ირაკლი კობახიძე - 1000 საშტატო ერთეულის შემცირებით, გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა და საქართველოს რკინიგზა წლიურად 24 მლნ ლარს ზოგავს - ასევე, საქართველოს რკინიგზაში, 10 წლის განმავლობაში, ჩაიდება მასშტაბური ინვესტიციები

30 %-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის წლიური წმინდა მოგება, ანუ უკვე არსებული მაჩვენებლები რომ ავიღოთ ვნახავთ, რომ მინიმუმ 40 მლნ ლარით მეტი ექნება რკინიგზას შემოსავალი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1-წლიან ჭრილში, რაც ბუნებრივია, არის მნიშვნელოვანი შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, ჩამოყალიბდა რკინიგზის განვითარების ერთიანი ხედვა - 10-წლიანი გეგმა, სადაც ასახულია რკინიგზის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ამ ბოლო წლების განმავლობაში, ჩამოყალიბდა რკინიგზის განვითარების ერთიანი ხედვა, 10-წლიანი გეგმა, სადაც ასახულია რკინიგზის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის, აქ საუბარია სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებაზე, 50 ახალი ლოკომოტივი და 1 500 ახალი ვაგონი იქნება შეძენილი საქართველოს რკინიგზის მიერ, ასევე, 10 ახალი სამგზავრო მატარებელი, რაც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდას, გაზრდის კომფორტს და შეამცირებს გადაადგილების დროს ჩვენი მგზავრებისა და სტუმრებისთვის.

განხორციელდება რკინიგზის სადგურებისა და სარკინიგზო მონაკვეთების სრული მოდერნიზაცია, დაინერგება თანამედროვე ავტომატიზებული მართვის სისტემები, დაემატება რკინიგზას ახალი მიმართულებები, აშენდება ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი 18-კილომეტრიანი რკინიგზის ახალი ხაზი. ჩვენ, ასევე, დავაანონსეთ ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის, ე.წ. „კუკუშკის“ განახლება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და ტურისტული კუთხითაც.

მთლიანობაში, საქართველოს რკინიგზაში, შემდეგი 10 წლის განმავლობაში, ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი, რაც სხვადასხვა წყაროდან იქნება მობილიზებული. ის შედეგები, რაც უკვე გვაქვს საქართველოს რკინიგზაში მეტყველებს იმაზე, რომ სწორი მიდგომის პირობებში შესაძლებელია, ძალიან სწრაფად მივაღწიოთ ფუნდამენტურ შედეგებს. კერძოდ, თუ სწორად ვებრძვით კორუფციას, ნეპოტიზმს და თუ სწორ ნაბიჯებს ვდგამთ მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით, შედეგი შეიძლება დადგეს ძალიან სწრაფად. ამის საუკეთესო მაგალითია საქართველოს რკინიგზა,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რაც გასულ წელს განხორციელდა.

„ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს უკვე მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები საქართველოს რკინიგზის გაჯანსაღების მიმართულებით.

მინდა, აღვნიშნო რამდენიმე ძირითადი შედეგი, რაც გვაქვს ამ ერთი წლის მანძილზე. განხორციელდა ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში, შევეხები კადრების ოპტიმიზაციას. საქართველოს რკინიგზაში შემცირდა 1 000 საშტატო ერთეული, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მაჩვენებელია, თუმცა ძალიან კარგად ჩანს, თუ რა ტიპის ინსტიტუციური პრობლემები იყო საქართველოს რკინიგზაში. 1 000 საშტატო ერთეულის შემცირების ფონზე გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა. ამ ყველაფრის შედეგად, ოპტიმიზაციის შედეგად საქართველოს რკინიგზა წლიურ ჭრილში ზოგავს 24 მლნ ლარს. ეს არის ის თანხა, რაც ჩაბრუნდება ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებაში და შესაბამისად, მოემსახურება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ასევე იყო არასწორი პრაქტიკა, არსებობდა შუამავალი კომპანიები. 10-ზე მეტ შუამავალ კომპანიაში გატანილი ბიზნეს პროცესები დაბრუნდა საქართველოს რკინიგზაში და ამ ყველაფრის შედეგად, დაზოგილმა თანხებმა და დამატებითმა შემოსავალმა ჯამურად შეადგინა 18.5 მლნ ლარი. რომ ავიღოთ საკადრო ოპტიმიზაცია და პლუს აქ მიღებული დამატებითი შემოსავალი და დანაზოგი, ჯამში ეს ყველაფერი სცდება 40 მლნ ლარს. ასევე, გვქონდა ერთჯერადი ძალიან მნიშვნელოვანი დანაზოგი, შესყიდვების ოპტიმიზაციის ხარჯზე და საკონტრაქტო ღირებულების შემცირების ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა საქართველოს რკინიგზაში 190.4 მლნ ლარი. ბუნებრივია, ეს დანაზოგიც მოხმარდება საქართველოს რკინიგზის შემდგომ განვითარებას და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

ოპტიმიზაციის ფონზე, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა საქართველოს რკინიგზაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ