ADB-ის მთავარი ეკონომისტის მოადგილე საქართველოზე - მონეტარული პოლიტიკა ნაადრევად არ უნდა გამკაცრდეს, რადგან ეს ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს

გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესების გამო ენერგორესურსების ფასები გაიზრდება, ხოლო საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს ეკონომიკის სხვა სექტორებში არსებულ ინფლაციურ ზეწოლას, - ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) მთავარი ეკონომისტის მოადგილე აბდულ აბიადმა სამარყანდში, „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის ინფლაციური რისკები იზრდება. აბდულ აბიადი აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკი მონეტარული პოლიტიკის გადახედვას სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.

„ინფლაციის ნაწილში საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე არსებული გამოწვევები ამ დიდი შოკის პირობებში [ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი] მსგავსია რეგიონში არსებულ მდგომარეობასთან. მთავარი ამოცანაა, არ მოხდეს მონეტარული პოლიტიკის ნაადრევი გამკაცრება, რადგან ეს ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს. გარდა ამისა, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ე.წ „მეორე რაუნდის ეფექტის“ ნიშნებს. გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესების გამო ენერგორესურსების ფასები გაიზრდება, თუმცა მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს ეკონომიკის სხვა სექტორებში არსებულ ინფლაციურ ზეწოლას“, - აცხადებს აბდულ აბიადი.

ამასთანავე, მანვე ისაუბრა ინვესტიციების მოზიდვის საკითხზეც და აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერიოდში საქართველოში FDI-ის ზრდის წინაპირობა პროდუქტიულობის გაუმჯობესებაა.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით საქართველოსთვის მთავარი გამოწვევები გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა განვიხილოთ და არა მოკლევადიანში. ძირითადი გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას, მოიცავს შრომის ბაზარზე უნარების შეუსაბამობას, შედარებით დაბალ პროდუქტიულობას და გარე შოკების მიმართ მოწყვლადობას. ამ პრობლემების დაძლევა მოითხოვს განათლებასა და უნარების განვითარებაში უწყვეტ ინვესტიციას, ინფრასტრუქტურისა და კავშირების გაძლიერებას, ასევე სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას, რაც კერძო სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ADB-ის მთავარი ეკონომისტის მოადგილემ.

„აზიის განვითარების ბანკის“ 59-ე წლიური შეხვედრები 3-6 მაისს უზბეკეთში, სამარყანდში მიმდინარეობს. წლევანდელი შეხვედრების მთავარი თემაა: „პროგრესის გზაჯვარედინი: წინსვლა რეგიონის დაკავშირებული მომავლისთვის“.

ადგილზე იმყოფება „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი და სამიტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს შემოგთავაზებთ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე