ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ

მეორე მსოფლიო ომის 81 წლისთავისადმი მიძღვნილი მოსკოვში ჩატარებული აღლუმის შედეგებსა და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ დიპლომატსა და ანალიტიკოსს ვალერი ჩეჩელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ვალერი, არ ცხრება მსჯელობები და საუბარი 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფიო ომის 81 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩატარებაზე.

უფრო სწორად იმაზე, თუ რა უძღვოდა ამ აღლუმს წინ. მხედველობაში მაქვს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება რომ უკრაინულ დრონებს შეუძლიათ წითელ მოედანს ესტუმრონ. ასევე იმაზე, რომ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს მოუწია უკრაინისგან და კერძოდ პრეზიდენტ ზელენსკისაგან დაპირების მიღება რომ მოსკოვში აღლუმი მშვიდად ჩაივლიდა.

ტრამპის ინიციატივით კიევსა და მოსკოვს შორის შორის შედგა მოლაპარაკებები და ასე შემდეგ. ამჯერად პუტინს არც ბევრ სტუმრი ჰყოლია, აღლუმი სულ 45 წუთი გაგრძელდა. დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მომხდარს „რუსეთის კაპიტულაციად“ აფასებს.

რა აჩვენა 2026 წლის 9 მაისს შეკვეცილი პროგრამით წითელ მოედანზე გამართულმა აღლუმმა?

- მთელი მსოფლიოსთვის სრულიად ნათელი გახდა ის რომ რუსეთის ავტორიტეტი და რეპუტაცია საერთაშორისო ურთიერთობებში მცირდება, მისი გავლენა საერთოდ მთელ პერიმეტრზე საკუთარ საზღვრებთან და ზოგადად მსოფლიოში, საგრძნობლად შემცირებულია. ამ ყოველივეს ნათელი დადასტურება იყო ის, რაც ჩვენ 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე ვიხილეთ.

4 წლის წინ, პუტინი გვარწმუნებდა რომ კიევს აიღებდა სამ დღეში. ახლა კი ტრამპის მეშვეობით თხოვდა ზელენსკის რომ ორი დღის განმავლობაში არ შეეტიათ წითელი მოედნისათვის. სხვათა შორის ზელენსკის არ უთქვამს რომ უკრაინა დაბომბავდა წითელ მოდანს.

ზელენსკიმ თქვა რომ უკრაინული დრონები სამხედრო აღლუმის საჰაერო ნაწილში მიიღებდნენ მონაწილეობას. რამაც, როგორც ჩანს, ძალიან დააფრთხო ბატონი პუტინი და მან საჭიროდ ჩათვალა ტრამპის ჩართვა. 4 წლის წინ ვინმეს რომ ჩვენთვის ეთქვა 2022 წლის თებერვალ-მარტში ასე იქნებოდა, ცხადია, ეს ძნელი დასაჯერებელი იქნებოდა.

დღეს ასეთია რეალობა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ რუსეთის გავლენები უკიდურესად მცირდება სამხრეთ კავკასიაში. 9 მაისს მოსკოვში გამართული აღლუმი იყო საცოდავი სანახაობა. სსრკ-ს პერიოდიდან ჩვენ მიჩვეულები ვიყავით სულ სხვა გარემოებებში ჩატარებულ გამარჯვების აღლუმებს. აღლუმებს სტუმრობდნენ პრეზიდენტები, აშშ-დან, საფრანგეთიდან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები და ასე შემდეგ.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ რუსეთის გავლენები უკიდურესად მცირდება სამხრეთ კავკასიაში. 9 მაისს მოსკოვში გამართული აღლუმი იყო საცოდავი სანახაობა. სსრკ-ს პერიოდიდან ჩვენ მიჩვეულები ვიყავით სულ სხვა გარემოებებში ჩატარებულ გამარჯვების აღლუმებს

დღეს პუტინს შერჩა რამდენიმე დელეგაცია, აქედან ორი არაღიარებული საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან. დსთ-ს, ევრაზიული კავშირისა და კუხო-ს ქვეყნებიც კი სრული შემადგენლობით არ იყვნენ წარმოდგენილები. ამიტომ, ის, რაც ჩვენ 9 მაისს წითელ მოედანზე ვიხილეთ, ნამდვილად საცოდაობა იყო. პუტინის გამოსვლასაც დამაჯერებლობა აკლდა. მას არანაირი ახალი იდეა არ გაუჟღერებია.

ის, რაც ჩვენ 9 მაისს წითელ მოედანზე ვიხილეთ, ნამდვილად საცოდაობა იყო. პუტინის გამოსვლასაც დამაჯერებლობა აკლდა. მას არანაირი ახალი იდეა არ გაუჟღერებია

- მიუხედავად უკრაინაში წარმოებული წარუმატებელი ომისა, პრეზიდენტმა პუტინმა ამავე აღლუმზე მართალია ჩვეული რიხით ვერა, მაგრამ მაინც განაცხადა - „მტკიცედ ვარ დარწმუნებული რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა, გამარჯვება ყოველთვის იყო და ახლაც ჩვენს მხარეს იქნება“.

პრეზიდენტ პუტინის მრჩეველმა უშაკოვმა კი განაცხადა - „ომი უკრაინაში მანამდე არ დასრულდება, სანამ უკრაინა დონბასიდან თავის ჯარს არ გაიყვანს“.

არადა, გვახსოვს რუსეთს უკრაინის მთლიანად დაპყრობა უნდოდა, ახლა კი საუბარობს დონბასის იმ 20%-დან უკრაინული ჯარის გამოყვანაზე, რომელსაც რუსული ჯარი ძალის გამოყენებით დაკავებას ვერ ახერხებს. საუბარია უკრაინის იმ 4 ოლქზე, რომელიც რუსეთის კონსტიტუციაში რუსეთის ფედერაციის მხარეებად ჰყავს შეყვანილი.

პუტინის უსაფუძვლო ბაქა-ბუქი, უშაკოვის ეს განცხადებაც როგორ აღიქმება?

- პუტინისა და უშაკოვის ეს განცხადებები არის რუსეთის სისუსტის გამოვლინება. შეგახსენებთ, რუსეთს არა მხოლოდ ლუგანსკისა და დონბასის ოლქები, არამედ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიც ჰყავთ შეყვანილი რუსეთის შემადგენლობაში.

ამ განცხადებით, უშაკოვმა სამართლებრივი თვალსაზრისით თავად თქვა უარი რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს მიუთითებს იმაზე რომ რუსეთის ხელმძღვანელობა სულ უფრო მეტად უახლოვდება რეალობას.

საქმე ისაა, რომ ბოლო რამდენიმე თვეა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ძალთა ბალანსი გადაიხარა უკრაინის სასარგებლოდ. ეს მხოლოდ ემოციური აღქმა არაა, რადგან კონკრეტული ციფრები მეტყველებენ ამაზე. მეოთხე თვეა უკრაინელები იმაზე მეტ რუს ჯარისკაცს ანადგურებენ, ვიდრე მობილიზაციის რესურსით შეუძლია რუსეთს ჯარისკაცების კონტრაქტით ომში გაწვევა.

ბოლო რამდენიმე თვეა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ძალთა ბალანსი გადაიხარა უკრაინის სასარგებლოდ. ეს მხოლოდ ემოციური აღქმა არაა, რადგან კონკრეტული ციფრები მეტყველებენ ამაზე. მეოთხე თვეა უკრაინელები იმაზე მეტ რუს ჯარისკაცს ანადგურებენ, ვიდრე მობილიზაციის რესურსით შეუძლია რუსეთს ჯარისკაცების კონტრაქტით ომში გაწვევა

ასევე უნდა ითქვას, რომ აპრილში უკრაინელებმა 140 კვადრატული კილომეტრი საკუთარი მიწა დაიბრუნეს. გარდა ამისა, უკრაინის ტექნოლოგიური უპირატესობაზე ახლა მარტო ზარმაცი აღარ საუბრობს. პროფესიული მკვლევარებისთვის იმის არ აღიარება რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ძალთა ბალანსი უკრაინის მხარეს არაა, ამ შემფასებლებისთვის სახიფათოც კია.

- როგორც კი დასრულდა 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, პუტინის მრჩეველმა უშაკოვმა თქვა - „კიევში სწორად ვერ გაიგეს და შეთანხმებას თავის სასარგებლოდ ინტერპრერირებენ“.

არადა, გვახსოვს პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება იმის თაობაზე რომ 1000-1000 ტვეების გაცვლა ღირს იმად რომ წითელ მოედანზე აღლუმმა მშვიდად ჩაიაროს.

ამის პასუხად მოსკოვმა თქვა - „რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებს აჩერებს“. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა მოსკოვში, რაც პუტინმა თქვა რომ მზადაა ზელენსკის ომის დასრულების პირობებზე შეხვდეს.

მოლაპარაკებებზე მიღწეეულ შეთანხმებებს რომ რუსეთი არ ასრულებს, ეს ჩვენ ჩვენს თავზე გვაქვს გამოცდილი. გადა ამისა, ამაზე მეტყველებს მათი დიპლომატიის ისტორიაც.

მოლაპარაკებებისადმი რუსეთის ასეთი დამოკიდებულება რაზე მიუთითებს?

- ვისაც რუსეთის ფედერაციასთან აქვს მოლაპარაკებების გამოცდილება, ნამდვილად არ უნდა უკვირდეს ის, რომ რუსეთი მოლაპარაკებებზე მიღწეულ შეთანხმებებს არაფრად არ აგდებს. ამგვარი პრაქტიკა რუსეთის დიპლომატიას მეფის რუსეთიდან აქვს. ეს ტრადიცია შემდეგ სსრკ-ც გააგრძელა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სსრკ, რუსეთის იმპერიასთან შედარებით უფრო აკურატული იყო საკუთარი ვალდებულებების შესრულებაში.

მე შემიძლია ათობით ხელშეკრულება ჩამოვთვალო, უკრაინასთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ყაზახეთთან, ბელორუსთანაც კი დადებული, რომელსაც რუსეთი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე არღვევდა.

ამიტომ, რუსეთთან ურთიერთობაში მე ჩემი საკუთარი ფორმულა მაქვს გამოყვანილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია იმის შანსი რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე ამ შეთანხმებას დაარღვევს. ასე იყო უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში.

რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია იმის შანსი რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე ამ შეთანხმებას დაარღვევს. ასე იყო უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში

ამიტომ, ერთადერთი გარანტია რომ რუსეთმა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები, არის სერიოზული საერთაშორისო გარანტიები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები.

მაგრამ, როდესაც ამას ვამბობ, აქაც გარკვეული დათქმაა საჭირო, რადგან, ამ შემთხვევაშიც კი რუსეთი არ ასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

ამის კარგი მაგალითია უკრაინასთან დაკავშირებით 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა ელჩინმა ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა აშშ-ს პრეზიდეტთან და ბრიტანეთის პრემიერთან ერთად. მაგრამ, შემდეგ ეს დოკუმენტი არაფრად არ ჩააგდო.

სხვათა შორის, რუსები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ პუტინი არ ასრულებს იმ შეთანხმებებს, რომელიც წინა პრეზიდენტის მიერ იყო ხელმოწერილი. თითქოს ეს გამამართლებელი არგუმენტი იყოს.

მაგრამ, საქმე ისაა, რომ პუტინი მის მიერვე ხელმოწერილ შეთანხმებებსაც ხშირად არღვევს. მაგალითად, 2003 წელს ის როგორც რუსეთის პრეზიდენტი მაისში ეწვია კიევს და პრეზიდენტ კუჩმასთან ერთად გააფორმა უკრაინასთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ხელშეკრულება. შემდგომ ეს ხელშეკრულება უკრაინის რადაში და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში იქნა რატიფიცირებული. მაგრამ, პუტინს 2014, როცა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა ეს დომუნეტი საერთოდ არ გახსენებია.

პუტინი მის მიერვე ხელმოწერილ შეთანხმებებსაც ხშირად არღვევს. მაგალითად, 2003 წელს ის როგორც რუსეთის პრეზიდენტი მაისში ეწვია კიევს და პრეზიდენტ კუჩმასთან ერთად გააფორმა უკრაინასთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ხელშეკრულება. შემდგომ ეს ხელშეკრულება უკრაინის რადაში და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში იქნა რატიფიცირებული. მაგრამ, პუტინს 2014, როცა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა ეს დომუნეტი საერთოდ არ გახსენებია

მე უფრო ხშირად ის მიკვირს, როდესაც რუსეთი თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს იცავს. რუსეთის მხრიდან შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დარღვევა ჩვეულებრივი ამბავია.

- 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში პუტინი სოხუმისა და ცხივნალის დე-ფაქტი ხელისუფლებების პრეზიდენტებს გუნბასა და გაგლოევს შეხვდა.

გაგლოევთან შეხვედრაზე გაირკვა, რომ რუსეთმა და ცხინვალის ხელისუფლებამ ხელი მოაწერეს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის „გაღმავებულ ინტეგრაციას“ ხელშეკრულებას. ცხინვალის რეჟიმი ასეთ შეთანხმებებს მოსკოვთან განიხილავს როგორც „ოსი ერის გაერთიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯს“.

აქ ახალი არაფერია, კარგა ხანია ვიცით, რომ ცხინვალელი სეპარატისტები ამ თემებზე აქტიურად მუშაობენ.

ვხედავთ, რომ ამ ფაქტზე საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია იგვიანებს. თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე?

- ეს არის, როგორც მინიმუმ, დიპლომატიის პასიურობა მნიშვნელოვან საკითხებზე, ან არის საერთაშორისო არენაზე საქართველოს ინტერესების უგულვებელყოფა.

ხშირად გვესმის ჩვენი მთავრობიდან და პარლამენტერებისგან რომ ჩვენ ახლა ყველაზე მეტად სუვერენულები ვართ, მაგრამ, მე მინდა შევახსენო მათ, რომ სუვერენიტეტი და სუვერენული უფლება მიიღო გადაწყვეტილება არ გახლავთ მხოლოდ უფლებების დეკლარაცია.

ჩვენ უნდა გვქონდეს იმის უნარი და შესაძლებლობა რომ შეგვეძლოს ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცება საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში და ეს არ არის რაღაც ზოგადი ცნება. ეს უნდა გამოიხატებოდეს კონკრეტულ დიპლომატიურ ნაბიჯებში.

მაგალითად, ბოლო პერიოდში ორჯერ ძალიან უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს სუვერენიტეტი, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას არაფერი ქმედება არ ჰქონია.

ჩვენს ინტერესებშია და ამას „ოცნების“ მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას ყოველ ჯერზე იმეორებს რომ ჩვენს ერთ ერთ პრიორიტეტად რჩება ჩვენი ორი ოკუპირებული რეგიონის არაღიარების ხელშეწყობის პოლიტიკა. ძალიან კარგია რომ საგარეო უწყება ამას აკეთებს.

მაგრამ, რა გავაკეთეთ ჩვენ იმისათვის რომ ორ ქვეყანაში, რომლებშიც შეიცვალა ხელისუფლება, რომლებსაც აქვთ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა? არადა ამ ქვეყნების ხელისუფლებებზე სერიოზული გავლენა აქვთ აშშ-ს. ვგულისხმობ ვენესუელას და სირიას. ჩვენ რატომ არაფერი არ გავაკეთეთ იმისთვის რომ ამ ქვეყნებს ეს აღიარება უკან გაეწვიათ?

რა გავაკეთეთ ჩვენ იმისათვის რომ ორ ქვეყანაში, რომლებშიც შეიცვალა ხელისუფლება, რომლებსაც აქვთ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა? არადა ამ ქვეყნების ხელისუფლებებზე სერიოზული გავლენა აქვთ აშშ-ს. ვგულისხმობ ვენესუელას და სირიას. ჩვენ რატომ არაფერი არ გავაკეთეთ იმისთვის რომ ამ ქვეყნებს ეს აღიარება უკან გაეწვიათ?

ჩვენ რომ ამერიკელებთან გვქონოდა ნორმალური ურთიერთობები, რომელიც აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გვქონდა, ამის გაკეთებას წინ ვერაფერი ვერ აღუდგებოდა. ეს ნამდვილად იქნებოდა ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცება.

ძალიან უხეშად დაარღვია ჩვენი სუვერენიტეტი რუსეთმა როცა ჩვენი საჰაერო სივრცის დაეღვევა მოახდინა ბაბუშერის აეროპორტის ამოქმედებით. ვგულისხმობ მოსკოვს ადა სოხუმს შორის პირდაპირი რეისების დანიშვნას. ჩვენ რუსებთან ურთიერთობებში სერიოზული ბერკეტები არ გაგვაჩნია, მაგრამ, ზუსტად ამ სფეროში გაგვაჩნია ძალიან სერიოზული ბერკეტები.

ეს ბერკეტი არის ის, რომ რუსეთის სანქცირებისა და იზოლირების პირობებში რუსული ავიაკომპანიები თუ სადმე ნახულობენ მოგებას, ეს არის საქართველოს საჰაერო სივრცე, რომელსაც ისინი იყენებენ ტრანზიტისთვის საკუთარი მოქალაქებისთვის.

ჩვენ რომ ამერიკელებთან გვქონოდა ნორმალური ურთიერთობები, რომელიც აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გვქონდა, ამის გაკეთებას წინ ვერაფერი ვერ აღუდგებოდა. ეს ნამდვილად იქნებოდა ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცება

ჩვენს საჰაერო ადმინისტრაციას რომ ძალიან მტკიცედ დაეყენებინა საკითხი რუსული ავიაკომპანიების წინაშე, - თქვენ ასარჩევია ორი გზა - თქვენ ან იფრენთ საქართველოს სამ მნიშვნელოვან აეროპორტში - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და გააგრძელბთ სერიოზული მოგების გენერირებას, ან იფრინეთ სოხუმში, მაგრამ აგეკრძალებათ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება.

მე გარწმუნებთ, რომ ეს კომპანიები ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის რომ მოსკოვი-სოხუმის ფრენები არ შემდგარიყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია იკაო, არსებობს ჩიკაგოს კონვენცია, რომლის თანახმადაც ჩვენ ყველა ინსტრუმენტი გვაქვს ხელთ რომ ავღკვეთოთ ჩვენს საჰაერო სივრცეში უკანონო ფრენები.

ჩვენს საჰაერო ადმინისტრაციას რომ ძალიან მტკიცედ დაეყენებინა საკითხი რუსული ავიაკომპანიების წინაშე, - თქვენ ასარჩევია ორი გზა - თქვენ ან იფრენთ საქართველოს სამ მნიშვნელოვან აეროპორტში - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და გააგრძელბთ სერიოზული მოგების გენერირებას, ან იფრინეთ სოხუმში, მაგრამ აგეკრძალებათ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება

ეს არის ორი კონკრეტული მაგალითი, რომლებიც საჭიროებს კონკრეტულ დიპლომატიურ ქმედებებს, სისტემურ მუშაობას საერთაშორისო არენაზე, მრავალმხრივი დიპლომატიური არხების გამოყენებას. ეს იქნებოდა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და არა მხოლოდ ამაზე თბილისში ლაპარაკი.

- პუტინმა ჯერ ის გაიოცა თუ რატომ გახდა ფინეთი ნატოს წევრი, შემდეგ სომხეთზე ისაუბრა და სომხეთისაგან მოითხოვა რეფერენდუმის ჩატარება - უნდა გაწევრიანდეს თუ არა სომხეთი ევროკავშირში. ვნახეთ ისიც რომ იგი პრემიერ ფაშინიანს და სომეხ ხალხს დაემუქრა კიდეც.

აქ სხვა რამაა საინტერესო. ვიდრე ორბანი უნგრეთში პრემიერობდა, „ოცნების“ ხელისუფლება ამტკიცებდა რომ სწორედ ორბანი იყო ევროკავშირში საქართველოს ლობისტი.

გასაგებია რომ ახლა ის პოლიტიკაში აღარაა, მაგრამ თუ კრემლს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აღიზიანებს, გაუგებარია პუტინთან დაახლოებული ორბანი როგორღა იყოს საქართველოს ლობისტი ევროკავშირში? სომხეთის მიმართ პუტინის თითის ქნევა ჩვენც გვეხება?

- გარკვეულ წილად ჩვენც გვეხება, მაგრამ, აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი.

პირველი - ქალბატონი ზახაროვა არ უსმენს მის პრეზიდენტს. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა - „საქართველო რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს, ის უმალვე ჩაეწერება რუსეთის არამეგობრულ ქვეყნებში“.

პუტინმა სომხეთზე საუბრისას იმავე თემაზე თქვა - რომ ეს სომეხი ხალხის არჩევანია, ჩვენ ამას გაგებით მოვეკიდებით რომ რუსეთსა და სომხეთს შორის მოხდესმოხდეს „მშვიდობიანი განქორწილება“. ამ ნაწილში, პუტინის დამოკიდებულება სომხეთისა და საქართველოს მიმართ არის განსხვავებული.

ეს იმითაა გასაკვირი რომ ჩვენ რუსეთთან არანაირი ვალდებულება არ გაქვს სომხეთისაგან განსხვავებით. ჩვენ არც ევრაზიული კავშირის წევრი ვართ და არც კუხო-ს წევრი ვართ და არც საბაჟო კავშირის წევრი არ ვართ.

სომხეთზე პუტინის განცხადება იყო ძალიან წინააღმდეგობრივი, იმიტომ რომ მან გაიხსენა იანუკოვიჩის ამბები. პრაქტიკულად პუტინმა ფაშინიანს უთხრა - შენ თუ გადაუხვევ ევროინტეგრაციის გზას, როგორც იანუკოვიჩმა ქნა, სომეხი ხალხი ჩამოგაგდებს და გადაძევებს ქვეყნიდან. ამ შემთხვევაში პუტინს არაკორექტული და არაკომპეტენტური შედარება გამოუვიდა.

მე მესმის მან ეს რატომ გააკეთა, მას ეს მუქარისთვის გააკეთა. პრაქტიკულად, პუტინმა სომხებს უთხრა - თქვენ შეიძლება გახდეთ მეორე უკრაინა. ვფიქრობ, რომ პუტინს სომხეთთან დაკავშირებით კარგი მრჩევლები არ ჰყავს. თუ ის სომხეთის შიდა საქმეებში გასარკვევად ეყრდნობა ქალბატონ მარგალიტა სიმონიანისა და ანდრონიკ მიგრანიანის შეფასებებს, ეს არ არის ის განწყობები, რომელიც დღეს ახასიათებს სომხურ საზოგადოებას.

სომეხმა ხალხმა გადადგა ძალიან ბრძნული ნაბიჯი, ეს სხვათა შორის, ფაშიანიანისა და მისი პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა. სომხებმა გაიგეს თუ რა გემო აქვს რუსების გარეშე მშვიდობას და ევროპასთან ინტეგრაციულ პროცესებს, მიხვდნენ რომ მათ მეზობლებთან რეალურად უნდა ჰქონდეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ეს მათ მისცემთ მშვიდობიანი განვითარებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობას როგორც სრულფასოვან სახელმწიფოს.

სომხებმა გაიგეს თუ რა გემო აქვს რუსების გარეშე მშვიდობას და ევროპასთან ინტეგრაციულ პროცესებს, მიხვდნენ რომ მათ მეზობლებთან რეალურად უნდა ჰქონდეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ეს მათ მისცემთ მშვიდობიანი განვითარებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობას როგორც სრულფასოვან სახელმწიფოს

ახლა სომხეთში ამ განწყობების შემოტრიალება იქნება ძალიან რთული და ჩვენ დავინახავთ რომ 7 ივნისს სომეხი ამომრჩეველი უპირებოდა დაუჭრს მხარს ნიკოლ ფაშიანიანის ხელმეორედ გაპრემიერებას. ახლა საკითხავი ისაა, მისი პარტია არჩევნებში გაიმარჯვებს უბრალო უმრავლესობით თუ საკონსტიტუციო უმრავლესობით.

- 13-15 მაისს ტრამპი პეკინში ჩადის. მისი ვიზიტი ჩინეთში მაშინაა დაგეგმილი, როცა იგი მაინცადამაინც წელგამართული ვერაა, რადგან აშშ-ირანის ომის ბოლო გაურკვეველია.

სავარაუდოდ, როგორ აისახება ტრამპის ვიზიტი პეკინში და სითან შეხვედრა უკრაინა-რუსეთის ომზე და აშშ-ირანის ომზე?

- აშშ და ჩინეთი გლობალური მოთამაშეები არიან. მათ აქვთ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული დღის წესრიგი, ტაივანიდან დაწყებულიდა იშვიათი მეტალების თემით დამთავრებული. მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ შეიძლება ისაუბრონ ბირთვული განიარაღების საკითხებზე, ასევე აუცილებლად ისაუბრებენ რუსეთ-უკრაინის ომზე და აშშ-ირანის ომზეც.

ამ ეტაპზე, ალბათ რადიკალურად არაფერი შეიცვლება. აშშ-ირანის ომის თემაზე ტრამპის პოზიციებბი არც ისე მყარია, მაგრამ, ფაქტია, რომ პრაქტიკუალდ სამდღიანი ვიზიტით ჩადის ტრამპი პეკინში, რაც ამერიკის დიპლომატიისთვის იშვიათი მოვლენაა. ტრამპი ორ ღამეს გაატარებს ჩინეთში. ეს კი იმას ნიშნავს რომ მხარეები ამ შეხვედრაზე ორ ან სამ ძალიან სერიოზულ პირისპირ რაუნდს მოლაპარაკებებისას გამართავენ.

ფაქტია, რომ პრაქტიკულად სამდღიანი ვიზიტით ჩადის ტრამპი პეკინში, რაც ამერიკის დიპლომატიისთვის იშვიათი მოვლენაა. ტრამპი ორ ღამეს გაატარებს ჩინეთში. ეს კი იმას ნიშნავს რომ მხარეები ამ შეხვედრაზე ორ ან სამ ძალიან სერიოზულ პირისპირ რაუნდს მოლაპარაკებებისას გამართავენ

ამგვარ პროტოკოლურ ფორმატზე წინასწარ შეთანხმება იმაზე მეტყველებს რომ ორივე მხარეს აქვს იმედი სერიოზული წინსვლის ორმხრივ ურთიერთობებში და საერთოდ, გლობალური საკითხის კონტექსტში.

რა შედეგით დასრულედება ეს შეხვედრები, პროგნოზირება ძალიან რთულია და აჯობებს დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ამ თემებზე შემდეგ ვიმსჯელოთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა