როდესაც ადამიანს აპატიმრებენ, ისეთ გარემოში ამყოფებენ, თუ ის ადამიანი გატყდა ემოციურად, მას ნებისმიერი „სიმღერა“ შეგიძლია ამღერო. რას იტყვის უძილაური, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ის ბიძინა ივანიშვილის ვნებებსაა შეწირული, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, ჯაშუშობის ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსისა და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი „საკუთარ შვილებს, საკუთარ გარემოცვას იჭერს“.
„შეგვპირდნენ „ნაცების“ გასამართლებას და თავისიანებს დაერია ბიძინა ივანიშვილი. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ცდილობს თავის გუნდში დათესოს შიში, დათესოს შიში მის გარემოცვაში, მინისტრებში, პარლამენტის წევრებში, მერებში, მათ მოადგილეებში, საკრებულოს წევრებში, იმ მილიონერებში, ბიზნესმენებში, რომლებიც მისი გარემოცვაა. ადამიანი უბრალოდ ტოტალურ დაშინებაზეა გადასული. „ურტყი შენიანს, სხვას რომ ეშინოდეს“- ამ პრინციპით მოქმედებს. ეს ადამიანები, განსაკუთრებით, ეს კაცი რას ილაპარაკებს კაცმა არ იცის. ჩვენ გვინახავს ასეთი საუბრები. როგორც წესი, ასეთი საუბრების მერე არ არის ხოლმე ეს ობიექტური. როდესაც ადამიანს აპატიმრებენ, ასეთ გარემოში ამყოფებენ, თუ ის ადამიანი გატყდა ემოციურად, მას ნებისმიერი „სიმღერა“ შეგიძლია ამღერო, ამიტომ რას იტყვის უძილაური ამას არ აქვს მნიშვნელობა. რაღაც პერიოდი რომ გაივლის, მერე თუ რამეს იტყვის ახალს, იმას უფრო ექნება მნიშვნელობა.
მე მახსოვს, რომ სააკაშვილის პერიოდში, როდესაც ასეთი ბრალდებით იჭერდნენ, ეს ადამიანები „მღეროდნენ“ ძალიან სერიოზულად, რასაც დაუკვეთავდა მაშინდელი კუდ-ი. მერე ეს ადამიანები ცვლიდნენ ჩვენებებს და მერე უკვე სხვა პოზიციაზე იყვნენ. დღეს რას იტყვის უძილაური, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს, რას გააკეთებს ივანიშვილი, როდესაც საკუთარი გუნდის წევრებს დაერია, თავად კი ყველაფერში გადააგდო საკუთარი ამომრჩეველი. ახლა ისიც არ აკმარა და საკუთარ ამომრჩევლებს დაერია, საკუთარ მომხრეებს დაერია და უახლოეს ხალხს დაერია. ღარიბაშვილი “მამას” ეძახდა ივანიშვილს და მასაც ბევრჯერ აქვს ნათქვამი “შვილივით მიყვარსო” ანუ საკუთარ შვილებს იჭერს, საკუთარ გარემოცვას იჭერს.
რაც შეეხება ჯაშუშების თემას, ეს პარანოიაა. ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბების თხრაა. ეს ემართებათ ხოლმე. ასეთი ადამიანები ასე ამთავრებენ. რაღაცას იწყებენ, გადადიან პარანოიაში და ბოლოს ემხობიან. ეს პარანოია მიანიშნებს, რომ ეს უკვე დაავადებული ორგანიზმია,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით, „სისტემა, რომლის თავიც ივანიშვილია, დაავადებული აყროლებული ორგანიზმია“.
„ცნობილია, ხომ თევზი თავიდან ლპებაო?! მისგან იწყება ეს ლპობა და ნელ-ნელა ეს ორგანიზმი დალპება, მაგრამ ვის მოიყოლებს? მე როგორც ვხედავ, ჯერჯერობით, მხოლოდ თავისიანებს იყოლებს. თუ თავისიანები მაზოხისტურ მდგომარეობაში არიან, უყურებენ და თავი აქვთ გადებული კუნძზე, ელოდებიან მას თავს როდის მოაჭრის, კი, ბატონო, ელოდონ, ეს მათი უფლებაა. არანაირი „ქართული ოცნების“ ინტერესი არ არსებობს, არსებობს ბიძინა ივანიშვილის, ძალაუფლებით შეპყრობილი ადამიანის ვნებები და ეს მისი პოზიციონირებაა. ბიძინა ივანიშვილმა დაიჭირა პირადად ირაკლი ღარიბაშვილი. მისი გადაწყვეტილებით მოხდა. უბრალოდ მდინარაძემ ეს შეასრულა. მერე მდინარაძე გამოწურა და გადააგდო. ბიძინა ივანიშვილმა დაიჭირა ლილუაშვილი, ეს მისი ახირება იყო. ვიღაცამ ხალხს მოჰპარა [ფული], მერე იმასთან წასაღები ფული რომ გზაში დაიკარგა, მოპარული ფულის ნაწილი მასთან რომ არ მივიდა, ამის გამო დაიჭირეს ეს ადამიანები. უძილაურიც მის ვნებებსაა შეწირული, ამაში დარწმუნებული ვარ. თუ ჩვენ ისტორიულ კონტექსტს გავაანალიზებთ და სხვა ასეთი ვნების ადამიანებთან მიმართებით მოვიყვანთ მაგალითებს, ასეთი პარანოიები ამ ხალხს ემართება. ეს ბუნების კანონია. თავი არის ივანიშვილი და ეს ორგანიზმი ბოლომდე ჩამოიშლება, დალპება, ამაში მოჰყვებიან მისივე მხარდამჭერები, მასთან ფულის მიმტანები მოჰყვებიან. დღეს თუ ერთი მილიონი მიჰქონდა, ხვალ ორ მილიონს მოსთხოვს, ზეგ სამ მილიონს. გაუმაძღარია ეს ადამიანია. მის სიხარბეს არ აქვს საზღვარი. მის პირად ინტერესს აღარ აქვს საზღვარი. ნებისმიერ ადამიანს ისტორიაში სიხარბეში ივანიშვილი, ალბათ, არავის ჩამოუვარდება. რაში სჭირდება ამდენი ფული, კორუფციული სისტემა, უფასო სასადილოების ძარცვა?“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
რაც შეეხება უძილაურის დაკავების შემდეგ, შალვა პაპუაშვილის განცხადებას კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადებასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსის შეფასებით, „ბიძინა ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად ყველგან ჯაშუშები ელანდება, სუს-ი არის ბიძინა ივანიშვილის მომსახურე პერსონალი“.
„ზუსტად იგივე პარანოია სჭირდა სააკაშვილს, ყველგან რომ ჯაშუში ელანდებოდა. იგივე დაავადება დაემართა და მემკვიდრეობა გააგრძელეს ამათმა, ყველგან ჯაშუშები, ჯაშუშები... სუს-ის ანგარიშში ჩანს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების იმპოტენცია. უსაფრთხოების სამსახურს შეუძლია დაიჭიროს უძილაური, მაგრამ არ აქვს იმის უნარი, 55-ჯერ რომ მოხდა ბორდერიზაცია, ეს აღეკვეთა. პოლიციელებს შეუძლიათ დააკავონ სტუდენტი გოგონა ბორდიურზე, მაგრამ „ქართულ სპეცსამსახურებსა და სამართალდამცავ სტრუქტურებს არ აქვთ იმის უნარი, რომ აღკვეთონ 74 საქართველოს მოქალაქის დაკავება საოკუპაციო ძალების მხრიდან. შეუძლიათ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს დაუყენონ სპეცრაზმი, პატრულის ეშელონები კანცელარიასთან, მაგრამ სუს-ის ანგარიშში რომ წერია, ხდება ქართული ენის განდევნა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოს ტერიტორიიდანო, ამის აღკვეთა არ შეუძლია. ქართულ სპეცსამსახურებს შეუძლიათ ქართველებს შეუძვრნენ ოთახებში, გადაუღონ, მაგრამ არ შეუძლიათ რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეზე, კირიენკოზე, რომელიც 9-ჯერ იყო ჩასული აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ფორმალურად აღძრან სისხლის სამართლის საქმე. ეს ადამიანები, ეს სამსახურები, განსაკუთრებით, სუსი, არის ბიძინა ივანიშვილის მომსახურე პერსონალი“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
გარდა ამისა, მან იმ ვარაუდთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი კიდევ ერთხელ გაუჩნდეს. როგორც გოგიჩაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს საჯაროობის ეშინია.
„ბიძინა ივანიშვილი ერთი თვის განმავლობაში ხშირად რომ გამოვიდეს ტელევიზიით ან საჯარო განცხადებები აკეთოს, „ქართული ოცნება“ უფრო ადრე დამთავრდება. მაგალითად: პარლამენტში რომ მოვიდეს ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი გუნდის წევრები რა დღეში ჩააგდებენ წარმოგიდგენიათ? ბიძინა ივანიშვილს მაგის გამბედაობა არ აქვს. ის არის კულუარებიდან მოთამაშე ადამიანი, რომელსაც ხელში უჭირავს პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და ყველას ემუქრება განადგურებით. როცა ის საჯარო სივრცეში პირს აღებს, სასწაულებს ამბობს და „ქართული ოცნების“ რეიტინგი ეცემა. მას ყველაზე მეტად ეშინია საჯაროობის. როგორ ფიქრობთ, გამოვა ეს კაცი ჩირგვებიდან და გახდება პრემიერ-მინისტრი? მე ამის არ მჯერა“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
გარდა ამისა, მან საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობასაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, „საქართველო ერთ დროს იყო დიდ ქვეყნებთან სხვების შუამავალი, დღეს კი არის იზოლირებული ქვეყანა“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სომხებს სთხოვენ, რომ დაგვილაგოს ურთიერთობა ევროპასთან და აზერბაიჯანელებს სთხოვენ, რომ ამერიკელებთან დაგვილაგოს. იყო ამ ქვეყანაში პერიოდი, როცა ამ დიდ ქვეყნებთან საქართველო იყო შუამავალი. დღეს ჩვენ ვართ მაჩანჩალა, იზოლირებული ქვეყანა. გავიხსენოთ, ხომ მთელი კამპანია ჰქონდათ უკრაინელების წინააღმდეგ. ჩვენ ერთი რაც ვიცით, ვიცით უკრაინელების პოზიცია, რომ ისინი ქართველ ხალხს და საქართველოს მიიჩნევენ მათ მეგობრად. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით ის ამბავი, რომ უკრაინელები ანადგურებენ ჩვენს მტრებს. „ქართულმა ოცნებამ“ რაც გააკეთა ისიც ვნახეთ, გაჭირვებაში მყოფ უკრაინას აგინა და ფულის შოვნა დაიწყო ამ ომით,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.