ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორ მუნიციპალიტეტში კორუფციული ფაქტები გამოავლინეს, დაკავებულია 3 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, კორუფციული ფაქტები გამოავლინეს, რასთან დაკავშირებითაც სამი პირია დაკავებული, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ია ახალაიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე - ერთი მოქალაქე.

„გამოძიებით დადგენილია, რომ საჯარო მოხელემ, შუამავლის მეშვეობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 10 000 აშშ დოლარი. მოცემულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - განაცხადა ია ახალაიამ.

მისივე თქმით, მეორე კორუფციული ფაქტი გამოვლინდა წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს იყენებდა მოქალაქეებზე ყალბი ცნობების გასაცემად. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1 000 ლარი.

საჯარო მოხელე დანაშაულის ჩადენის დროს იქნა დაკავებული. ამ შემთხვევაში სასჯელი ქრთამის აღებისათვის თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ორივე საქმეზე თანხები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

მივმართავთ ყველა იმ საჯარო მოხელეს, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაითავისა, რომ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი ვერ დარჩება - მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაკისრებულ მოვალეობებს და თავი შეიკავონ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებებისგან. საგამოძიებო სამსახური და ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოები, განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას საქართველოში კორუფციული ფაქტების ბოლომდე აღმოფხვრის მიზნით“,- განაცხადა ია ახალაიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები