პატრიარქი შიო III - ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა - ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც

გაცნობიერებული მაქვს ერთი მხრივ ამ მოწოდების სიდიადე და პატივი და მეორე მხრივ ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ განაცხადა.

მან მღვდელმთავრებსა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.

„ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა. ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც. უპირველესად მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც მოიღო. მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდათა დასს, ღირს მამა შიო მღვიმელს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მფარველს ღირს ალექსი სენაკელს და სხვა მოღვაწეებს შემწეობისა და მფარველობისთვის.

მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. თითოეულ ადამიანს, ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი კრების ღირსეულად წარმართისთვის, კრების ყველა დელეგატს და სტუმარს. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის და მათთან ერთად, ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის. დიდი მადლია და წყალობა ღვთისა და ამავდროულად მძიმეა მწყემსმთავრობის ჯვარი და პასუხისმგებლობა.

შეუძლებელია უფლის განგებულების და განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე, თუ რატომ ინება ღმერთმა ასეთი დიდი მადლის და მსახურების მოცემა. გაცნობიერებული მაქვს ერთი მხრივ ამ მოწოდების სიდიადე და პატივი და მეორე მხრივ ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება. ვმსახურებ ყოვლადმოწყალე უფალს, ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, წმინდათა დასს, ჩვენს წინამორბედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვას, ასევე ქართველი ხალხის ლოცვას და სიყვარულს. გთხოვთ ილოცოთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რათა ერთობით, სიყვარულითა და მშვიდობით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ“,- აღნიშნა შიო III-მ.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

„საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურია უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ -აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე, აქსიოს!“- განაცხადა ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, მეუფე ანანია ჯაფარიძემ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე