შსს - ბოლო 24 საათში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ჯგუფის წევრები კონკრეტულ პირებს ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, შემდეგ კი თანხებს საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, კიდევ 7 პირს ბრალი წარედგინა – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, რომელთა შორის ორი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

„სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები.

დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდებს – ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძეს, რომლებიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდებს დახმარების მიზნით, პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა, „ქურდული სამყაროს“ სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა, 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მიმართ, რათა ქვეყანაში დაცული იყოს კანონი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია კრიმინალურ საქმიანობაში, არღვევს კანონს ან ხელს უწყობს დანაშაულებრივ საქმიანობას, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, - განაცხადა დავით კიკნაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები