შალვა პაპუაშვილი - ტურბულენტურ პერიოდში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, უნიკალურ სიბრძნეს, მომავლის ხედვას ავლენენ და მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარებისათვის იმედს ქმნიან

ჩემთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღო საპარლამენტო დიპლომატიის შესახებ დისკუსიაში PAM-ის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისა და პრეზიდენტების პირველი სამიტის ფარგლებში. საქართველოს ისტორიული კავშირები ხმელთაშუა ზღვის რეგიონთან ათასწლეულებს ითვლის და მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას მას შემდეგ, რაც 35 წლის წინ ოფიციალურად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება.

მისი თქმით, საზოგადოება არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლის მოწმენი, რაც საგანგაშო პროცესია და ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფოებს შორის სტაბილურობის, თანამშრომლობისა და ნდობის საფუძვლებს.

„განსაკუთრებული პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა PABSEC-ის პრეზიდენტის პოზიციიდან, რაც მაძლევს შესაძლებლობას, გავაჟღერო შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების პარლამენტარების ხმა. დღესდღეობით ჩვენი რეგიონი მსოფლიო არასტაბილურობის ეპიცენტრშია - მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც უკვე ოთხ წელზე მეტ ხანს გრძელდება.

როგორ შეუძლია საპარლამენტო დიპლომატიას, ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობასა და რეგიონთაშორის თანამშრომლობას? მაშინ, როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ ახერხებენ შედეგების მიღწევას, რეგიონულ ფორმატებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, უკეთესობისკენ შეცვალონ რეალობა: ჩვენ გვაერთიანებს საერთო პრაგმატული ინტერესები, რომლებიც უშუალოდ ჩვენი მოსახლეობის მიერ არის ჩვენზე დელეგირებული, რადგან პარლამენტები პირდაპირ გამოხატავენ ხალხის ნებას.

შესაბამისად, რეგიონული გაერთიანებები ქმნიან ჩარჩოს, რომლის საშუალებითაც მეზობელ ქვეყნებს შეუძლიათ აწარმოონ დიალოგი, განიხილონ საერთო გამოწვევები და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს მიაღწიონ. ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვისა და ყურის რეგიონები ერთმანეთთან დაკავშირებული სივრცეებია, სადაც გაძლიერებულ თანამშრომლობას შეუძლია ხელშესახები შედეგების მოტანა. გაძლიერებული საპარლამენტო გაცვლები შესაძლოა სტაბილურობის, ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების ხიდად იქცეს. ეს კავშირები მშვიდობას დამატებით შანსებს მისცემს.

რეგიონთაშორისი თანამშრომლობის რომელი მთავარი მიმართულებები შეგვიძლია გამოვყოთ მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად?

დაკავშირებადობა ამ თანამშრომლობაში ცენტრალურ ადგილს იკავებს. სტრატეგიული სატრანზიტო მარშრუტების, მათ შორის შუა დერეფნის განვითარება, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს ახლებურად აყალიბებს. ეს დერეფნები თანამშრომლობის არხებია, რომლებიც ჩვენს რეგიონებს აახლოებს და გლობალური მიწოდების ჯაჭვების მოწყვლადობას ამცირებს. დაკავშირებადების საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, რომელიც ჩვენი საერთო მომავლისთვის გადამწყვეტ თემად იქცა. ენერგიის წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაცია აუცილებელია სტაბილურობისა და მედეგობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ევროპისთვის. ალტერნატიულ ენერგორესურსებსა და ინფრასტრუქტურაზე თანამშრომლობის გაძლიერებით, ჩვენ ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ ზრდას და უფრო უსაფრთხო და მდგრად ენერგეტიკულ გარემოს შევქმნით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ტურბულენტურ პერიოდში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი - უნიკალურ სიბრძნეს, მომავლის ხედვას ავლენენ და მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარებისათვის იმედს ქმნიან.

„სიამაყით აღვნიშნავ, რომ ამ ტურბულენტურ პერიოდში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი - უნიკალურ სიბრძნეს, მომავლის ხედვას ავლენენ და მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარებისათვის იმედს ქმნიან. საქართველო შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ყურის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთგულია. გვჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით, განსაკუთრებით ისეთი რეგიონული პლატფორმების ფარგლებში, როგორებიცაა PABSEC და PAM, შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევას და უფრო სტაბილური და წარმატებული მომავლის ფორმირებას ჩვენი რეგიონებისთვის. მედეგობის გასაძლიერებლად, ნდობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჩვენ, როგორც პარლამენტარებმა, უნდა გავაგრძელოთ ღია დიალოგი მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი