ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XV ეროვნული კონგრესი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია (საკია) ორგანიზებით, 2-5 მაისს ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XV ეროვნული კონგრესი ჩატარდა.

საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა მოიცავდა პლენარულ სესიებს, სიმპოზიუმებს, ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმებს, სემინარებს და ტრენინგ სკოლას.

საერთაშორისო სპეციალისტებმა განიხილეს ალერგოლოგიასა და იმუნოლოგიაში ფუნდამენტური კვლევის უახლესი მიღწევები, იმუნოპათოლოგიური დაავადებების კლინიკურ მართვაში თანამედროვე მიდგომები, სამეცნიერო პრაქტიკაში არსებული გამოწვევები. კონგრესს ესწრებოდნენ ექიმები, სტუდენტები, დარგის სპეციალისტები, ახალგაზრდა მკვლევრები.

3 მაისს საიუბილეო პლენარული სესია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა. კონგრესი გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. მან მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის სფეროში მიმდინარე კვლევების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები არსებით გავლენას ახდენს თანამედროვე მედიცინის განვითარებასა და კლინიკური პრაქტიკის ტრანსფორმაციაზე.

„აღნიშნული დარგი დინამიკურად ვითარდება და აერთიანებს, როგორც ფუნდამენტურ, ისე კლინიკურ კვლევებს, რაც უზრუნველყოფს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების მუდმივ დახვეწას და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას.

ჩვენს უნივერსიტეტს მასპინძლობენ დარგის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები და პიონერები, რომელთა სამეცნიერო და პროფესიული საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ სამედიცინო პროგრესში. მსგავსი მასშტაბის პროფესიონალების ჩართულობა არა მხოლოდ ზრდის ღონისძიების აკადემიურ ღირებულებას, არამედ ძლიერ სტიმულს აძლევს ახალგაზრდა სპეციალისტების განვითარებას“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა თსსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციის ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს: ალენ კაპლანს (მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი) და მორაის-ალმეიდას (მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციის პრეზიდენტი)

„ეს ღონისძიება იმ მასშტაბური შრომის აღიარებაა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს სხვადასხვა დაავადებების მიმართულებით, ყველა ასაკობრივ ჯგუფში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საქმიანობა სწორედ ამ უნივერსიტეტში ხორციელდება. ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდის წევრობა. აღნიშნული აღიარება არ არის მხოლოდ ჩემი პირადი - ის ეკუთვნის ჩემს მენტორებს, კოლეგებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად მუშაობს, ასევე პაციენტებს. ნამდვილად დიდი პატივია, გავხდე ამ ოჯახის წევრი“, - განაცხადა ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, თსსუ-ის საპატიო დოქტორმა მარიო მორაის ალმეიდამ.

ამის შემდეგ გაიმართა საიუბილეო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა World Allergy Organization-ის 75 წლის იუბილეს.

საიუბილეო პლენარული სესიის შემდეგ ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XV ეროვნული კონგრესმა თსსუ-დან „რედისონ ბლუ ივერიაში“ გადაინაცვლა, სადაც ღონისძიება მოხსენებების და სესიების ფორმატში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონგრესზე მოხსენებით წარდგნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები.

თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ მსგავსი საერთაშორისო პლატფორმა განსაკუთრებულ სივრცეს ქმნის ახალგაზრდა ქართველი ექიმებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის.

„ეს საერთაშორისო ღონისძიება უნიკალური შესაძლებლობაა ახალგაზრდა ქართველი ექიმებისთვის, პირისპირ დაუკავშირდნენ უცხოელ მეცნიერებს და მიიღონ გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ პირდაპირი კონტაქტი როგორც ქართველ, ისე უცხოელ სპეციალისტებთან, რადგან მედიცინას არ აქვს საზღვრები“, - განაცხადა პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა.

კონგრესის მნიშვნელობაზე ისაუბრა ნობელის პრემიის ლაურეატმა აარონ ჩეხანოვერმა: „ასეთი კონფერენციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს იდეების გაცვლისა და მონაწილეებს შორის უშუალო კომუნიკაციის გაძლიერების თვალსაზრისით. ეს ხელს უწყობს უფრო აქტიური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. მიმაჩნია, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა და ადამიანებს შორის პირადი კონტაქტების დამყარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეცნიერების განვითარებისათვის“.

5 მაისს კონგრესის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო ტრენინგ-სკოლა ალერგოლოგიასა და იმუნოლოგიაში. სტუდენტები, რეზიდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები თსსუ-ის იოველ ქუთთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში შეიკრიბნენ, სადაც გაიმართა ვორქშოფი თემებზე: „მაღალი სიხშირის ქლორიდის ანალიზები და მას-სპექტრომეტრია“, „ლაბორატორიული ცხოველების გამოყენება პრეკლინიკურ კვლევაში“.

თბილისში მიმდინარე კონგრესის თარიღი ყოველწლიურად ემთხვევა მსოფლიო საერთაშორისო იმუნოლოგიის დღეებს, ასევე მსოფლიო ასთმის კვირეულს. შესაბამისად, ყოველ წელს თსსუ-ის მუდმივი პარტნიორობითა და ხელშეწყობით თბილისი მასპინძლობს საერთაშორისოდ აღიარებულ მეცნიერებს სხვადასხვა ქვეყნიდან: აშშ, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, იტალია და ა.შ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ