სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ვიზალიბერალიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც სომეხი ხალხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში, ევროკავშირი-სომხეთის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ფარგლებში არსებული ოთხი პრიორიტეტული სფერო დაასახელა.
„პირველი მიმართულება დაკავშირებადობაა. ჩვენ ახლახან მოვაწერეთ ხელი დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს, რაც ჩვენს თანამშრომლობას ახალ დონეზე აიყვანს. ამ მიმართულების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ტრანსპორტია. ძალიან ცოტა ქვეყანას თუ აქვს ისეთი უნიკალური მდებარეობა, როგორიც სომხეთს. თქვენს ინიციატივას, „მშვიდობის გზაჯვარედინს“, პოტენციალი აქვს იმისა, რომ დააკავშიროს ევროპა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან და სომხეთი საკვანძო სატრანსპორტო ცენტრად აქციოს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ასევე, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვან პრიორიტეტებს შორის უსაფრთხოების სფერო დაასახელა.
„ჩვენ ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში მხარს ვუჭერთ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს, თუმცა ასევე, სომხეთი უნდა დაუპირისპირდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს, ჩარევასა და ინფორმაციული სფეროში მანიპულაციებს. ერთი რამ ნათელია: ამ ქვეყანაში ძალაუფლების ერთადერთ ლეგიტიმურ წყაროს სომეხი ხალხის ნება წარმოადგენს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, მესამე მნიშვნელოვანი მიმართულება ვიზალიბერალიზაციის საკითხია.
„ვიზალიბერალიზაცია სომეხი ხალხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. გასული წლის ნოემბრის შემდეგ წინსვლა შეინიშნება და მნიშვნელოვანი სამუშაო შესრულდა. დღეს დავამტკიცეთ სამუშაო შეთანხმებები FRONTEX-სა და სომხეთს შორის, რაც განამტკიცებს თანამშრომლობას საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, მეოთხე პრიორიტეტი ეკონომიკური მხარდაჭერა და სოციალური მდგრადობაა.
„ჩვენ სომხურ ბიზნესს ახალ ბაზრებზე გასვლაში ვეხმარებით, ინვესტიციებს ვახორციელებთ დასაქმების სფეროში, რასაც უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.