ჯუზეპე პაზოტო შიო III-ს - გქონდეთ ჩვენი სიტყვისა და საქმის იმედი - ვითხოვთ თქვენს უწმიდესობაზე სულიწმიდის მადლის სიუხვეს - სიბრძნეს საწინამძღვროდ, სიმტკიცეს გამძლეობისთვის, მშვიდობას, რომელსაც სოფელი ვერც იძლევა და ვერც გვართმევს

საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო იტალიიდან, ქალაქ ვერონიდან ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, შიო III-ს არჩევას.

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მიმართავს პატრიარქს, რომ ჰქონდეს კათოლიკური ეკლესიის „სიტყვისა და საქმის იმედი“.

წერილში ეპისკოპოსი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი პატრიარქი ხელს შეუწყობს შეხვედრის, დიალოგისა და საერთო მოწმობის შესაძლებლობას.

“უწმიდესო მამაო, სულიერი სიხარულითა და ღრმა პატივისცემით ვუერთდები იმ მილოცვათა ნაკადს, ყოველი მხრიდან რომ მოედინება თქვენკენ საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად არჩევისა და აღსაყდრების გამო.

პირადად ჩემი და ჩემზე მონდობილი სამწყსოს სახელით გიდასტურებთ პატივისცემას და გარწმუნებთ, ძმური ლოცვით შეგეწევით თქვენს ამ საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში, რაც იტვირთეთ. საქართველოსა და ქართველ კათოლიკეთა ოჯახი იგულეთ იმ და-ეკლესიად, რომელსაც გააზრებული აქვს ჩვენი მაცხოვრისაგან დანატოვარი საერთო მისია სასუფევლის საშენებლად და გქონდეთ ჩვენი სიტყვისა და საქმის იმედი.

ჩვენ ერთად ვართ მოწოდებულნი, ვიყოთ ქრისტეს ერთი სახარების მოწმენი სამყაროში, სადაც განხეთქილება და გაურკვევლობა სუფევს. ამ ქრისტიანული ძმობის სულისკვეთებით, ვიმედოვნებ, რომ გზა, რომელსაც შეუდგებით, იქნება შეხვედრის, დიალოგისა და საერთო მოწმობის შესაძლებლობა.

ვითხოვთ თქვენს უწმიდესობაზე სულიწმიდის მადლის სიუხვეს — სიბრძნეს საწინამძღვროდ, სიმტკიცეს გამძლეობისთვის, მშვიდობას, რომელსაც სოფელი ვერც იძლევა და ვერც გვართმევს, რათა თქვენი პატრიარქობა ნაყოფიერი გახდეს კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, მთელი საქართველოსთვის და კავკასიის ქრისტიანული ოჯახის სისავსისათვის”, - ნათქვამია ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორის, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს მილოცვის წერილში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, მის უწმიდესობისა და უნეტარესობის შიო III-ის მიმართ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა