მეუფე ზენონი აცხადებს, რომ სინოდის სხდომის ხელახლა მოწვევის თაობაზე მღვდელმთავრებს მიმართავს

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსის, ზენონ იარაჯულის განცხადებით, პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე "ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება", რადგან არსებობს კითხვები.

შესაბამისი განცხადება მეუფე ზენონმა "ტვ პირველთან" გააკეთა.

მეუფე ზენონის თქმით, აპირებს, მღვდელმთავრებს მიმართოს, სინოდის სხდომის მოწვევის თაობაზე.

"ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება, არავითარ არჩევნებზე, ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან კითხვები, არსებობს საკითხები... მეუფე შიომ და მეუფეებმა თავისი თავები კანდიდატებად რომ დაასახელეს, რა უნდა მეთქვა მეუფე შიოსთვის, ვიდრე კანდიდატად თავს არ დაასახელებდა. დაასახელეს თავი კანდიდატებად თვითონ მიჰყავდათ სხდომა, დაგვღალეს დაგვქანცეს, სამი საათი უაზრო რაღაცაზე ვლაპარაკობდით. საკითხებზე სერიოზულად რომ დაიწყო საუბარი, ამას შინაგანი შემართებაც ხომ უნდა.

ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ სინოდის სხდომა, განა არ შეგვიძლია, შეგვიძლია, მოვიწვიოთ... მე, რა თქმა უნდა, მივმართავ ამათ, მღვდელმთავრებს - სხვებიც ალბათ. ჩვენ თუ ერთმანეთში არ გავერკვიეთ... იქნებ ცილს ვწამებთ ამ ადამიანს" , - აღნიშნა მეუფე ზენონმა და წამყვანის რეპლიკაზე, "გეყოლებათ მხარდამჭერები?", მეუფე ზენონმა თქვა: "რა თქმა უნდა".

ასევე, გადაცემაში მეუფე ზენონმა თქვა, რომ ასახელებენ ბიზნესმენს, რომელმაც მღვდელმთავრებს მეუფე შიოსთვის ხმის მიცემა სთხოვა.

"თუ ბოლომდე მივყვებით, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასახელებენ ადამიანს, ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელიც რამდენიმე მღვდელმთავართან მივიდა და სთხოვს მეუფე შიოსთვის ხმას. მე არ ვიტყვი.. დაე, მათ თქვან, ვისთანაც მივიდა. მე გეუბნებით ფაქტს, ერთ-ერთ შემადგენელს, ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა", - განაცხადა მეუფე ზენონმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ეს ლევან ვასაძე, მეუფე ზენონი პასუხობს, რომ "არა, ლევან ვასაძე არა".

ასევე, კითხვაზე, "ბატონ ვანო ჩხარტიშვილზე საუბრობთ თქვენ?", მეუფე ზენონმა აღნიშნა, რომ "ვისზეც არის საუბარი გამოჩნდება, მაგრამ მე დაბეჯითებით ვამბობ წყაროზე დაყრდნობით, ვიცით, ჩვენ მღვდელმთავრებმა, რომ ასეთი რაღაცები მოხდა, მარტო მე არ ვიცი".

ამასთან, გადაცემაში მან თქვა, რომ მეუფე შიო პატრიარქად "საშიშია".

"ახლა რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, მე ვამბობ, რომ მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად", - განაცხადა მეუფე ზენონმა.

მეუფე ზენონმა განმარტა, რომ მეუფე შიო არის "უსამართლო".

"როდესაც პატრიარქის ქორეპისკოპოსად დანიშნეს, ეს მოხდა მეუფე დიმიტრის აქტივობით, პატრიარქის ძმისშვილის აქტივობით.... მე თვითონ მკითხა კიდეც მეუფე დიმიტრიმ მის შესახებ", - განაცხადა მეუფე ზენონმა და წამყვანის კითხვაზე, რატომ რა ინტერესი ჰქონდა, მეუფე ზენონმა აღნიშნა:

"ეს უკვე მან იცის... აქ მაინცადამაინც ცუდზე არ არის ლაპარაკი...

შემდეგ უკვე მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამ ადამიანმა [მეუფე შიო] მე დამანახა, რომ არის უსამართლო. მსჯავრი არ აქვს, სამართლით", - დასძინა მან.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ