გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშვეთის ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მამა საბა გაზდელიანმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„გიორგობა არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული არა მარტო ქართული ეკლესიისთვის, არამედ მთლიანად მართლმადიდებელი სამყაროსთვის. წმინდა გიორგიმ საკუთარი სიცოცხლე გასწირა სარწმუნოებისთვის და ის გახდა ნათელი მაგალითი ეკლესიის ძლიერების და ერთგულების. საუკუნეების განმავლობაში და დღემდე, ქართველი ერი განსაკუთრებულ მფარველობას და მეოხებას გრძნობდა წმინდა გიორგისგან. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ჩვენს უწმინდესსაც განსაკუთრებით უყვარდა წმინდა გიორგი. ეს დღე არის ჩვენი შთამაგონებელი, რადგან გვახსენებს, რომ რწმენა მოითხოვს სიმტკიცეს, ერთგულებას და თავგანწირვასაც კი. წმინდა გიორგიმ თავისი ცხოვრებით გვასწავლა, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის იმარჯვებს. წმინდა გიორგი ყოველთვის გვაძლევს იმის ძალას, რომ განსაცდელები ღირსეულად დავძლიოთ", - განაცხადა მამა საბა გაზდელიანმა.
6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა.
ქრისტიანული სწავლების თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით წმინდა გიორგიმ მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეა. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.