დაკავებული სპეცრაზმელის ადვოკატი - ბრალი აღიარა - ჩვენების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვინმე სხვა პირი, ვინც რაიმე დაავალა, არ უხსენებია, პირველად გუშინ გამოიკითხა

ერთ-ერთი დაკავებული სპეცრაზმელის ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბრალი აღიარა.

უფლებადამცველი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სპეცრაზმელის პირველი გამოკითხვა გუშინ პროკურატურაში მოხდა, შემდეგ კი ის დააკავეს.

ადვოკატი აცხადებს, რომ მას გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და ინფორმაციის გამჟღავნებაში შეზღუდულია.

„ვიცავ გუშინ დაკავებული სპეცრაზმელებიდან ერთ-ერთ პიროვნებას. ბრალი მოიცავს უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხის მე-3 ნაწილს, თუმცა დანარჩენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იმის გათვალისწინებით, რომ გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი და რაიმე ინფორმაციის გამჟღავნებაში შეზღუდული ვარ. მან ბრალი აღიარა ბრალის წარდგენისას. დიდი ინტერესის მიუხედავად, სამწუხაროდ, დეტალებზე, თუ რა ჩვენება მისცა, რა თქვა და ა.შ., ვერ ვისაუბრებ,“ - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, სპეცრაზმელმა ერთპიროვნულად მიიღო თუ არა გადაწყვეტილება, უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ უხსენებია ვინმე სხვა პირისგან მიიღო თუ არა ბრძანება.

„თქვენ მეკითხებით ისეთ რაღაცას, რაც მაინც დეტალებში შესვლას გულისხმობს, თუმცა მაინც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვინმე სხვა პირი, ვინც რაიმე ბრძანება გასცა, ან დაავალა, მას არ უხსენებია,“ - აღნიშნა ადვოკატმა.

უფლებადამცველი ადასტურებს, რომ სპეცრაზმელი პირველად გუშინ გამოკითხეს.

„დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. საქმის მასალებიც არ მაქვს ჯერ გადმოცემული, ამიტომ ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ. გუშინ იყო ჩემი თანდასწრებით გამოკითხვა ქალაქის პროკურატურის შენობაში და შემდეგ დააკავეს,“ - განაცხადა მჭედლიშვილმა.

რაც შეეხება „ჩაშვებასთან“ დაკავშირებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის განცხადებას, ადვოკატი ამბობს, რომ ჯერჯერობით არ იცის, რა ჩვენებები დევს საქმეში.

„საქმის მასალებს არ ვიცნობ, იმიტომ რომ გადმოცემული არ მაქვს. შესაბამისად, ვინ რაზე საუბრობს, ან რა ჩვენებებია, ან რა მასალებია საქმეში, ვერაფერს გეტყვით,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. გენერალური პროკურორის განმარტებით, ხუთიდან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება. ამასთან, გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი