მუდმივი გლობალური გაურკვევლობის პირობებში „აზიის განვითარების ბანკის“ 59-ე წლიური შეხვედრა წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას დიალოგისთვის, ახალი კავშირების დამყარებისა და პარტნიორობის გაძლიერებისთვის , - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სამარყანდში, „აზიის განვითარების ბანკის“ წლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი სამარყანდიდან იუწყება, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გლობალურად არსებულ გაურკვევლობასა და ეკონომიკის მდგრადობისთვის შექმნილ რისკებზე.
ამასთანავე, მანვე აღნიშნა, რომ გამოწვევების საპასუხოდ წევრი სახელმწიფოების მხრიდან საჭიროა, კოორდინირებული საპასუხო ზომების გატარება.
„მიუხედავად იმისა, რომ ვსარგებლობთ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების უპრეცედენტო პროგრესით, გლობალური გეოპოლიტიკა ეკონომიკურ გაურკვევლობას, ტექნოლოგიურ რღვევებსა და სოციალურ უთანასწორობას კვლავ იწვევს. ეს გამოწვევები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ერთმანეთის გავლენას აძლიერებს, რაც კოორდინირებული საპასუხო ზომების გატარებას მოითხოვს.
საქართველომ მიაღწია პროგრესს თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში - დასრულდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ძირითადი ინფრასტრუქტურა, გაძლიერდა შუა დერეფნის დაკავშირებადობა, ამასთანავე, ქვეყანას აქვს მკაფიო და ძლიერი დღის წესრიგი გზების, რკინიგზის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირის შემდგომი განვითარებისთვის, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.
შექმნილ რთულ გარემოში ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტები უცვლელი რჩება: მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ნეგატიური გავლენების შერბილება, დროებითი პოზიტიური ფაქტორების შესაძლო უკუსვლისთვის მზადყოფნა, სტრუქტურული რეფორმების, მსხვილი საინვესტიციო პროექტებისა და გეოპოლიტიკური ცვლილებების მიმართ გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა.
შედეგად, საქართველოს ეკონომიკა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 9.3%-ზე მეტით იზრდება, პარალელურად ფისკალური მაჩვენებლები შენარჩუნებულია დაბალ, უსაფრთხო ნიშნულზე (1.4%-იანი დეფიციტი, 34.4%-იანი ვალი), ხოლო კაპიტალური ხარჯები მაღალ დონზე რჩება - მშპ-ის დაახლოებით 7–8%-ის ფარგლებში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას ლაშა ხუციშვილმა დასძინა, რომ საქართველო დივერსიფიცირებული პორტფელის ფარგლებში „აზიის განვითარების ბანკთან“ წარმატებით თანამშრომლობს. მისი თქმით, პორტფელის მოცულობა დაახლოებით 6 მლრდ დოლარს შეადგენს და მოიცავს როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორებს.
„ჩვენი 20-წლიანი პარტნიორობის მოახლოების ფონზე, შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით ველით თანამშრომლობის გაღრმავებას: დაკავშირებადობის გაძლიერება სარკინიგზო და საგზაო პროექტების საშუალებით; განახლებადი ენერგიის მიმართულების განვითარება; ელექტროენერგიის შემნახველი სისტემების დანერგვა ენერგოდამოკიდებულებისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; გადამცემი ხაზების გაუმჯობესება, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების მომავალი პროექტით; ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება; წყალმომარაგებისა და მუნიციპალური სერვისების განახლება და კორპორაციული მმართველობის რეფორმა.
ვაცნობიერებთ, რომ შიდა ძალისხმევა საერთაშორისო პარტნიორობით უნდა გამყარდეს. ეს მოიცავს მთავრობებს, მულტიფუნქციურ ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის გაღრმავებას“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა 59-ე წლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
დღეს, 4 მაისს, ADB-ის მმართველთა საბჭოს გახსნითი სესია გაიმართა. ამჟამად მმართველთა საბჭოზე წევრი სახელმწიფოების ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს უსმენენ. დღესვე „აზიის განვითარების ბანკის“ წევრი სახელმწიფოები ფინანსურ მაჩვენებლებზე შეთანხმდებიან და წლიურ გეგმას დაამტკიცებენ.
შეგახსენებთ, „აზიის განვითარების ბანკის“ ყოველწლიური შეხვედრები 3-6 მაისს უზბეკეთში, სამარყანდში მიმდინარეობს. წლევანდელი შეხვედრების მთავარი თემაა: „პროგრესის გზაჯვარედინი: წინსვლა რეგიონის დაკავშირებული მომავლისთვის“.
ადგილზე იმყოფება „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი და სამიტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს შემოგთავაზებთ.