შერიგება შენ შეიძლება გამოიყენო როგორც იდეა მხარეების მიმართ, რომელთაც ერთმანეთი დააზიანეს. ჩვენს შემთხვევაში, საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც ტყუილად სხედან ციხეში, - ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ახალი პატრიარქის პირობებში საერო შერიგების ალბათობაზე საუბრისას განაცხადა.
დოლიძის თქმით, პატრიარქ შიო მესამეს შეუძლია, თხოვნით მიმართოს მას, ვისაც ძალაუფლება აქვს, სთხოვოს, რომ გამოიჩინოს კეთილი ნება და გაათავისუფლოს აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
“მე ვფიქრობ, შერიგებაზე არასწორად არის საკითხი დაყენებული, რადგან შერიგება შენ შეიძლება გამოიყენო როგორც იდეა მხარეების მიმართ, რომელთაც ერთმანეთი დააზიანეს ან აწყენინეს. მხარეები გარკვეულწილად შეიძლება შეარიგო, რომლებმაც თანაბრად დააზიანეს ერთმანეთი.
ჩვენს შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკასა და კონკრეტულად პოლიტპატიმრებს, საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც ტყუილად სხედან ციხეში.
ზვიად ცეცხლაძე, მაგალითად, საჯარო განცხადებების გამო არის ციხეში და უკვე მეორე წელია, პატიმრობაში იმყოფება. ჩვენი კანონმდებლობით, თუ არ ჩავთვლით ბოლო ჟამის კანონმდებლობას, განცხადებების გაკეთება დანაშაული არ იყო. მას შემდეგ გახდა დანაშაული, რაც ის დრაკონული, დიქტატორული კანონები მიიღეს.
თუ ჩვენ გამოვიყენებთ ტერმინს “შერიგება”, მაგას შემდეგ მოსდევს ის, რომ პირობითად, შალვა პაპუაშვილს რომ ვარიგებთ ვიღაცასთან, ამას მოსდევს ის განცხადებები, რომ მეორე მხარემ მაშინ ბოდიში უნდა მოიხადოს.
სინამდვილეში ჩვენ საქმე გვაქვს შემდეგ ქმედებასთან - აქეთა მხარეს არის ხელისუფლების მიმტაცებელთა ჯგუფი, რომელიც აგრძელებს ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობას, ახრჩობს ხალხს, ამჯერად ახრჩობს გადასახადებით, ჯარიმებით, სესხების გაძვირებით… ეს არის ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი არის თავისუფლებისთვის მებრძოლთა ჯგუფი. რისთვის უნდა მოიხადოს ბოდიში ადამიანმა, რომელიც გაზრდილია ზვიადის, მერაბისა და ამბროსი ხელაიას იდეალებზე. ისინი ერთადერთი იმას ამბობდნენ, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს საქართველოს გათავისუფლება. ამიტომ, მე სიტყვა შერიგებას არ გამოვიყენებდი.
კათოლიკოს-პატრიარქს შეუძლია, მიმართოს თხოვნით მას, ვისაც აქვს ძალაუფლება, ვისაც აქვს ბერკეტი, რომ მან გადადგას კეთილი ნების ნაბიჯი და ეს ხალხი ციხიდან გამოუშვას. ეს იქნება ამ თემის სწორად დაყენება”, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მას “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან სალაპარაკო არაფერი აქვს და თუ ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული კრიზისი არ უნდა, დოლიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში არჩევნები უნდა დაინიშნოს.
“ალიანსი რომ შეიქმნა, რამდენიმე ოპოზიციონერმა დაიწყო საუბარი, ჩვენ მათ [“ქართული ოცნების” წარმომადგენლებს] დავსვამთ დიალოგზეო. მე გამოვედი და მკაცრად ვთქვი, საიდან მოვიდა ეს საჭიროება, არ მესმის. მოგვენატრა შალვა პაპუაშვილი? ვინმეს ბიძინა ივანიშვილის მოენატრა? ვინმეს მოენატრა ირაკლი კობახიძე და მასთან დიალოგი სჭირდება? ერთ მაგიდასთან დავსხდეთო… რატომ უნდა დავსხდეთ ერთ მაგიდასთან, არავითარი ინტერესი არ მაქვს ამის. თქვენ გაქვთ ამდენი ცხოვრება, რომ ერთი წამიც კი გაატაროთ ამ თაღლითებთან, რომლებმაც ხელისუფლება მოიტაცეს?
დიალოგი კი არა, აქ არის გასაკეთებელი შემდეგი რამ. ბურთი და მოედანი მაგათ აქვთ, შეუძლიათ ადგნენ და დანიშნონ ნორმალური არჩევნები, თუ არ უნდათ ქვეყანაში კრიზისი”, - განაცხადა ანა დოლიძემ.