მეუფე ნიკოლოზი - გაფართოებულ კრებამდე სინოდის სხდომა გამორიცხულია, მღვდელმთავრების არავითარი ნაწილი არ იარსებებს, ვინც ამას მოითხოვს - რაც შეეხება მეუფე ზენონის განცხადებას ე.წ. ენდემოსას სინოდზე, პატრიარქს ვერავინ გაუბედავდა, ეს არის სრული აბსურდი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებით, გაფართოებულ კრებამდე სინოდის სხდომა გამორიცხულია.

შესაბამისი განცხადებით, მიტროპოლიტი დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსის, ზენონ იარაჯულის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მეუფე ზენონმა აღნიშნა, რომ სინოდის სხდომის ხელახლა მოწვევის თაობაზე მღვდელმთავრებს მიმართავს.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, მსჯელობის სურვილის შემთხვევაში, განხილვა გაფართოებული კრების შემდეგაც შესაძლებელია.

„გაფართოებულ კრებამდე სინოდის სხდომა გამორიცხულია. არავითარი ნაწილი არ იარსებებს, ვინც ამას მოითხოვს. თვითონ კრების ჩატარებას, სერიოზული მომზადება სჭირდება. სინოდის სხდომა, რომელიც ჩატარდა, პატრიარქის ორმოცამდე იყო ამაზე სერიოზული მუშაობა. ლამის ყოველდღე იკრიბებოდა მღვდელმთავრების ნაწილი საორგანიზაციო საკითხების გასავლელად. წარმოიდგინეთ, 2000 ადამიანი უნდა მოვიწვიოთ სამების ტაძარში. რამხელა ორგანიზება სჭირდება და ამის გადაწევა-გადადება... ამიტომ, სავარაუდოდ, კრება გაიმართება. ვფიქრობ, სწორიც იქნება. თუ მსჯელობა გვინდა ერთმანეთთან, კიდევ ვიმსჯელოთ მერე“,- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მეუფე ზენონის ე.წ. „ენდემოსას სინოდის“ არსებობის შესახებ გავრცელებულ განცხადებებს აბსურდული უწოდა.

ამასთან, მეუფემ აღნიშნა, რომ კათოლიკოს პატრიარქი ილია II ეკლესიას ყოველთვის სრულად აკონტროლებდა და მის პირობებში მსგავსი სტრუქტურის შექმნა წარმოუდგენელი იყო.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კათოლიკოს პატრიარქი უკანასკნელ წუთამდე, საღი გონებით, მტკიცედ მართვადა ეკლესიას და ვერავინ გაუბედავდა რაიმე სინოდის შექმნას ამ საეკლესიო სივრცეში. ეს არის სრული აბსურდი. პატრიარქი სანამ ჩვენ გვერდით იყო, ახლაც არის ჩვენ გვერდით, ვერაფერს გამოაპარებდი საერთოდ. ღრმად მწამს, რომ პატრიარქს ჰქონდა ისეთი გამოცხადებები და ისე იგებდა ყველაფერს, რომ ბევრჯერ გაკვირვებული დავრჩი“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ