4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირები არიან პოლიტპატიმრები, - ამის შესახებ ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საფუძვლიანი ეჭვია, რომ სინამდვილეში არ არსებობდა არავითარი „დამხობის“ გეგმა ან თუნდაც განზრახვა და, რომ ყველაფერი ხელისუფლების მიერ პროტესტის მონაწილეების ნაწილის მახეში გაბმის და, მაშასადამე, დანაშაულის პროვოკაციის შედეგია.
„2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების შემდგომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენების მიმართ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ივანიშვილის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განყობილ საზოგადოებაშიც კი, ერთი რამ ცხადია: რეჟიმის ძალისხმევა, რომ ეს მოვლენები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ შეფასებულიყო, როგორც ე.წ. კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან ხელისუფლების დამხობის მცდელობა და, აქედან გამომდინარე, გამოყენებულიყო ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის ჩასახშობად, ისევე ჩავარდა, როგორც ყველა უწინდელი ანალოგიური ძალისხმევა.
ჩავარდნის მთავარი მიზეზი კი საზოგადოებაში ჩამოყალიბებული საფუძვლიანი ეჭვია, რომ სინამდვილეში არ არსებობდა არავითარი „დამხობის“ გეგმა ან თუნდაც განზრახვა და, რომ ყველაფერი ხელისუფლების მიერ პროტესტის მონაწილეების ნაწილის მახეში გაბმის და, მაშასადამე, დანაშაულის პროვოკაციის შედეგია. ამას ემატება ბრალად შერაცხული დანაშაულების კვალიფიკაციის უსაფუძვლობა, რაც ქართულ სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებში მავნე ტრადიციად არის ჩამოყალიბებული.
ყოველივე ეს გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირები, ისევე, როგორც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის დროს დაკავებული, ბრალდებული, თუ მსჯავრდებული ყველა პირი პოლიტიკური დევნის ობიექტია და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პატიმარია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში, რომლის „230-ზე მეტი ოფიციალური პირი, მათ შორის, 47 მოსამართლე და 17 პროკურორი, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არის, პოლიტიკური დევნა ჩვეულებრივ მოვლენად არის გადაქცეული“.
იხილეთ 4 ოქტომბის მოვლენების ჩვენი შეფასება სრულად იხილეთ ბმულზე: