ეს დაიწყო ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, რომ ის წუხს ამ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. ამით ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ ის არაფერ შუაშია ამ ყველაფერთან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სპეცრაზმელების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
სიჭინავას თქმით, თუ ორი წლის განმავლობაში ვერ გამოვლინდა მოძალადე, რომელიც ნიღბის უკან იმალება, ორი წლის მერე მისი ვინაობის დადგენა შეუძლებელი ხდება.
მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაკავებულ სპეცრაზმელებთან შეთანხმება გააფორმა, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, შესაძლოა, აღნიშნული პირები სულაც არ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე იძალადეს.
„ეს ხომ გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა ან ამ ადამიანების დაკავებით ან გენპროკურორის ბრიფინგით, ეს დაიწყო ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, რომ ის წუხს ამ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული მისი განცხადება ხომ გახსოვთ? ბიძინა ივანიშვილმა რა გვითხრა ამით? თვითონ არ გამოსულა, მაგრამ თავის შვილს ათქმევინა, რომ თითქოს ის არაფერ შუაში არ არის ამ ყველაფერთან. ეს მისი ქცევის მატრიცაა, რომ როდესაც პრობლემა გაჩნდება, ამ პრობლემის სათავეში ის არასდროს არ არის და ამ პრობლემის მთავარი ორგანიზატორები ყოველთვის ის ადამიანები აღმოჩნდებიან, რომლებიც თურმე მისი გვერდის ავლით ჩადიოდნენ ასეთ რაღაცებს. პასუხისმგებლობა აჰკიდო სპეცრაზმელს, კობახიძეს, მდინარაძეს, „ხარება“ იქნება, გომელაური თუ სხვა, ეს მისთვის მარტივია. ამის გაგრძელებაა ახლა ეს დაკავებები.
ცოტნე ივანიშვილი ამ დაგეგმილი პიარ-რგოლის რაღაც წერტილი იყო, საიდანაც ასე უნდა გაგრძელებულიყო შემდეგ. მას უნდა ეთქვა, რომ ივანიშვილის ოჯახი წუხს ამ ძალადობასთან დაკავშირებით, მერე თითქოს უნდა გამოევლინათ ეს დამნაშავეები... ორი წელი თუ ვერ დაადგინე ადამიანი, რომელიც ნიღბის უკან იმალება თავდასხმის დროს, მერწმუნეთ, ორი წლისთავზე შეუძლებელია ამის დადგენა.
ძალიან მარტივად მოხდა და ვუშვებ ამ შესაძლებლობას, რომ ხელისუფლება გარიგდა ამ თავდამსხმელებთან ან სხვა ადამიანებთან [აქ საუბარია იმაზე, რომ შეიძლება ის ადამიანებიც კი არ იყვნენ ისინი, ვინც სავარაუდო თავდამსხმელები არიან], ეუბნებიან ამ ადამიანებს, რომ მოდი, ცოტა ხნით უნდა დაჯდე ციხეში, მერე გამოგიყვან, რადგან „ქართულ ოცნებას“ აწუხებს თავისი ელექტორატის ხედვა ამ ძალადობასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ერთია, შენ ღირსებითა და მშვიდობით ჰპირდებოდე ადამიანებს ევროპისკენ სვლას და ევროპულ მომავალში გადააგდო, ღირსება შეულახო და ძალადობა გაიმეორო ისე ან უარესად, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
კითხვაზე, მივა თუ არა საქმე აქციების დაშლის დროს ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენების გამოძიებაზე და შესაძლოა თუ არა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პასუხისგების საკითხი დადგეს, ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი თავის გადასარჩენად გომელაურსაც გაწირავს.
„ივანიშვილს თუ დასჭირდა თავისი ბუდიდან ბარტყების გადმოყრა იმისთვის, რომ ბუდეში უსაფრთხოდ დარჩეს, ნამდვილად გადმოყრის ყველას, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში. სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგომის შემდეგ გაუშვა და ჩორჩანას საქმეზე ცრუ ჩვენება მიაცემინა ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, ისეთი ცრუ ჩვენება, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს ლახავს, საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანიც გაწიროს“, - განაცხადა სიჭინავამ.