მიხეილ ყაველაშვილი - ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის ზეიმია, ვენახში გატარებული ყოველი წუთი, მიწისა და სამშობლოსადმი უპირობო სიყვარულის გამოხატულებაა - სიმბოლურია, რომ ქართველი კაცი ქვევრს გულს ამსგავსებს: ქვევრი ასაზრდოებს ჩვენს კულტურას

ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი აკვანია. მისივე თქმით, ქართველები მეღვინეობის რვაათასწლოვანი უწყვეტი ტრადიციით ვამაყობთ, რაც ჩვენს მიწასთან მჭიდრო კავშირზე მეტყველებს.

„ჩვენი სახელმწიფოებრიობა სამ ათას წელს ითვლის, ხოლო 17 საუკუნის წინ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ საბოლოოდ განსაზღვრა ჩვენი ღირებულებითი ორიენტირი. ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა. ვაზის მოვლით დაწყებული, ღვინის დაბადებით გაგრძელებული და ქართული სუფრის ფენომენით დაგვირგვინებული - ეს სრულყოფილი და უნიკალური პროცესი ჩვენი იდენტობის განუყოფელი და უწყვეტი ციკლია. ვაზთან ყოველი შეხება, ვენახში გატარებული ყოველი წუთი, სინამდვილეში, ქართველი კაცის მიწისა და სამშობლოსადმი უპირობო სიყვარულის გამოხატულებაა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დღესაც აგრძელებს ამ უძველეს ტრადიციას და მსოფლიოს აცნობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და სტუმართმოყვარეობის ქვეყანას.

„სიმბოლურია, რომ ქართველი კაცი ქვევრს გულს ამსგავსებს - როგორც გული აწვდის სისხლს მთელ სხეულს, ისე ქვევრი ასაზრდოებს ჩვენს კულტურას იმ წმინდა სითხით, რომელიც ქართული სუფრისა და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციას საუკუნეების განმავლობაში აცოცხლებს. ვაზი და ღვინო არის ქართველი ადამიანის ყოფიერების მთავარი ძარღვი და ამას ჩვენი ტაძრების კედლებზე ნაკვეთი ვაზის მტევნები და ჩუქურთმებიც ადასტურებს. ქართველი ხუროთმოძღვრებისათვის ვაზი ისეთივე წმინდა იყო, როგორც თავად ტაძარი. ჩვენი საგალობლები, ფოლკლორი და ლიტერატურა გაჟღენთილია ვაზის სიყვარულით. ყველგან „შენ ხარ ვენახის“ საკრალურ საგალობელში, მქუხარე მრავალჟამიერსა თუ ჩვენი დიდებული პოეტების შემოქმედებაში. ვაზი არის სიწმინდის, სიცოცხლისა და გადარჩენის გამოხატულება. საქართველოს გაქრისტიანების უმთავრესი სიმბოლო კი წმინდა ნინოს ვაზის ჯვარია, რომელიც მარად შეგვახსენებს ჩვენი რწმენისა და მშობლიური მიწის ურღვევ ერთიანობას. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მეღვინეს, თითოეულ გლეხს, რომელიც დღესაც აგრძელებს ამ უძველეს ტრადიციას და მსოფლიოს აცნობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და სტუმართმოყვარეობის ქვეყანას",- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა