ნათია თურნავა - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მკვეთრად გამოხატული პრევენციული ხასიათისაა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მკვეთრად გამოხატული პრევენციული ხასიათისაა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ინფლაციური წნეხი მომდინარეობს მსოფლიო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრიდან.

„თუ დავაკვირდებით აპრილის თვის ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში, აქაც დიდწილად სწორედ გარე ბაზრებიდან, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასებიდან მომდინარე ეფექტები იყო, რომელმაც ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანა ინფლაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვკონცენტრირდებით იმაზე, რომ უკეთ ვმართოთ ინფლაციური მოლოდინები“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ეს მოლოდინები და რისკები ნათელია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის, რომელიც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ასევე არავინ იცის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და როგორი იქნება შემდგომი ფასების მერყეობა გარე ბაზრებზე.

„აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც მცირე ბიჯით გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რაც ატარებს მკვეთრად გამოხატულ პრევენციულ ხასიათს. ეს არის ინფლაციური წნეხის, ინფლაციური რისკების ჩვენზე გადმოცემის პრევენცია. სწორედ ამიტომ კონცენტრირებული ვართ ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციასა და ნორმალიზებაზე, რათა შემდგომშიც არ ვიხილოთ ამ კუთხით მზარდი ზეწოლა და დავაზღვიოთ სტაბილური ფასების დონე. ასევე დავაზღვიოთ, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე ჩვენი ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუბრუნდეს მიზნობრივ 3%-ს, როგორც ეს იყო ნავარაუდევი ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტისა და ნავთობის ფასების ზრდის დაწყებამდე“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი მცირედით, 0.25 პროცენტული პუნქტით - 8.25 პროცენტამდე გაზარდა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს