს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მდინარაძე ჯერ ზოგადად რისი გამკეთებელია, მერე ამ საქმეში მხოლოდ თუ გააფუჭებს რამეს. თუმცა კობახიძისთვის ყველაფერი მარტივია და ამ "მარტივი" გადაწყვეტილებებით ისე ძალიან ართულებს საქმეს, რომ ამათ მერე ვინც მოვა, კარგა ხნის განმავლობაში მოუწევს ამ შეცდომების გამოსწორება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“სამწუხაროდ, დღეს საგარეო პოლიტიკაც, ფაქტობრივად, არა გვაქვს - ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება საგარეო პოლიტიკაში მოხდეს, არის ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა. ამის ნათელი მაგალითია ტრამპი - მისი ყველა ინიციატივა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ასევე დარბის ერთი პოლუსიდან მეორეზე. ამიტომ არ გამოვრიცხავ ამერიკასთან ურთიერთობა ცოტა გაუმჯობესდეს კიდეც, რადგან ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ტრამპს მოეწონებოდა, ყოველ ნაბიჯზე იტყუებიან. ტრამპიც ასეა: დღეში ორჯერ ამბობს ურთიერთგამომრიცხავ რამეს. აი, ასეთ რაღაცას ვაწყდებით ჩვენც. ვიღაცებს ჰგონიათ, პოლიტიკოსი გამონათქვამებით ფასდება. არა, ბატონო, პოლიტიკოსი საქმეებით ფასდება. საქართველო პატარა ნავივითაა, საითაც ტალღა წაიღებს, იქით მიდის. არავითარი გააზრებული პოლიტიკა ჩვენ არა გვაქვს. ერთადერთი, რითაც ამაყობენ, ისაა, რომ ომში არ ჩავერთეთ, თუმცა ამის ალბათობაც ძალიან დაბალი იყო“, - განაგრძობს ექსპერტი.

“არც პაპუაშვილმა, არც კობახიძემ და არც მათმა უფროსმა არ იციან, უნდათ თუ არა ევროკავშირი. მათ არა აქვთ მყარად ჩამოყალიბებული სტრატეგია, თუ საით და როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. მოიქცევიან ისე, კონკრეტულ ვითარებაში რაც დასჭირდებათ, უფრო საკუთარი თავის გადასარჩენად, ვიდრე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. 2030 წელს რა იქნება, არავინ იცის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება რუსეთი - გამარჯვებული თუ დამარცხებული, ძლიერი თუ სუსტი. მათთვის მთავარია თვითგადარჩენა და არა ის იმპერატივი, რომ ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი განვითარდეს. ეს არის ჩვენი პოლიტიკის პროვინციული თეზისი: პოლიტიკა პოლიტიკისთვის და არა ხალხისთვის. ამიტომაცაა ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები: ჯერ ვაგინებთ ამერიკას, გავიძახით deep state (ე.წ. გლობალური ომის პარტია) მართავსო, მერე კი ერთი-ორი თვეა ეს სიტყვა აღარ გვსმენია. სად წავიდა? გაფრინდა? ახლა აღარ ახსოვთ...”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “ოპოზიციურ ალიანსში მაინცდამაინც დალაგებული არ ჩანს საქმე...” - პასუხობს:

"ჩვენ კი ვეძახით მაგათ ოპოზიციას, მაგრამ ასე არ არის. ოპოზიციას ხალხი უნდა უჭერდეს მხარს. მინახავს ოპოზიციური გამოსვლები საფრანგეთში, როცა ერთ საათში 3-4 მილიონი კაცის აქტივირება მოხდა. ესენი კი უკვე რამდენი წელია ერთსა და იმავეს გაიძახიან, აბსოლუტურად იმავე სახეებს ვხედავთ. აი, მაგალითად, უნგრეთში პეტერ მადიარმა გაიმარჯვა. რატომ? იმიტომ, რომ სამი პირობა შესრულდა: პირველი - მოვიდა ახალი კაცი, ძლიერი ფიგურა. ჩვენთან ასეთი არ ჩანს; მეორე - მოვიდა ახალი იდეებით. ჩვენთან მხოლოდ იმას გაიძახიან, ივანიშვილი უნდა გავაგდოთო, მაგრამ მერე რას აკეთებენ, არავინ ამბობს; მესამე - გამოჩნდა ფიგურა, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა. ხედავთ ასეთ ადამიანს ქართულ ოპოზიციაში? მე ვერა; და მეოთხე - უნგრეთში არჩევანი იყო ორ კანდიდატს შორის, ან ორბანი, ან მადიარი, დანარჩენი არ არსებობდა. მხოლოდ ასეთ სიტუაციაში შეიძლება არჩევნების მოგება. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვის აძლევს ხმას პრემიერ-მინისტრად. მე, მაგალითად, ივანიშვილის ადგილზე არჩევნებს ახლავე ჩავატარებდი და კონსტიტუციურ უმრავლესობას მოვიპოვებდი, რადგან არჩევნებზე მხოლოდ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები წავლენ. ის, ვინც დღეს თავს ოპოზიციას ეძახის, ხელმოცარული, იდეებისგან დაცლილი და უუნარო ხალხია. მათმა ე.წ. ლიდერებმა ხალხს თავი მოაბეზრეს”.

დიპლომატიური მარათონი ერევანში - რას ჩამოიტანს კობახიძე

“მაისის დასაწყისში სომხეთის დედაქალაქი ერთდროულად სამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს, რაც რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას აფორმებს. ერევანში ევროპელი ლიდერების, მათ შორის ემანუელ მაკრონის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც ელიან. 4 მაისს ერევანში დაგეგმილია ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტი. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ამ ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლასაც ელოდებიან. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ყველა წევრს ელოდება. საქართველოს პრემიერ-მინიტრი სწორედ ამ სამიტზეა მიწვეული. 4-5 მაისს ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტიც ტარდება. ამ სამიტზე ვიხილავთ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასაც. 3-5 მაისს კი ერევანში ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც ვიხილავთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რას ჩამოიტანს კობახიძე ერევნიდან - დიპლომატიური მარათონი სომხეთის დედაქალაქში.

“სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში. 5 მაისს კი გაიმართება მისი პირისპირ შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, რის შემდეგაც იქნება ორმხრივი შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი და ემანუელ მაკრონი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ სამიტი საქართველოსთვის არაფრის მომცემი იქნება: “დღევანდელი ევრობიუროკრატია სანამ არსებობს, ვერაფერი ვერ შეიცვლება, რადგან მათ ჰყავთ პატრონი - “დიპ სტეიტი” და რასაც უბრძანებენ, ის უნდა გააკეთონ. ამიტომ საქართველოსთვის ეს არაფრის მომტანი არ იქნება, თუმცა პრემიერი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას. მისი ორმხრივი შეხვედრები ევროპელ ლიდერებსა თუ ევროკომისრებთან შესაძლებელია, მაგრამ მე არაფერს არ ველი”, - ამბობს გვენეტაძე. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ ამ სამიტს “ოცნება” პროპაგანდისთვის გამოიყენებს - იმის საჩვენებლად, რომ იზოლაციიდან გამოდის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოცნებას” ძალიან აწუხებს ის იზოლაცია, რაშიც არის. ეს არ არის სახუმარო და თვითონაც ხვდებიან. ამიტომ ამ ვიზიტს წარმოადგენენ ისე, რომ თავიანთ მომხრეებს მისცენ საკვები, რადგან საზოგადოებაში საკმაოდ აქტიურად განიხილება ეს თემა, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტოლოგებს და ექსპერტებს. მისივე მომხრეებისთვის აუცილებელია, რომ “ოცნებამ” შექმნას რაღაც ასეთი იმიჯი, რომ დღეს თუ არა ხვალ ეს იზოლაცია გაირღვევა. ამისთვის იქნება ეს გამოყენებული. რაღაც მნიშვნელოვან გარღვევებს არ ველოდები. თუმცა, რაღაც გარკვეული ინტერესი რომ გაჩნდა არა მარტო საქართველოს, არამედ შუა დერეფნის მიმართ, ეს ცხადზე უცხადესია. როგორც ჩანს, ამ მხრივ რაღაც ნაბიჯების გადადგმას იწყებს დასავლეთიც. თუმცა, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ეს იყოს პრევენციული სვლა - მოხდეს გადამოწმება, თუ რა ხდება საქართველოში და რას აპირებს ხელისუფლება. წინასწარ დაგეგმილი შეხვედრები არ იქნება, დერეფნებში შეიძლება მოხდეს გარკვეული შეხვედრები. უფრო შორს ამ ეტაპზე ვერ წავლენ, არც წავლენ ჩვენი პარტნიორები”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“სააკაშვილს სურს, ქორწილში პატარძალი იყოს, გასვენებაში - კუბო” - ლორთქიფანიძე

“საქმე ძალიან მარტივია - ასეთი გამონათქვამი არსებობს სააკაშვილზე - ის არის ადამიანი, რომელსაც სურს ქორწილში პატარძალი იყოს, ხოლო გასვენებაში - კუბო. მას არ შეუძლია იმ პროცესში ყოფნა, სადაც მთავარი არ არის. თუ არ იქნება პირველი, აუცილებლად აურევს სიტუაციას და სკანდალს ატეხს. ოპოზიციურმა ძალებმა კი გადაწყვიტეს პროცესის დაწყება “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, მაგრამ არ გამოდის, სადაც სააკაშვილია, იქ ყოველთვის იქნება “პოლიტიკური გამოხდომები”. წესით, ეს წინასწარ უნდა სცოდნოდათ ალიანსის წევრებს, რადგან ყველანი “ნაცმოძრაობაში” არიან დაფრთიანებული და კარგად იცნობენ სააკაშვილს. პოლიტიკური ლიდერების მოლოდინი, რომ სააკაშვილი სხვაგვარად მოიქცეოდა, მცდარი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ასეთი გამოხდომებით სააკაშვილი ხელისუფლებას ასარგებლებს და, ცხადია, აზარალებს ალიანსს, მაგრამ ეს მას არ აინტერესებს, რადგან ეგოცენტრიკული ადამიანია და მისთვის მთავარია, მის გარშემო ტრიალებდეს პოლიტიკური პროცესი, თუნდაც თავად ციხეში იყოს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ლევან ლორთქიფანიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “სააკაშვილს სურს, ქორწილში პატარძალი იყოს, გასვენებაში - კუბო”.

“ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ერთი გარემოება - ოპოზიციური ალიანსი თავისი შინაარსით გაუგებარი ერთობაა. ჩვენ არ ვიცით, ეს წინასაარჩევნო ბლოკია, კოალიცია თუ საკოორდინაციო საბჭო. ასევე არ ვიცით, საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ერთიანი ხმით ისაუბრებენ თუ არა. არ ვიცით, რა სტრუქტურაა, როგორ არის შრომა გადანაწილებული, რა გრძელვადიანი გეგმები აქვთ. ვიცით მხოლოდ ის, რომ 26 მაისს გამართავენ ერთობლივ მიტინგს და მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებსა და ევროპასთან ინტეგრაციას. შეიძლება ითქვას, ეს ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის პირველი ცდაა და მომავალში შესაძლოა ჩამოყალიბდეს ბლოკად, კოალიციად ან საკოორდინაციო მექანიზმად. ახლა ჯერ კიდევ არა აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურა. სადაც ბუნდოვანებაა, იქ ბუნებრივად ჩნდება კონფლიქტიც, გაუგებრობაც და დაპირისპირებაც. ამიტომ, თუ ალიანსს რეალური პოლიტიკური შედეგის მიღწევა სურს, უახლოეს პერიოდში აუცილებლად უნდა განსაზღვროს უფრო მკაფიოდ და გასაგებად თავისი სტრუქტურა, შინაარსი და მიზნები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ლორთქიფანიძე.

“ალიანსს მოსახლეობისთვის სათქმელი ახალი არაფერი აქვს. ფაქტია, მოსახლეობის მობილიზებისთვის არ არის საკმარისი ზოგადი საუბარი ევროპულ ინტეგრაციასა და დემოკრატიაზე. ევროპა და დემოკრატია უმრავლესობას სურს, შეიძლება “ქართული ოცნების” მხარდამჭერებიც კი ეთანხმებიან ამ თეზისებს, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, ამის გარდა რას სთავაზობენ ხალხს, რომელსაც ეუბნებიან, რომ ნახევარი კილოგრამი ხორცი 10 ლარი ღირს, მაშინ როცა რეალურად ერთი კილოგრამი კარგი ხორცი 35-37 ლარია? რას ეუბნებიან პენსიონერს, რომლის პენსიის დიდი ნაწილი წამლებში მიდის? სათქმელი არა აქვთ და ამიტომაც არ გადიან რეგიონებში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, ოპოზიცია არ მუშაობს ამ თემებზე და არც აქვს ჩამოყალიბებული, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური ყოფა ქვეყანაში. არანაირ ცვლილებებს არ გვთავაზობენ, იმიტომ, რომ პრაქტიკულად იგივე ხედვა აქვთ, რაც “ქართულ ოცნებას”. მხოლოდ ამბობენ, რომ კორუფცია არ იქნება და იგივე სისტემა უკეთ იმუშავებს. ეს სერიოზული მიდგომა არ არის”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“ჩვენ არა გვყავს დარგობრივი პოლიტიკოსები. მაგალითად, ევროპის ყველა სერიოზულ პარტიაში არიან ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ ჯანდაცვაზე, ეკონომიკასა და სხვა მიმართულებებზე, ჰყავთ ლიდერები, დადიან ხალხში და საკუთარ პროგრამებზე საუბრობენ... რომ შევაჯამოთ, ძალიან მიჭირს თქმა, მაგრამ ჩვენი ოპოზიცია არაკომპეტენტურია... მათ არ სურთ სისტემის შეცვლა. ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი შეძლებული ხალხია და მათი ყოველდღიური ცხოვრება მკვეთრად განსხვავდება რიგითი მოქალაქის ყოფისგან: მათი შვილები არ სწავლობენ იმ სკოლებში, სადაც ჩვენი შვილები; ისინი არ მკურნალობენ იმ ტიპის კლინიკებში, სადაც ჩვენ გვიწევს სამედიცინო მომსახურების მიღება; სარგებლობენ განსხვავებული სადაზღვევო პირობებით და დასასვენებლადაც ისეთ ადგილებში დადიან, როგორსაც სტატისტიკური ქართველი ოცნებაშიც ვერ წარმოიდგენს. ისინი სხვა სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან და ხშირად უფრო მეტი საერთო აქვთ მმართველი გუნდის წევრებთან, ვიდრე რიგით მოქალაქეებთან. როდესაც მოქალაქესა და პოლიტიკოსს შორის ასეთი სოციალური დაშორებაა, რთულდება ხალხის ყოველდღიური პრობლემების რეალური აღქმა და მათთან ბუნებრივი კავშირის დამყარება. არ ვამბობ, რომ პოლიტიკოსი აუცილებლად გაჭირვებულად უნდა ცხოვრობდეს, და თავზე ნაცარს იყრიდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია არსებობდეს ცხოვრებისეული გამოცდილების თანხვედრა იმ საზოგადოებასთან, რომელსაც ის წარმოადგენს”, - დასძენს ლევან ლორთქიფანიძე.

რისთვის გამოჰყავს ხალხი "ალიანსს" 26 მაისს

“ოპოზიციური ალიანსის” მიერ დაანონსებული აქციის თარიღი ახლოვდება, თუმცა, მხარდამჭერების ნაწილმა მაინც ბოლომდე არ იცის მიზეზი, რისთვის გამოჰყავს ხალხი 26 მაისს ოპოზიციას. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ მიზანის დაკონკრეტება აუცილებელია, რადგან “ადამიანები ცხვრები არ არიან”. ნაწილის აზრით კი, შესაძლოა ალიანსი მიზანმიმართულად არ ახმაურებს კონკრეტულ გეგმას. ოპოზიციურმა ალიანსმა 31 მარტს “ეროვნული მობილიზაცია” დაანონსა. 10 მაისიდან ისინი რეგიონებში გასვლას და მხარდამჭერების მობილიზაციას იწყებან. 26 მაისს კი თბილისში მასშტაბური აქცია აქვთ დაგეგმილი. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება აღმოჩნდეს მორიგი “აქცია აქციისათვის” და ალიანსს მოუწოდებს, აუხსნან ხალხს, თუ რატომ უნდა გამოვიდნენ 26 მაისს ქუჩაში. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორ არჩილ გამზარდიას აზრით, შეიძლება ისედაც გასაგებია რა იქნება აქციაზე და აუცილებელი არაა ოპონენტმა სტრატეგია და გეგმა გაიგოს, თუმცა, მეორეს მხრივ, ადამიანის უფლებაა გაიგოს სად მიდის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რისთვის გამოჰყავს ხალხი ოპოზიციურ ალიანსს 26 მაისს / ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი აქციის მიზეზისა და მიზნების დაკონკრეტებას ითხოვს.

“ჩემი აზრით, ეს ერთის მხრივ რაღაც დეკლარაციულია - თუ მასობრივი აქცია იქნება, ეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობას აჩვენებს. მართალი გითხრათ, ისედაც იდეურად ვერ ვიგებ ხოლმე სტრატეგია და გეგმა რატომ უნდა გაჟღერდეს - როცა რაღაც ტიპის ბრძოლაზეა ლაპარაკი, იმისი გეგმის გაჟღერების აუცილებლობას ვერ ვიგებ, როცა ოპონენტ მხარესაც აგებინებ რის გაკეთებას აპირებ და როგორ. სავარაუდოდ უნდა დადგეს პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების გათავისუფლების საკითხი და პლუს შეიძლება ფორმალურად პოლიტიკური მოთხოვნაც იყოს... არ ვიცი გამოსვლის მიზეზს ვინც ითხოვს რა კატეგორიიაა, რადგან ასეთ ჯგუფებში, ბუნებრივია, არიან ადამიანები, რომლებიც ამ ჯგუფების პათოსს კი არ იზიარებენ, მათ მოწინააღმდეგედ მუშაობენ-ხოლმე. შეიძლება იყვნენ ხელისუფლების მხარდამჭერებიც და ამით პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ. მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებაა, როდესაც სადღაც ეძახიან, მისთვის უფრო კარგად გააზრებული იყოს რატომ უნდა გავიდეს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

“ვფიქრობ, ეს მაინც ხელოვნური და არასწორი შეკითხვაა, რადგან აქ რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი არ უნდა იყოს და თავისთავად ლოგიკურია რა შეიძლება იყოს ამ აქციაზე - ან გამოსვლა როგორი იქნება, ან რა შინაარსის ტექსტები შეიძლება გაჟღერდეს. ნაწილობრივ უნდა დაკონკრეტდეს, რადგან თანამედროვე ურთიერთობები მეტ ღიაობას მოითხოვს. შეიძლება რამდენადმე ეს გაკეთდეს. როდესაც მთავაზობ, რომ სადღაც მოვიდე, უნდა ვიცოდე რა გინდა ჩემგან და მე რას მივიღებ შენგან. მეორე მხრივ მეტი გამჭვირვალობა ყოველთვის უფრო სასურველია”, - დაასკვნის გამზარდია. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის თქმით, გამოსვლის მთავარი მიზანი სავარაუდოდ ისაა, რომ ოპოზიციამ თავი შეახსენოს როგორც ქვეყნის მოსახლეობას, ისე უცხოელ პარტნიორებს.

“მემგონი ძირითადი საბაბი ისაა და თვითონ გამოსვლის თარიღიც ამას მიუთითებს, რომ უმეტესად უცხოელებისთვის ცხადი გახადონ, რომ საქართველოში ხელისუფლების გარდა ოპოზიციაც არსებობს. თავიანთი არსებობა აგრძნობინონ როგორც საქართველოს მოსახლეობას, ისე მათ, ვინც გარედან საქართველოს უყურებს. თუმცა, როდესაც თავს უყრიან ხალხს, უმეტესწილად მათ რაღაცას სთავაზობენ. ადამიანები ცხვრები არ არიან, დაძახილზე და ხელის წაკვრაზე არ მოქმედებენ, მათ სურვილი აქვთ თავიანთი ნაბიჯების აზრი და მიზანი გაიგონ და რა თქმა უნდა, ეს გაცხადებული უნდა იყოს. მაგრამ ასეთი განაცხადი მათ დიდი ხნით ადრე უნდა გაეკეთებინათ. 12 წელი გადის ისე, რომ ხალხმა ვერ გაიგო ოპოზიციას რა უნდა და რა გეგმით მოქმედებს. შესაძლოა ამ გაურკვევლობამ აქციაზე ნაკლები ხალხი მიიყვანოს. გაჩნდება დიდი ჯგუფი და ისედაც არსებობს, რომელიც ხელისუფლებას მხარს არ უჭერს, მაგრამ არც უაზრო ოპოზიციას უჭერს მხარს და უაზრობაა როცა ოპოზიცია ვერ ამბობს რისთვის ეძახის ხალხს. ამ უაზრობის გამო უბრალოდ სახლში დარჩებიან”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ჩაურთეთ “სტარლინკი” რუსეთს რათა ... უკრაინამ გაიმარჯვოს

“რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბლოკილია ილონ მასკის “სტარლინკის”, გლობალური თანამგზავრული სისტემით სწრაფი ინტერნეტის მიწოდების სერვისი და მისი ბლოკირების მოხსნის შემთხვევაში უკრაინას გაუჩნდება კარგი შანსი, რომ აგრესორ რუსეთს ძალზე მტკივნეული უზუსტესი საჰაერო და საზღვაო დარტყმები მიაყენოს მისივე ტერიტორიაზე. რას წარმოიდგენდნენ კრემლში 2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი სამხედრო აგრესიას იწყებდა, რომ ამ ომის მეოთხე წლისთავზე მოუწევდათ იმის ყურება, თუ როგორ ფეთქდება რუსული ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები და ნავთობტერმინალები უკრაინის საზღვრიდან 1 700 კმ-ით დაშორებულ ურალთან. ურალის ქედის დასავლეთით მდებარე ქალაქ პერმის მოსახლეობა რამდენიმე დღე “ტკბებოდა” იმ უზარმაზარი შავი კვამლით, რომელიც ნავთობტერმინალში ოთხი დიდი რეზერვუარის ხანძრის შედეგად ამოდიოდა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით ილონ მასკი: “ჩაურთე “სტარლინკი” რუსეთს... რომ უკრაინამ გაიმარჯვოს”.

“არადა, ამ სიშორეზე, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ნავთობტერმინალი უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა მას შემდეგ “ააგიზგიზეს”, რაც უკრაინის მიწიდან აფრენიდან არანაკლებ ათი საათი უპრობლემოდ იფრინეს რუსულ ცაში პერმამდე მისაღწევად. ადრე უკრაინული კამიკაძე-დრონების თითო-ოროლა წარმატებულ შეტევებს რუსეთის სიღრმეში უფრო პროპაგანდისტული ელფერი დაჰკრავდა, რითაც კიევი ცდილობდა მსოფლიოსთვის და, უპირველესად ამერიკული მხარისთვის დაენახვებინა, შეხედეთ, რა სიღრმეში და როგორ ვურტყამთ აგრესორ ქვეყანასო, მაგრამ ბოლო კვირებში ნათლად იკვეთება უკრაინული შორსმფრენი კამიკაძე-დრონების შეტევის გახშირება, უფრო ღრმად შეფრენა და რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტების უფრო მეტი სიზუსტით დაზიანება. ეს გამოწვეულია, ერთი მხრივ, უკრაინული დრონების ტექნიკური გაუმჯობესებით, მეორე მხრივ, მათი სერიული წარმოების გაზრდით - საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ არის ღამეები, როდესაც უკრაინა რუსეთისკენ უფრო მეტ კამიკაძე-დრონს “გზავნის”, ვიდრე თავად რუსეთი უტევს უკრაინას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს კი “დრონების ომში” მიუთითებს ერთგვარი პარიტეტის დამყარებაზე, რომელსაც თანდათანობით ექნება მნიშვნელოვანი შედეგი კიევისთვის - კამიკაძე-დრონების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და ასეთი დრონების წარმოების კიდევ უფრო გაზრდით უკრაინულ მხარეს გაუჩნდება კარგი შესაძლებლობა, რომ უზარმაზარი რუსეთი მუდმივ “კოშმარში” ამყოფოს. ამ ყველაფერს ძალზე წაადგებოდა, თუკი ილონ მასკი მოხსნიდა “სტარლინკის” ბლოკს რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან სწორედ “სტარლინკის” კომპაქტური თანამგზავრული ანტენებით აღჭურვილ უკრაინულ კამიკაძე-დრონებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 2 ათას კმ-ზე შეღწევაც შეეძლებათ და ერთი-ორი მეტრის სიზუსტით მიზნის დაზიანებაც, ისე, რომ რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებიც ვერ ჩაახშობენ “სტარლინკის” ორმხრივ კავშირს დედამიწის ახლო ორბიტაზე გაყვანილ ილონ მასკის რამდენიმე ათას თანამგზავრთან”, - განაგრძობს გამოცემა.

“უკრაინელ სამხედროებს “წამოსცდათ”, რომ მასკის “სტარლინკის” ანტენა მათ ექსპერიმენტის მიზნით კამიკაძე-დრონს თურმე ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში დაუყენეს ანუ ომის დაწყებიდან სამ თვეში და მას შემდეგ უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებდნენ. თუმცა “სტარლინკი” რუსმა ოკუპანტებმაც მალევე “დაამუღამეს” და თავადაც აქტიურად დაიწყეს მისი თანამგზავრული ანტენების (რომლებიც ევროპიდან, ამერიკიდან და აზიიდან, იქ რეგისტრაციისა და ჩართვის შემდეგ, კონტრაბანდული გზით ჩაჰქონდათ რუსეთში) საბრძოლო გამოყენება უშუალოდ ფრონტის ხაზზე. სწორედ “სტარლინკის” “ბრალიცაა”, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონბასში უკრაინულ ქალაქებზე მიიტანეს იერიშები, როდესაც ამ ქალაქებში მცირერიცხოვანი რუსული მოიერიშე ჯგუფები იპარებოდნენ, რომელთა მოქმედების კოორდინირებას სწორედ “სტარლინკის” ინტერნეტის საშუალებით ახდენდნენ. უფრო მეტიც, რუსმა ოკუპანტებმა “სტარლინკის” თანამგზავრული ანტენების დაყენება დაიწყეს იმ “შაჰიდებისა” და “გერან-2” ტიპის კამიკაძე-დრონებზეც, რომლებიც ყოველღამ უტევენ უკრაინულ ქალაქებს”, - დასძენს გამოცემა

“მხოლოდ სამიოდე თვის წინ მოხერხდა “სტარლინკის” “გათეთრება” უკრაინელებისთვის, ანუ ილონ მასკმა ჯერ გამოართვევინა უკრაინაში მოქმედი “სტარლინკის” ყველა თანამგზავრული ანტენა და შემდეგ მხოლოდ ის “სტარლინკები” ჩაირთო, რომლებსაც უკრაინელები არეგისტრირებდნენ, რითაც რუს ოკუპანტებს გამორთული ანტენები შერჩათ ხელში. უკრაინა მალე დაიწყებს ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტების წარმოებას, რომლებიც საბრძოლო შესაძლებლობებით შეიძლება ჯერ ჩამოუვარდებიან მოდერნიზებულ რუსულ “ისკანდერებს”, მაგრამ როდესაც ათი-ოცი უკრაინული ბალისტიკური რაკეტა მოსკოვისკენ ერთდროულად აიღებს სტარტს, შეძლებს კი მათ მოგერიებას რუსული საჰაერო თავდაცვა, მით უმეტეს, რომ მოსაგერიებელი ექნება იმავდროულად მოსკოვისკენ მფრენი ასამდე კამიკაძე-დრონიც?” - წერს სტატიის ავტორი.

“თუ რა შეუძლიათ კამიკაძე-დრონებს, ეს უკვე ორი კვირაა კარგად ჩანს ტუაფსეს მაგალითზე - ნავთობგადამმუშავებელ ქარხანასა და ნავთობტერმინალზე უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ერთმანეთის მიყოლებით სამი საჰაერო შეტევა მიიტანეს და დღეს ტუაფსეს ცაში “ნავთობის წვიმა” მოდის, ხოლო მის ქუჩებში ცეცხლწაკიდებული ნავთობი მიედინება. “სტარლინკების” თანამგზავრული ანტენებით აღჭურვილ უკრაინულ საჰაერო და საზღვაო კამიკაძე-დრონებს კიდევ ბევრი უზუსტესი დარტყმის მიყენება შეუძლიათ მტრისთვის, თუმცა ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, ილონ მასკმა უკრაინელებს იმის ტექნიკური შესაძლებლობა მისცეს, რომ მისი “სტარლინკებით” აღჭურვილი უკრაინული კამიკაძე-დრონები პრეზიდენტ პუტინს სარკმელში “შეუძვრნენ”... - დასძენს სტატიის ავტორი.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ