ქვეყნისთვის ისტორიული პროექტის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიაში განაცხადა, სადაც ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, პროცესი უკვე საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული.
„გასული პერიოდის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა კონტრაქტორ კომპანიასთან, მასთან ერთად პირველადი კონტრაქტის ღირებულების ოპტიმიზაცია მოვახდინეთ და პროექტი 52 მილიონი დოლარით გაიაფდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია. ეს იქნება კომპლექსური ობიექტი, რომელიც, ერთი მხრივ, მოიცავს საპორტო, ხოლო მეორე მხრივ - მომიჯნავე ინფრასტრუქტურას, მათ შორის, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას. პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება პორტთან მისასვლელი გზა და რკინიგზა, რაც ნავსადგურის შეუფერხებელ მუშაობას შეუწყობს ხელს. ეს ყველაფერი გარანტიაა იმისა, რომ ანაკლია ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე კეთდება, სამუშაოების მაღალ სტანდარტს კი საერთაშორისო დონის ექსპერტებისა და კომპანიების მონაწილეობა უზრუნველყოფს. როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მობილიზებულები არიან საერთაშორისო დონის კომპანიები და ექსპერტები.
„ეს, ერთი მხრივ, დადებითად აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართულობას უზრუნველვყოფთ იმისთვის, რომ უმაღლესი ხარისხით მოხდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობა და განვითარება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში პორტთან დამაკავშირებელი გზისა და 18-კმ სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაიწყება.
“მთავრობამ უკვე წარადგინა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი ისტორიული განახლების გეგმა, სადაც აღინიშნა, რომ რკინიგზა ინტეგრირებული სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემის ნაწილია, გაზრდილ ტვირთნაკადს კი, რომელსაც რკინიგზა გაატარებს, ძლიერი საზღვაო კარიბჭე ესაჭიროება. სწორედ ამიტომაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი ამ მასშტაბური პროცესის ლოგიკური გაგრძელება და დამაგვირგვინებელი ელემენტი. რკინიგზის გაძლიერება და ანაკლიის განვითარება ურთიერთდამოკიდებულია და ისინი ერთად ქმნიან საქართველოს, როგორც რეგიონის სანდო, ეფექტიან და კონკურენტუნარიან დამაკავშირებელ ჰაბს,” - აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებს (Design & Build) ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ახორციელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.