კახა კახიშვილი - ცუდი გარემო იქმნება ფსიქოლოგიურად, როდესაც რამდენიმე ძალიან მაღალი თანამდებობის პირი არის დაპატიმრებული, იმედს ვიტოვებ, ყველაფერი გაირკვევა, თუმცა არც თანამდებობა და არც პოლიტიკური ღვაწლი ინდულგენცია არ არის

2013 წელს იყო მოლოდინი, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაჭერას დაიწყებს, ასეთი ზარ-ზეიმით მგონი, ისინი არ დაუჭერიათ, როგორც ახლა ხდება კონკრეტულად იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც გუნდის ხელმძღვანელობას წარმოადგენდნენ , - ამის შესახებ პოლიტიკოსმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კახიშვილის თქმით, არც თანამდებობა და არც პოლიტიკური ღვაწლი ინდულგენცია არ არის და მიმდინარე დაკავებები მას ახსენებს წინა ხელისუფლების პერიოდს, როდესაც ყოფილ მაღალჩინოსნებს ერთი მეორეს მიყოლებით იჭერდნენ.

“ძალიან ცუდი გარემო იქმნება ფსიქოლოგიურად, როდესაც ძალიან მოკლე ვადაში რამდენიმე ძალიან მაღალი თანამდებობის პირი არის დაპატიმრებული, ახლობლები არიან დაპატიმრებული, ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ 2012 წელს ხელისუფლების ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო არავისთვის არ არის და შიდა დაძაბულობის განცდას ტოვებს.

2013 წელს იყო მოლოდინი, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ახალი ხელისუფლება დაიწყებს წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაჭერას, ასეთი ზარ-ზეიმით მგონი, ისინი არ დაუჭერიათ, როგორც ახლა ხდება კონკრეტულად იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც გუნდის ხელმძღვანელობას წარმოადგენდნენ.

მეორე საკითხია, რომ ინდულგენციას არ იძლევა არც თანამდებობა და არც პოლიტიკური ღვაწლი. ეს ძალიან მახსენებს წინა წლებს, როდესაც უკვე გიჩნდება განცდა, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს გაუგებარი. ჩემი აზრით, საზოგადოებამ მეტად უნდა მივაქციოთ ყურადღება ასეთ კატეგორიის საქმეებს. ზოგადად, ნებისმიერი ადამიანის დაპატიმრების საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი კატეგორიის საქმეებს უნდა მივაქციოთ მეტად ყურადღება, რათა უკეთ გავერკვეთ რა ხდება.

ეს ყველაფერი დაუცველობის განცდას არ აჩენს, მაგრამ არასასიამოვნო განცდას აჩენს, რომ შეიძლება შენც გახდე გაუგებრობის მსხვერპლი, თუ ეს არის გაუგებრობა”, - განაცხადა კახიშვილმა.

წამყვანმა კახიშვილს გაახსენა მის მიერ ამავე გადაცემაში გასულ წელს გაკეთებული განცხადება, როდესაც კახიშვილმა ივარაუდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დატოვებდა პარტიას.

კახიშვილის განმარტებით, მას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ პარტიიდან წასვლა პატიმრობით დასრულდებოდა. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, მისთვის ნათელი იყო, რომ ღარიბაშვილი აღარ გაჩერდებოდა იქ, სადაც მის სიტყვას ფასი არ ჰქონდა, რადგან პარტიის მთელი ვერტიკალი ირაკლი კობახიძეზე იყო ჩამოყალიბებული.

“როდესაც ბატონი ირაკლი კობახიძე პრემიერად დაინიშნა, მას სერიოზული ძალაუფლება მიეცა. ისეთი ძალაუფლება მიეცა პრემიერ-მინისტრის რანგში, რა ძალაუფლებაც არ ჰქონდა ბიძინა ივანიშვილსაც კი, როდესაც ის იყო პრემიერი იმიტომ. მაშინ კოალიციური მთავრობა იყო, ზოგიერთი მინისტრი კოალიციის წევრი იყო, პარლამენტის თავმჯდომარე იყო კოალიციის წევრი, დეპუტატები ყველა “ქართული ოცნებიდან” არ იყვნენ და კოალიციის წევრები იყვნენ.

ამ დროს მინისტრთა კაბინეტში ვმუშაობდი და მახსოვს, რომ კონკრეტულად აღმასრულებელი ხელისუფლება იყო თავისთვის და საკანონმდებლო ხელისუფლება და პარტია იყო დამოუკიდებელი. მაშინ ასე არ იყო, რომ მთავრობიდან გაგეგზავნა ინიციატივა და უფილტროდ, ჰარი-ჰარალეზე უშვებდნენ პარლამენტარები. ხშირად მე მიწევდა მინისტრის რანგში მისვლა, დარწმუნება და ა.შ. დღეს ვხედავთ, რომ ერთი ადამიანის ხელში, კონკრეტულად პრემიერ-მინისტრის ხელში ჩამოყალიბდა ბერკეტები და ძალაუფლება, ის აკონტროლებს როგორც მინისტრთა კაბინეტს, ასევე, პარტიასა და პარლამენტარების უმრავლესობას.

ამ ყველაფერს ვხედავდი, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, რომ ნელ-ნელა, ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ ირაკლი კობახიძის საპარლამენტო გუნდს, გადადიოდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში და იმასაც ვხედავდი, რომ პარტია თავიდან ბოლომდე იყო ჩამოყალიბებული ირაკლი კობახიძის ვერტიკალზე, შესაბამისად, მივხვდი, რომ ღარიბაშვილის აქტივობა იქ არავის არ მოეწონებოდა და ვერც იაქტიურებდა იმიტომ, რომ არანაირ პარტიულ ცვლილებას მას არ მისცემდნენ. ამიტომ ვთქვი, რომ დროებითია და აღარ მოუნდებოდა იმ პარტიის თავმჯდომარეობა, სადაც არაფერს არ წყვეტდა. მარტო თანამდებობა ხომ არ არის, თავმოყვარეობის ამბავიცაა, როცა მიდიხარ, გქვია რაღაცა და ვერაფერს ვერ წყვეტ, რა გინდა მაშინ იქ. აქედან გამომდინარე გავაკეთე ეს დასკვნა და გამართლდა კიდეც”, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ