საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით CIU-ს პროფესორების მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებითა და მასპინძლობით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) პროფესორების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტის მინდია უგრეხელიძისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორის ბექა ქანთარიას ორწიგნეულის - „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ პრეზენტაცია. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წიგნის ორივე ტომის რედაქტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.

უნივერსიტეტის ცნობით, ორწიგნეული მომზადდა და გამოიცა CIU-ს სამართლის ფაკულტეტის კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე.

„პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, კონსტიტუციონალისტები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სესილი გოგიბერიძე, აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე და პროფესორი ბექა ქანთარია.

ორწიგნეული წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო გამოცემას, რომელიც დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში კონსტიტუციური იდეების ჩასახვა, გავრცელება და განვითარება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე XX საუკუნის 20-იან წლებში, რაზეც ხშირად მიუთითებენ თანამედროვე ქართულ სამართალმცოდნეობაში. ორტომეულში თავმოყრილი პუბლიკაციები, რომლებიც მე-19 საუკუნის ქართულ პერიოდიკაში იყო გამოქვეყნებული, ცხადყოფს, რომ ქართული საზოგადოება დიდი ინტერესით ეზიარა ევროპულ სამართლებრივ და კონსტიტუციურ კულტურას, სიღრმისეულად დაეწაფა ცოდნას კონსტიტუციური დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ.

გამოცემა იმ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ იგი წარმოაჩენს საქართველოს, არა როგორც ევროპული სამართლებრივი სინამდვილის პერიფერიას, არამედ როგორც მისი ქმნადობის პროცესის უშუალო მონაწილეს. ეს კი მე-19 საუკუნის ევროპული კონსტიტუციონალიზმის ძირითადი ტენდენციების გავრცელებასა და დამკვიდრებასთანაა დაკავშირებული. ამ დროის ქართულ პრესაში დაბეჭდილი უაღრესად საინტერესო პუბლიკაციები კონსტიტუციის, სახელმწიფო მმართველობის, ხელისუფლების ცალკეული განშტოებების, დემოკრატიის, თავისუფლებისა და სამართლის ფუნდამენტურ საკითხებზე, იძლევიან მეცნიერული დასკვნის საშუალებას, რომ ამ ეპოქაში ქართველ ხალხს კონსტიტუციონალიზმის იდეები ფართოდ ჰქონდა გააზრებული და გათავისებული.

ორტომეული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეროვნული სამართლებრივი და კონსტიტუციური აზროვნება ისტორიულად დასავლურ ტრადიციებთან იყო დაკავშირებული და ინტერესი ამ იდეების მიმართ, საქართველოში საუკუნეზე მეტი ხნის წინ არსებობდა. ამიტომ, გამოცემა არა მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობის წყაროა, არამედ სამეცნიერო ნაშრომია თანამედროვე ქართული კონსტიტუციონალიზმის ფესვების შესახებ.

ორწიგნეული ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იღვწოდნენ დიდი ქართველი განმანათლებლები და მათი მიმდევრები, რათა გაეყვანათ ერი ევროპული სამართლებრივი კულტურის ფართო მაგისტრალზე. დიდწილად, სწორედ ამის ნაყოფია საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია, მათ შორის თანამედროვე ქართული კონსტიტუციონალიზმი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები