საუბარია ქვეყნების ენერგეტიკული ქსელებით დაკავშირებაზე, მათ შორის შავი და კასპიის ზღვის გავლით წყალქვეშა კაბელების საშუალებით. ეს ქმნის ერთვგვარ შუა დერეფანს, მაგრამ არა მხოლოდ სატრანსპორტოს, არამედ ენერგეტიკულსაც , - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიურ შეხვედრაზე, Financial Times-ისა და ADB-ის პარტნიორობით ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში, სადაც „სუპერ ქსელის“ იდეა განიხილებოდა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ინიციატივა, რომელიც პან-აზიური ენერგეტიკული „სუპერ-ქსელის“ შექმნას ითვალისწინებს, რაც რეგიონის ელექტროსისტემების ურთიერთდაკავშირებასა და მათ ევროპულ ენერგოსისტემასთან ინტეგრაციას გულისხმობს.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი სამარყანდში მიმდინარე შეხვედრებიდან იუწყება, პანელური დისკუსიისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელ რგოლს, პროექტში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ამ ნაწილში საუბრისას მან ხაზი გაუსვა „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების“ პროექტის მნიშვნელობას.
„დღევანდელი მდგომარეობა მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ მსგავსი ტიპის პროექტებში მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. ბევრ ინიციატივაში მიწოდება და მოთხოვნა განსაზღვრავს ფასს და ეს ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია, თუმცა ენერგეტიკის შემთხვევაში ასეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორია ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა, რასაც საკმაოდ მაღალი „ფასი“ აქვს“, - აღნიშნა ეკატერინე გუნცაძემ.
მისივე თქმით, ტრადიციულ ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტებთან შედარებით, „ენერგეტიკული შუა დერეფანი“ შესაძლოა, ენერგომომარაგების უსაფრთხო ალტერნატივა გახდეს.
„საუბარია ქსელურ კავშირზე, რომელიც აქამდე არასდროს არსებობდა. ჩვენ, ფაქტობრივად, ვქმნით „ენერგეტიკულ შუა დერეფანს“. შუა დერეფანი არის საგზაო და სარკინიგზო კავშირის მარშრუტი, მაგრამ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ახალ მარშრუტზე, რომელიც ენერგეტიკულ კავშირს შექმნის. ვუწოდებთ მას ძველ აბრეშუმის გზას, ამჟამინდელ შუა დერეფანს თუ ტრანს-კასპიურ კორიდორს, ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტების ერთადერთი უსაფრთხო ალტერნატივა“, - განაცხადა ეკატერინე გუნცაძემ.
„აზიის განვითარების ბანკის“ 59-ე წლიური შეხვედრები 3-6 მაისს უზბეკეთში, სამარყანდში მიმდინარეობს. წლევანდელი შეხვედრების მთავარი თემაა: „პროგრესის გზაჯვარედინი: წინსვლა რეგიონის დაკავშირებული მომავლისთვის“.
ადგილზე იმყოფება „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი და სამიტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს შემოგთავაზებთ.