8 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისში, ა(ა)იპ „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციისა“ და ა(ა)იპ „მშობლების თანადგომის“ დღის ცენტრები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სახალხო დამცველს დღის ცენტრის მუშაობის სპეციფიკა, პროგრამა და მომხმარებელთათვის შეთავაზებული სერვისები გააცნო და იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რასაც ცენტრი ზრდასრული შშმ პირების შემთხვევაში აწყდება.
„სახალხო დამცველმა დაათვალიერა დღის ცენტრების ფიზიკური გარემო, გაესაუბრა ხელმძღვანელ და დასაქმებულ პირებს, შეხვდა ბენეფიციარებს, განიხილა შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით არსებული გამოწვევები, ყურადღება გაამახვილა შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის მიზნით განათლებისა და დასაქმების მნიშვნელობაზე.
ა(ა)იპ „მშობლების თანადგომის“ დღის ცენტრში ამჟამად 15 ბენეფიციარი იღებს მომსახურებას. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სახალხო დამცველს დღის ცენტრის მუშაობის სპეციფიკა, პროგრამა და მომხმარებელთათვის შეთავაზებული სერვისები გააცნო. ასევე, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასაც ცენტრი ზრდასრული შშმ პირების შემთხვევაში აწყდება. განსაკუთრებულ პრობლემად სერვისის ვაუჩერული დაფინანსების არასაკმარისი ოდენობა და საჭირო კადრების სიმწირე დასახელდა. შედეგად, კომპლექსური ზრუნვისა და ქცევის მართვის საჭიროების მქონე ზრდასრული შშმ პირები ხშირად, დღის ცენტრის მომსახურების მიღმა რჩებიან. გარდა ამისა, მიუხედავად პროფესიული განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა, ჯერ კიდევ იშვიათად ხდება შშმ პირთა დასაქმება, რაც მათი დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
„საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის“ დღის ცენტრი ამჟამად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე 36 პირს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისს აწვდის. მთავარი გამოწვევა აქაც მომსახურების ვაუჩერული დაფინანსების ოდენობას უკავშირდება, რაც ვერ უზრუნველყოფს ყველა საჭირო სპეციალისტის დასაქმებასა და კვალიფიციური კადრების მოზიდვას, და შესაბამისად, უარყოფითად აისახება სერვისის ხარისხზე. არსებული დაფინანსება არ იძლევა ბენეფიციარებისთვის გარე აქტივობების, მათ შორის, ექსკურსიებისა და სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების სათანადო პერიოდულობით განხორციელების შესაძლებლობას, რაც სოციალიზაციის უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი კომპონენტია. პრობლემად იკვეთება ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების შემდგომ ეტაპზე მათი სტაბილური დასაქმება. აღნიშნულის მიზეზად გარდა სახელმწიფო პროგრამების არაეფექტიანობისა, შრომის ბაზარზე შესაბამისი მზაობის არარსებობაც სახელდება.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ქვეყანაში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისის დეფიციტისა, დღის ცენტრის ლიმიტი სრულად შევსებული არ არის. აღნიშნული უკავშირდება, როგორც ინფორმაციის გავრცელების, ისე სერვისში გადამისამართებისა და საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დაბალი ცნობიერების პრობლემას. ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ფსიქიკური ჯანმრთელობის სარეაბილიტაციო სერვისების გაძლიერებისა და ხარისხის გაუმჯობესების საჭიროებას, რაზეც სახალხო დამცველი მუდმივად აპელირებს.
საქართველოს სახალხო დამცველი განაგრძობს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მიზნობრივი სარეაბილიტაციო პროგრამების გაფართოებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის მუშაობას და პერიოდულად ასეთ სერვისებში არსებული გამოწვევების ადგილზე გაცნობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.