გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა

პეკინში აშშ-ს პრეზიდენტისა და ჩინეთის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელსა და „ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარს, გიორგი ანთაძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, პეკინში დასრულდა აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა. ამ შეხვედრის წინ ბევრი დამკვირვებელი მიიჩნევდა რომ პრეზიდენტი ტრამპი ირანში წარმოებული ომის გამო დასუსტებული პოზიციებით ჩავიდა.

ტრამპს პეკინში ჩასვლა ირანში ომის დასრულების შემდეგ სურდა, მაგრამ, მან რამდენჯერმე გადადებული ვიზიტის შემდეგ 13-15 მაისისათვის დაგეგმილ შეხვედრაზე უარი არ თქვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცხადია გახდა რომ ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა ორი ზესახელმწიფოს მეთაურის შეხვედრა იყო. ამ შეხვედრაზე მათ უნდა ემსჯელად აშშ-ირანის ომის დასრულების პერსპექტივებზე, ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობებზე, ირანის ბირთვული პროგრამაზე, ასევე უკრაინა-რუსეთის ომზე და აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრაზე გაირკვა, რომ დღევანდელ მსოფლიოს ორი ლიდერი სახელმწიფო აშშ და ჩინეთი ჰყავს. როგორც ჩანს, დასრულდება საუბრები ერთპოლუსიან მსოფლიოზე, მსოფლიო მრავალპოლისიანი კია, მაგრამ რუსეთი ვაშინგტონისა და პეკინის პოლუსებში არანაირად არ შედის, მიუხედავად იმისა, რომ იგი ბირთვულ სახელმწიფოდ რჩება.

ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს სი ძინ პინის ნათქვამი ტრამპისათვის - „კარგია, რომ აშშ და ჩინეთი თუკიდიდეს მახეში არ გაებნენ.“

რადგან ასეა, მოდით საუბრი დავიწყოთ ერთი მხრივ ამ შეხვედრის ზოგადი შეფასებით, ხოლო მეორე მხრივ ტრამპისა და აშშ-თვის ასე მნიშვნელოვანი ირანის თემით.

ტრამპის თქმით, სი ეთანხმება იმას, რომ „ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს,“ ასევე ტრამპმა თქვა რომ „არ აპირებს ირანისათვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას“. ეს პოზიციები ტრამპისთვის რომ მისაღებია ცხადია, მაგრამ, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რა ბედი ეწევა ირანის გამდიდრებულ ურანს.

თქვენ ზოგადად როგორ შეფასებდით ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრას და ირანთან დაკავშირებით მიღწეულ პოზიციებს?

- ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა.

ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა ურთიერთობის „კონსტრუქციულ, სტრატეგიულ და სტაბილურ “ხასიათს, რაც ჩინეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო — მათ მიიღეს “G2-ის ფორმატის” დე-ფაქტო აღიარება, სადაც აშშ და ჩინეთი წარმოჩნდებიან როგორც ორი ძირითადი პოლუსი, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობებში “არ უნდა გაებნენ თუკიდიდეს მახეში”. როგორც სი ძინპინმა თქვა.

თუკიდიდეს მახე (ან ხაფანგი) არის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტოლოგიის ტერმინი, რომელიც აღწერს სიტუაციას, როდესაც არსებულ დომინანტ (ჰეგემონ) ძალასა და ახალ, სწრაფად აღმავალ ძალას შორის ომი თითქმის გარდაუვალი ხდება. ეს პელეპონესის ომიდან მოდის.

შეხვედრამ დაადასტურა, რომ დღევანდელი მსოფლიო ბიპოლარულია, ძირითადად აშშ-ჩინეთის ღერძით. რუსეთი, მიუხედავად ბირთვული სტატუსისა, ამ ორ პოლუსს შორის არ ჯდება როგორც თანაბარი მოთამაშე, არამედ უფრო რეგიონულ ან სუბრეგიონალურ ფაქტორად რჩება

შეხვედრამ დაადასტურა, რომ დღევანდელი მსოფლიო ბიპოლარულია, ძირითადად აშშ-ჩინეთის ღერძით. რუსეთი, მიუხედავად ბირთვული სტატუსისა, ამ ორ პოლუსს შორის არ ჯდება როგორც თანაბარი მოთამაშე, არამედ უფრო რეგიონულ ან სუბრეგიონალურ ფაქტორად რჩება.

ეს შეხვედრა კარგად აჩვენებს, რომ ტრამპის „ამერიკა პირველ რიგში“ და ძინპინის „ჩინეთის აღორძინება“ ერთმანეთს ეჯახება, მაგრამ ორივე მხარე ამჯობინებს პრაგმატულ თანაცხოვრებას კონფრონტაციის ნაცვლად.

ჩინეთი არ გამოჩენილა მზად, აქტიურად „დაარწმუნოს“ ირანი ან დაკარგოს თავისი გავლენა რეგიონში. პეკინს აწყობს ირანის რეჟიმის და მისი საგრეო პოლიტიკური ხედვის რეგიონში შენარჩუნება

ზუსტად, ისე, როგორც არსებული სიტუაციის ხედვა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშია ჩამოყალიბებული ჩინეთთან მიმართებით, ერთის მხრივ კონკურენციის აღიარება და მეორეს მხრივ ამ კონკურენციის მართვის აუცილებლობა შეკავებისა და კონსტრუქციული დიალოგის გზით. ეს შეხვედრაც ჯამში ამ სულისკვეთებას ატარებდა.

ირანის თემა შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური იყო, მაგრამ შედეგები უფრო დეკლარაციულია, ვიდრე კონკრეტული. ტრამპმა განაცხადა, რომ სი ეთანხმება: ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს და ჰორმუზის სრუტე უნდა გაიხსნას. ჩინეთმა ასევე გამოთქვა ინტერესი ამერიკული ნავთობის შეძენაში, რათა შეამციროს დამოკიდებულება ირანულ მიწოდებაზე. ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩინეთი არ აპირებს ირანისთვის სამხედრო დახმარებას.

ეს პოზიციები ტრამპისთვის მისაღებია, მინიმუმ დეკლალირებულ დონეზე, ვინაიდან არის ინფორმაცია რომ, რეალურად ჩინეთი ირანს ეხმარება სხვადსხვა ფორმით. ასეთი რიტორიკა აძლევს მას დიპლომატიურ საფუძველს - ჩინეთი, როგორც ირანის უმსხვილესი ნავთობის მყიდველს, თეორიულად შეუძლია გავლენა მოახდინოს თეირანზე.

თუმცა, რეალური გავლენის ხარისხი საეჭვოა: ჩინეთი არ გამოჩენილა მზად, აქტიურად „დაარწმუნოს“ ირანი ან დაკარგოს თავისი გავლენა რეგიონში. პეკინს აწყობს ირანის რეჟიმის და მისი საგრეო პოლიტიკური ხედვის რეგიონში შენარჩუნება. ოდესმე დემოკრატიული ირანი პეკინისთვის პრობლემა გახდება. სრუტის გახსნისა და ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებები ჯერჯერობით ზოგადია და არ შეიცავს კონკრეტულ მექანიზმებს ან ვადებს.

გამდიდრებული ურანის ბედი რჩება ერთ-ერთ პრობლემურ კითხვად - არც ერთი მხარეს არ გაუსვამს ხაზი კონკრეტულ ნაბიჯებზე. იგულისხმება საწვავის გამოტანა ან დაშლა

გამდიდრებული ურანის ბედი რჩება ერთ-ერთ პრობლემურ კითხვად - არც ერთი მხარეს არ გაუსვამს ხაზი კონკრეტულ ნაბიჯებზე. იგულისხმება საწვავის გამოტანა ან დაშლა.

ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, ამას „წითელ ხაზად“ მიიჩნევს მომავალ მოლაპარაკებებში, მაგრამ ჩინეთის პოზიცია აქ უფრო ნეიტრალურ-დამცავია ირანის მიმართ. თუმცა, თუ ყველა მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტი მნიშვნელოვნად დაზიანდა ან განადგურდა, ირანს დიდი ხანი დაჭირდება ამ ურანის გამოსაყენებლად, საერთოდაც თუ დართეს ნება ამ ობიექტების აღსადგენად.

შეხვედრა ტაქტიკური წარმატებაა ტრამპისთვის: მან შეინარჩუნა სახე, მიიღო რამდენიმე ეკონომიკური დაპირება (პეკინისთვის თვითმფრინავების მიყიდვა, სოფლის მეურნეობა) და არ დაუშვა ახალი ესკალაცია ჩინეთთან. სი ძინ პინისთვის კი - სტრატეგიული: მან აჩვენა ჩინეთი როგორც თანაბარი სუპერძალა, რომელიც არ ექცევა აშშ-ის პირობების ქვეშ და იცავს თავის „წითელ ხაზებს“ (ტაივანი, ტექნოლოგიები)

საერთო შეფასებით, შეხვედრა ტაქტიკური წარმატებაა ტრამპისთვის: მან შეინარჩუნა სახე, მიიღო რამდენიმე ეკონომიკური დაპირება (პეკინისთვის თვითმფრინავების მიყიდვა, სოფლის მეურნეობა) და არ დაუშვა ახალი ესკალაცია ჩინეთთან. ძინპინისთვის კი - სტრატეგიული: მან აჩვენა ჩინეთი როგორც თანაბარი სუპერძალა, რომელიც არ ექცევა აშშ-ის პირობების ქვეშ და იცავს თავის „წითელ ხაზებს“ (ტაივანი, ტექნოლოგიები).

თუმცა, ეს არის სტაბილურობის ხელშეკრულება, არა გარღვევა. ირანის კონფლიქტი კვლავ ღია რჩება და შეხვედრამ არ მისცა ტრამპს საკმარისი ბერკეტები მისი სწრაფი დასრულებისთვის. მომავალი თვეები გვიჩვენებს, რამდენად შეძლებს ჩინეთი რეალურად გამოიყენოს თავისი გავლენა თეირანზე, თუ ეს ყველაფერი დარჩება დეკლარაციულ დონეზე.

თეირანი პრინციპში თანხმდება, რომ სრუტე უნდა გაიხსნას, რადგან საკუთარი ეკონომიკაც განიცდის ზარალს, მაგრამ მოითხოვს გარკვეულ კონტროლს ან თანამონაწილეობას „უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ სახელით

- ირანის თემა რომ ამოვწუროთ, ირანის ბირთვული პროგრამის პერსპექტივაზე და ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპისა და ძინპინის პოზიციები და თეირანის პოზიციები გავიხსენოთ.

იმისათვის რომ მსოფლიო ეკონომიკას პრობლემები არ შეექმნას ჰორმუზის სრუტე რომ უნდა გაიხსნას, ყველა თანხმდება. ალბათ, ირანიც გაიზიარებს ამ პოზიციას, თან არა იმ პირობებით, როცა ირანი ნავთობით დატვირთული ტანკერების მოძრაობაზე გადასახადს მოითხოვს.

როგორც ჩანს, ამ თემაზე ირანთან პოზიციების შეთანხმება ჩინეთის პრეზიდენტმა სიმ ივალდებულა, მაგრამ, საბოლოოდ რა პირობებით და სავარუდოდ, რა ვადებში აღარ იარსებებს ერთი მხრივ ამერიკელების, ხოლო მეორე მხრივ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, დრო აჩვენებს.

რაც შეეხება, ირანის ბირთვულ პროგრამას, აქაც ჯერ ბევრი რამ გაუგებარია. აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხდრო ოპერაცია სწორედ მათი განადგურებისთვის დაიწყეს.

ვინ აიღებს პასუხიმგებლობას იმაზე რომ ირანს მხოლოდ მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა ექნება?

თქვენი დაკვირვებით, ჰორმუზის სრუტის განბლოკვა რა ვადებში შეიძლება მოხდეს. თქვენი პროგნოზი როგორია?

- როგორც აღვნიშნეთ, ტრამპისა და სი ძინ პინის პოზიციები ირანთან დაკავშირებით საკმაოდ ჰარმონიული იყო დეკლარაციულ დონეზე, მაგრამ რეალური ბერკეტები და პასუხისმგებლობა ბუნდოვანი რჩება.

ირანის პოზიცია უფრო რთულია: თეირანი პრინციპში თანხმდება, რომ სრუტე უნდა გაიხსნას, რადგან საკუთარი ეკონომიკაც განიცდის ზარალს, მაგრამ მოითხოვს გარკვეულ კონტროლს ან თანამონაწილეობას „უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ სახელით.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან მიუხედავად ირანის მცდელობისა სახმელეთო გადაზიდვების გზით სამეზობლოში დააბალანსოს ორმოზის სრუტის მარშუტები, ხმელეთით ეს შეუძლებელია. ირანი ასევე იცავს თავის „უფლებას“ ურანის გამდიდრებაზე მშვიდობიანი მიზნებით და არ სურს მარაგების სრული გატანა ან ცენტრიფუგების სრული დემონტაჟი.

სავარაუდოდ, ნაწილობრივი გახსნა, უსაფრთხო დერეფნების შექმნა, შეიძლება მოხდეს ივნისის ბოლოს ან ივლისში, თუ ჩინეთი რეალურად დაიწყებს ზეწოლას თეირანზე და აშშ შეამცირებს თავის საზღვაო ბლოკადას

ჰორმუზის სრუტის მოკლევადიან პერსპექტივაში (შემდეგი 2–6 კვირა) სრული გახსნა ნაკლებად სავარაუდოა. ახლა სრუტე „შეზღუდულ“ რეჟიმშია - მინიმალური ტრაფიკი (ძირითადად ჩინური გემები), ორმხრივი ბლოკადები და შიშები.

სავარაუდოდ, ნაწილობრივი გახსნა, უსაფრთხო დერეფნების შექმნა, შეიძლება მოხდეს ივნისის ბოლოს ან ივლისში, თუ ჩინეთი რეალურად დაიწყებს ზეწოლას თეირანზე და აშშ შეამცირებს თავის საზღვაო ბლოკადას.

ეს ნიშნავს რამდენიმე რამეს ერთდროულად: ტაივანმა არ უნდა განაცხადოს ფორმალური დამოუკიდებლობა (დე იურე), რადგან ეს, ტრამპის აზრით, წითელი ხაზია პეკინისთვის და შეიძლება გამოიწვიოს ომი, რომელშიც აშშ-ს „9500 მილი უნდა გადალახოს“

სრული აღდგენა (წინასწარი დონის 70-80%) უფრო ხანგრძლივი პერიოდის მერე მგონია შესაძლებელი, თუ მიიღწევა ფართო შეთანხმება (სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ). თუ არა - ალბათ კვლავ შეზღუდული რეჟიმი დარჩება, რაც გლობალურ ეკონომიკას დამატებით ზარალს მიაყენებს.

- როცა აშშ-ჩინეთის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ტაივანის თემას, რომელიც ჩინეთისთვის საკმაოზე მეტად მტკივნეულია.

ტაივანის საკითხში აშშ-ს პოზიცია როგორც მინიმუმ, გასული საუკუნის 70 -იანი წლებიდან მოყოლებული ცხადად იყო ჩამოყალიბებული - ტაივანი ჩინეთის ნაწილი. მაგრამ, რადგან ამ ისტორიას თავისი თავისებურებები აქვს, ჩინეთმა ეს საკითხი სამხედრო ძალის გამოყენებით არ უნდა გადაწყვიტოს.

ჩინეთი, რომელსაც დღემდე კომუნისტური პარტია მართავს, საკმაოდ წარმატებული ქვეყანაა, მაგრამ ტაივანი, წლებია თავისუფალია კომუნისტური იდეოლოგია-მმართველობისაგან და ძნელად წარმოსადგენია რომ ტაივანი ნებით გაერთიანდეს კომუნისტურ ჩინეთთან.

ტაივანის დაბრუნების იდეა, პრეზიდენტ სი ძინ პინს, ისევე როგორც ყველა მის წინამორბედს აწუხებს. ამ თემაზე ტრამპმა თქვა - „ტაივანთან დაკავშირებით, სი ძინ პინს არ სურს ტაივანის დამოუკიდებლობისკენ მიმართული მოძრაობების ხილვა“

ის ამბობს: - „მისმინე, ხომ იცი, ის ათასწლეულების განმავლობაში ჩვენი იყო, შემდეგ კი, გარკვეულ პერიოდში, ჩვენგან წავიდა, მაგრამ ჩვენ მას მაინც დავიბრუნებთ. მერე კორეის ომი მოხდა. ბევრი რამ მოხდა და ასე შემდეგ“. ტრამპის თქმით, - „მე არანაირი ვალდებულება არ ამიღია არც ერთი მიმართულებით.“

თუმცა, ამავე თემაზე უკვე ვაშინგტონში დაბრუნებულმა ტრამპმა განაცხადა - „არ მინდა ვინმე დამოუკიდებელი გახდეს, მინდა რომ ჩინეთი დამშვიდდეს“.

რას უნდა ნიშნავდეს ტრამპის ეს განცხადება ტაივანთან დაკავშირებით? სავარაუდოდ, როგორ მოიქცევა ჩინეთი?

- ტრამპის განცხადება ტაივანთან დაკავშირებით - კლასიკური ტრამპის სტილია: პრაგმატული, ტრანზაქციული და „ამერიკა პირველ რიგში“ ლოგიკით. როდესაც მან თქვა, რომ „არ მინდა ვინმე დამოუკიდებელი გახდეს“ და „მინდა, რომ ჩინეთი დამშვიდდეს“, ეს ნიშნავს რამდენიმე რამეს ერთდროულად: ტაივანმა არ უნდა განაცხადოს ფორმალური დამოუკიდებლობა (დე იურე), რადგან ეს, ტრამპის აზრით, წითელი ხაზია პეკინისთვის და შეიძლება გამოიწვიოს ომი, რომელშიც აშშ-ს „9500 მილი უნდა გადალახოს“.

ტაივანზე ტრამპის განცხადება არ ცვლის ოფიციალურ ამერიკულ პოლიტიკას (ერთი ჩინეთის პოლიტიკას), მაგრამ ცვლის ტონს - უფრო დამამშვიდებელს ჩინეთის მიმართ და უფრო გამაფრთხილებელს ტაივანის მიმართ. ტაივანში ამან შეშფოთებაც გამოიწვია, ვაშინგტონის ზოგიერთ წრეში კი კრიტიკა „დათმობის“ შესახებ

ტრამპს არ სურს ცხადია და შეიძლება ითქვას, მზადაც არაა ახალი დიდი ომისთვის, განსაკუთრებით ირანის კონფლიქტის და შრთული შიდაპოლიტიკური სიტუაციის ფონზე. ის ამავე დროს, გარკვეულწილად არ აძლევს პეკინს მწვანე შუქს სამხედრო შეჭრისთვის კუნძულზე. უბრალოდ, ხაზს უსვამს სტატუს-კვოს შენარჩუნებას - არც დამოუკიდებლობა, არც ძალით ანექსია.

ტრამპმა არ აიღო ახალი ვალდებულებები არც ერთი მიმართულებით: არც ტაივანის დაცვის ურყევ დაპირებას იძლევა (როგორც ბაიდენი), არც პეკინისთვის ამბობს პირდაპირ -„ტაივანი შენია“-ს. ის უტოვებს საკუთარ თავს, გნებავთ აშშ-ს მანევრის სივრცეს, განსაკუთრებით იარაღის გაყიდვების ($14 მლრდ პაკეტი) და ეკონომიკური საკითხების მიმართულებით.

ტაივანზე ტრამპის განცხადება არ ცვლის ოფიციალურ ამერიკულ პოლიტიკას (ერთი ჩინეთის პოლიტიკას), მაგრამ ცვლის ტონს - უფრო დამამშვიდებელს ჩინეთის მიმართ და უფრო გამაფრთხილებელს ტაივანის მიმართ. ტაივანში ამან შეშფოთებაც გამოიწვია, ვაშინგტონის ზოგიერთ წრეში კი კრიტიკა „დათმობის“ შესახებ.

მე მგონია, მოთმინებას აირჩევს ჩინეთი - სი ძინ პინისთვის გაერთიანება ისტორიული აუცილებლობაა, მაგრამ არა აუცილებლად 2027 წლამდე. ის უფრო ეძებს პირობებს, როდესაც ტაივანი თავად „ნებაყოფლობით“ ან ძლიერი ზეწოლის ქვეშ დათმობს. ეს გზა უფრო ჯდება ჩინეთის სტრატეგიულ კულტურაში

სი ძინპინისთვის ტაივანი „უმაღლესი პრიორიტეტია“ და მან პირდაპირ გააფრთხილა ტრამპი, რომ პრობლემის არასწორმა მართვამ შეიძლება გამოიწვიოს „კონფლიქტებიც კი“. თუმცა, პეკინი ამჟამად არ არის ალბათ მზად სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის - ეკონომიკური ხარჯები, ტექნოლოგიური დამოკიდებულება და სამხედრო რისკები ჯერ კიდევ მაღალია. საერთო კონტექსტიც არ მგონია ხელს უწყობდეს ამ სცენარს.

ჩინეთი გააგძელებს ალბათ გაზრდილ ზეწოლას კუნძულზე — სამხედრო წვრთნები, „ნაცრისფერი ზონის“ ტაქტიკა (გემები, საჰაერო სივრცეში აქტივობები, კიბერშეტევები), ეკონომიკური შეზღუდვები. გაგრძელდება პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაცია — „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“-ს მოდელის პროპაგანდა, ოპოზიციური პარტიების (KMT) მხარდაჭერა.

მე მგონია, მოთმინებას აირჩევს ჩინეთი - სი-სთვის გაერთიანება ისტორიული აუცილებლობაა, მაგრამ არა აუცილებლად 2027 წლამდე. ის უფრო ეძებს პირობებს, როდესაც ტაივანი თავად „ნებაყოფლობით“ ან ძლიერი ზეწოლის ქვეშ დათმობს. ეს გზა უფრო ჯდება ჩინეთის სტრატეგიულ კულტურაში.

საბოლოოდ, ტრამპის „დამშვიდდით“ - ეს არის ტაივანის სტატუს კვოს შენარჩუნების ფორმულა ამერიკული ინტერესებით: არც ომი, არც ახალი დამოუკიდებლობა, არც სრული დათმობა

ტრამპის პოზიცია აძლევს ჩინეთს დიპლომატიურ სივრცეს - პეკინი ახლა უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს თავს და გააგრძელებს ზეწოლას, როგორც აღვნიშნეთ, მაგრამ სავარაუდოდ თავს შეიკავებს რადიკალური ნაბიჯებისგან, სანამ ტრამპი პრეზიდენტია და ეკონომიკური გარიგებები მიმდინარეობს.

საბოლოოდ, ტრამპის „დამშვიდდით“ - ეს არის ტაივანის სტატუს კვოს შენარჩუნების ფორმულა ამერიკული ინტერესებით: არც ომი, არც ახალი დამოუკიდებლობა, არც სრული დათმობა.

რამდენად გაუძლებს ეს ფორმულა დროს - დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ტაივანი თავის თავის დაცვას და რამდენად შორს წავა ჩინეთი თვითკმარობის კუთხით.

შეხვედრამ დაადასტურა, რომ ურთიერთდამოკიდებულება რჩება ძლიერი - ჩინეთი იყენებს დიდ ბაზარს როგორც ბერკეტს, აშშ კი ტექნოლოგიურ უპირატესობას და ბაზრის წვდომას

- გარდა ირანის თემისა და ირანისვე ბირთვული პროგრამის მომავალზე მსჯელობისა, ტრამპმა და სი ძინ პინმა, აშშ-სა და ჩინეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

აშკარად შემთხვევითი არ იყო ის, რომ ტრამპს პეკინში აშშ-ს დელეგაციის შემადგენლობაში ახლდნენ ამერიკის მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მასკის ხელმძღვანელობით.

ერთი მხრივ ჩინეთი დაინტერესებულია იმით რომ ამერიკულმა ბიზნესმა გააგრძელოს საქმიანობა ჩინეთში, არადა გვახსოვს ტრამპის გეგმები იმაზე რომ ამერიკულმა კომპანიებმა წარმოებები აშშ-ში უნდა გადმოიტანონო. მაგრამ, როგორც ჩანს, ტრამპი ახლა არაა იმ ვითარებაში ამ პოზიციაზე ყოფნა გააგრძელოს.

თუმცა, ის რომ ჩინეთის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი ბიზნესის ყველაზე დიდი შეთანხმება აღმოჩნდა ჩინეთისთვის 200 ბოინგის წარმოება, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. კერძოდ იმაზეც, რომ მხარეების ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, მაგრამ ამ პარტნიორობაში ვინ ვიზე მეტადაა დამოკიდებული, ეს ნათლაც არც კი ჩანს, თუ რაიმე ჩანს, ამ კამათში ამერიკული მხარე უპირატესად არ გამოიყურება.

გარდა ამისა, ფაქტია, რომ ამ შეხვედრაზე მხარეებმა იმაზეც იმსჯელეს თუ როგორი იქნება ტექნოლოგიების განვითარება და ამისათვის რესურსებისათვის მათ შორის ზოგჯერ ღია, ზოგჯერ ფარული კონკურენცია და ომია.

თქვენ როგორ შეაჯამებდით აშშ-სა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს?

ასევე ტექნოლოგიებისა და ამისათვის რესურსებისათვის ბრძოლაში მხარეების მიერ შემუშავებულ ტაქტიკას, რომელზეც არც ვაშინგტონი და არც პეკინი საჯაროდ არც საუბრობენ?

- აშშ-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები პეკინის შეხვედრის შემდეგ - პრაგმატული ხელის ჩამორთმევაა, მაგრამ არა სტრატეგიული გარღვევა.

ტრამპის ვიზიტი (საქმიანი დელეგაციით, მათ შორის მასკის ხელმძღვანელობით) და ბოეინგ-ის 200 თვითმფრინავის (პოტენციურად 750-მდე) გაყიდვის შეთანხმება კარგად აჩვენებს ორივე მხარის ინტერესებს: ჩინეთს სჭირდება ამერიკული ტექნოლოგია და სტაბილურობა, ტრამპს — სწრაფი „გამარჯვებები“ (სამუშაო ადგილები, სოფლის მეურნეობის ექსპორტი, ბიზნესის მხარდაჭერა).

ტრამპმა შეამცირა რიტორიკა „reshoring“-ზე (წარმოების აშშ-ში დაბრუნება), რადგან რეალობა სხვაა: ამერიკული კომპანიები (Tesla, Apple, Nvidia და სხვა) ჯერ კიდევ ღრმად არიან ინტეგრირებული ჩინეთის ბაზარში და მიწოდების ჯაჭვებში. შეხვედრამ დაადასტურა, რომ ურთიერთდამოკიდებულება რჩება ძლიერი -- ჩინეთი იყენებს დიდ ბაზარს როგორც ბერკეტს, აშშ კი ტექნოლოგიურ უპირატესობას და ბაზრის წვდომას.

ამერიკული მხარე არც ისე დომინანტურად გამოიყურება, როგორც ტრამპის პირველ ვადაში: ჩინეთის ეკონომიკა უფრო მდგრადია სანქციების მიმართ, ხოლო აშშ-ს სჭირდება ჩინური კაპიტალი და წარმოება ინფლაციის შესაკავებლად. შედეგად, წარმოიქმნა თანამშრომლობა + კონკურენცია

ამერიკული მხარე არც ისე დომინანტურად გამოიყურება, როგორც ტრამპის პირველ ვადაში: ჩინეთის ეკონომიკა უფრო მდგრადია სანქციების მიმართ, ხოლო აშშ-ს სჭირდება ჩინური კაპიტალი და წარმოება ინფლაციის შესაკავებლად. შედეგად, წარმოიქმნა თანამშრომლობა + კონკურენცია.

ტექნოლოგიურ სფეროში კონკურენცია რჩება ძირითადი ღერძი, თუმცა საჯაროდ ნაკლებად აღიარებული. აშშ-ის ტაქტიკაა (ძირითადად ფარული/ნახევრად ღია): ექსპორტის კონტროლი — განსაკუთრებით AI ჩიპებზე (Nvidia) და advanced semiconductors-ზე. „ჯაჭვების დივერსიფიკაცია“ (friend-shoring, CHIPS Act, Pax Silica Initiative). ტალანტების მიზიდვა და ტექნოლოგიების გაჟონვის საწინააღმდეგო კონტროლი.

მხარეები თანხმდებიან „სტაბილურობაზე“, მაგრამ არავინ იხევს უკან. აშშ ცდილობს შეანელოს ჩინეთის პროგრესი მგრძნობიარე ტექნოლოგიებში, ჩინეთი კი აშენებს პარალელურ ციფრულ ეკოსისტემას, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული დასავლეთზე

ჩინეთის ხედვაა „Made in China 2025“-ის გაგრძელება + სრული სუვერენიტეტი კრიტიკულ ტექნოლოგიებში. იშვიათი და კრიტიკული მინერალების მონოპოლიის გამოყენება როგორც ბერკეტი. ტექნოლოგიების შეძენა/კოპირება/დივერსიფიკაცია.

შეხვედრამ ამ თემებზე დიდი გარღვევა არ მოიტანა - მხარეები თანხმდებიან „სტაბილურობაზე“, მაგრამ არავინ იხევს უკან. აშშ ცდილობს შეანელოს ჩინეთის პროგრესი მგრძნობიარე ტექნოლოგიებში, ჩინეთი კი აშენებს პარალელურ ციფრულ ეკოსისტემას, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული დასავლეთზე.

მომდევნო წლებში უნდა ველოდოთ კონტროლირებად დაძაბულობას - დიდი გარიგებები (ავიაცია, სოფლის მეურნეობა, ენერგია), მაგრამ პარალელურად ტექნოლოგიური დამოუკიდებლობისკენ სვლა კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში. არც ერთი მხარე არ არის დაინტერესებული სრული კონფრონტაციით, მაგრამ არც სტრატეგიული ნდობა არ არის.

ტრამპის ტრანზაქციული მიდგომა მოკლევადიანი სარგებელს მოუტანს ამერიკულ ბიზნესს, მაგრამ გრძელვადიანად ჩინეთი კვლავ აგრძელებს ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ აღმასვლას

ტრამპის ტრანზაქციული მიდგომა მოკლევადიანი სარგებელს მოუტანს ამერიკულ ბიზნესს, მაგრამ გრძელვადიანად ჩინეთი კვლავ აგრძელებს ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ აღმასვლას. შედეგი იქნება - ბიპოლარული ტექნო-ეკონომიკური სისტემა, სადაც თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც ინტერესები ემთხვევა (კლიმატი, AI უსაფრთხოება, სავაჭრო წესები), ხოლო დანარჩენში — მძიმე კონკურენცია.

უკრაინა-რუსეთის ომის საკითხში, სავარაუდოდ, ტრამპი და სი მაქსიმუმ შეთანხმდნენ სტრატეგიულ ჩარჩოზე, აქაც უფრო არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას დაემსგავსება: ჩინეთი გააგრძელებს რუსეთის ეკონომიკურ მხარდაჭერას, ნავთობის შეძენა, ორმხრივი ვაჭრობა, მაგრამ არ გააღრმავებს სამხედრო დახმარებას ისე, რომ პირდაპირ შეეჯახოს აშშ-ს ინტერესებს

- უკრაინა-რუსეთის ომის თემაზე პრეზიდენტებს არაფერი უთქვამთ, მაგრამ, ცხადია რომ მათ ამ თემაზე იმსჯელეს.

არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი პეკინში ტრამპის ვიზიტის შემდეგ ჩადის. პუტინი და კრემლის წარმომადგენლები უკრაინისგან უკრაინაში ომის დასასრულებლად მოითხოვენ პრეზიდენტ ზელენსკისაგან გასცეს ბრძანება და უკრაინის ჯარმა დატოვოს დონბასის ოლქების ის ტერირორია, რომელიც რუსეთს თავის ტერიტირიებად აქვს გამოცხადებული და რომელთაც ძალის გამოყენებით მათზე კონტროლს ვერ ამყარებს.

ამ თემაზე პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპის პოზიცია ნათელია. არც უკრაინა და არც ევროპა არ აპირებენ უკრაინის ტერიტორიების დათმობის ხარჯზე უკრაინაში ომის დასრულებას.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა ტრამპი ცდილობს პუტინის გადარჩენას. იგულისხმება ის რომ პუტინს ახლა არ აქვს შესაძლებლობა გააგრძელოს უკრაინაშისაბრძოლველად ომის წარმობა. ამის პარალელურად კი იკვეთება რომ ახლა ტექნოლოგიური თვალსაზრისით უპირატესობა აშკარად უკრაინის მხარესაა.

უკრაინა-რუსეთის ომის საკითხში, სავარაუდოდ, რაზე შეთანმხდნენ ტრამპი და სი ძინ პინი?

- ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრაზე უკრაინა-რუსეთის ომის თემა საჯაროდ ნაკლებად გამოიყო, მაგრამ ორივე ლიდერმა დაადასტურა, რომ მათ ამ საკითხზე დეტალურად იმსჯელეს. ტრამპმა თქვა, რომ „ეს ერთ-ერთი თემაა, რომელიც გვსურს მოვაგვაროთ“ და აღნიშნა, რომ შეხვედრის წინ პროცესი „კარგად მიდიოდა“, თუმცა ბოლო რუსული დარტყმები კიევზე „სამწუხაროა“ და შეიძლება შეაფერხოს მშვიდობის მცდელობები.

ორივე მხარე თანხმდებოდა, რომ ომი უნდა დასრულდეს, თუმცა კონკრეტული შეთანხმებები საჯაროდ არ გამოცხადებულა.

სავარაუდოდ, ტრამპი და სი მაქსიმუმ შეთანხმდნენ სტრატეგიულ ჩარჩოზე, აქაც უფრო არსებული სტატუს კვოს შენარჩუნებას დაემსგავსება: ჩინეთი გააგრძელებს რუსეთის ეკონომიკურ მხარდაჭერას (ნავთობის შეძენა, ორმხრივი ვაჭრობა), მაგრამ არ გააღრმავებს სამხედრო დახმარებას ისე, რომ პირდაპირ შეეჯახოს აშშ-ს ინტერესებს.

კრემლი კვლავ ითხოვს დონბასის დონეცკისა და ლუჰანსკის უკრაინული ნაწილიდან ჯარის გაყვანას, როგორც ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობას. უკრაინა და ევროპა ამას კატეგორიულად უარყოფენ, რადგან ტერიტორიული დათმობა შეასუსტებს კიევის პოზიციებს და შექმნის საფრთხეს ახალი ესკალაციისთვის. ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, ცდილობს პუტინისთვის „გამოსასვლელი გზის“ შექმნას, რათა ომი დასრულდეს ისე, რომ რუსეთი სრულიად არ „ჩამოიშალოს“

სანაცვლოდ, ტრამპი, სავარაუდოდ, არ გააღრმავებს ჩინეთის წინააღმდეგ სანქციებს, ან ტექნოლოგიურ შეზღუდვებს იმდენად, რამდენადაც ჩინეთი „პასუხისმგებლიანად“ მოიქცევა უკრაინის საკითხში. ეს კლასიკური „გლობალური გარიგების“ ელემენტია, სადაც უკრაინა ხდება ერთ-ერთი სავაჭრო საკითხი უფრო ფართო აშშ-ჩინეთის ურთიერთობაში. თუმცა, რაც უფრო თვითკმარი იქნება უკრაინა, მით ნაკლებად იქნება მისი ბედი ამ მოთამაშეებზე დამოკიდებული პირდაპირი გაგებით.პუტინის სავარაუდო ვიზიტი პეკინში ტრამპის შემდეგ სწორედ ამ კონტექსტში ჯდება.

კრემლი კვლავ ითხოვს დონბასის დონეცკისა და ლუჰანსკის უკრაინული ნაწილიდან ჯარის გაყვანას, როგორც ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობას. უკრაინა და ევროპა ამას კატეგორიულად უარყოფენ, რადგან ტერიტორიული დათმობა შეასუსტებს კიევის პოზიციებს და შექმნის საფრთხეს ახალი ესკალაციისთვის. ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, ცდილობს პუტინისთვის „გამოსასვლელი გზის“ შექმნას, რათა ომი დასრულდეს ისე, რომ რუსეთი სრულიად არ „ჩამოიშალოს“.

ტრამპის შეთანხმება უკრაინაზე, სავარაუდოდ, არა კონკრეტული გარიგება, არამედ ურთიერთგაგების ჩარჩოა: ომი უნდა დასრულდეს დიპლომატიურად, რუსეთი არ უნდა „განადგურდეს“, ჩინეთი კი შეინარჩუნებს ნეიტრალურ-პრორუსულ პოზიციას და გამოიყენებს თავის გავლენას პუტინზე

თუმცა, ბრძოლის ველზე უკრაინას ტექნოლოგიური უპირატესობა (დრონები, დაზვერვა, ზუსტი დარტყმები) აქვს და ბოლო თვეებში ტერიტორიული წარმატებებიც მიაღწია. ეს ტრამპს ურთულებს ზეწოლს კიევზე ტერიტორიული დათმობისთვის.

საბოლოო ჯამში, ტრამპის შეთანხმება უკრაინაზე, სავარაუდოდ, არა კონკრეტული გარიგება, არამედ ურთიერთგაგების ჩარჩოა: ომი უნდა დასრულდეს დიპლომატიურად, რუსეთი არ უნდა „განადგურდეს“, ჩინეთი კი შეინარჩუნებს ნეიტრალურ-პრორუსულ პოზიციას და გამოიყენებს თავის გავლენას პუტინზე.

კიშინიოვის რეზოლუცია ცხადად აცხადებს: ევროპა არ აპირებს ტერიტორიული დათმობის ან იმუნიტეტის მინიჭებას რუსეთის მაღალი პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, განსაკუთრებით პუტინისთვის, „აგრესიის დანაშაულის“ გამო

თუმცა, რეალური გადაწყვეტა კვლავ დამოკიდებულია ბრძოლის ველზე არსებულ ბალანსზე და იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ტრამპი ზელენსკის დარწმუნებას კომპრომისზე. პუტინის პეკინური ვიზიტი სწორედ ამ დინამიკის გარკვევას მოემსახურება. დრო აჩვენებს, რამდენად გაუძლებს ეს „დიდი ძალების“ გარიგების მცდელობა, თუ ასეთი არსებობს, უკრაინისა და ევროპის წინააღმდეგობას.

- რაზეც არ უნდა შეთანხმებულიყვნენ უკრაინის საკითხში ტრამპი და სი, ვხედავთ, რომ ევროპა, რომელსაც აქცს პრეტენზია ვაშინგტონთან და პეკინთან ერთად იყოს მესამე ზალა მსოფლიოში არ დაეთანხმება მათ გადაწყვეტილებებს.

ამის კარგი მაგალითია ის თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს მოლდოვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე. ევროპის საბჭოს 36 ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალურ ტრიბუნალში გაწევრიანების ვალდებულება აიღეს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე მთელ პასუხისმგებლობას ევროპა პრეზიდენტ პუტინს აკისრებს.

პეკინში ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრის ფონზე თქვენ როგორ შეაფასებდით კიშინიოვში მიღებულ გადაწყვეტილებას?

- კიშინიოვში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილება - 36 ქვეყნისა და ევროკავშირის მიერ სპეციალურ ტრიბუნალში გაწევრიანების ვალდებულება - ძლიერი და სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპის მხრიდან. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ პასუხობს პეკინში ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის ფონზე არსებულ შეშფოთებას, რომ დიდი ძალები შეიძლება შეთანხმდნენ უკრაინის „შესახებ“ და ტერიტორიული კომპრომისებზე.

კიშინიოვის რეზოლუცია ცხადად აცხადებს: ევროპა არ აპირებს ტერიტორიული დათმობის ან იმუნიტეტის მინიჭებას რუსეთის მაღალი პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, განსაკუთრებით პუტინისთვის, „აგრესიის დანაშაულის“ გამო. ტრიბუნალი, რომელიც ჰააგაში უნდა განთავსდეს, სწორედ ამ ხარვეზის შევსებას ისახავს მიზნად, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) იურისდიქციაში არ ჯდება. პრაქტიკაში რა მოხდება, რა თქმა უნდა სხვა საკითხია.

ტრიბუნალს არ აქვს პირდაპირი აღსრულების მექანიზმი რუსეთის წინააღმდეგ თუ პუტინი ხელისუფლებაშია. ის უფრო მეტად სამართლებრივ-სიმბოლური ინსტრუმენტია, რომელიც ზრდის რუსეთის იზოლაციას და ქმნის გრძელვადიან სამართლებრივ წნეხს

ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მნიშვნელოვანი განზომილება აქვს პეკინის შეხვედრის კონტექსტში: ევროპის ავტონომიურობის დემონსტრაცია. ევროპა აჩვენებს, რომ არ არის მზად ავტომატურად დაეთანხმოს აშშ-ჩინეთის (ან აშშ-რუსეთის) „დიდ გარიგებას“ თუ ასეთი იქნება. ის ინარჩუნებს საკუთარ წითელ ხაზებს — ტერიტორიული მთლიანობა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ტრიბუნალის შექმნა ართულებს პუტინისთვის „გამოსასვლელი გზის“ პოვნას მხოლოდ ტერიტორიული დათმობების ხარჯზე, რადგან პირადი პასუხისმგებლობა რჩება დღის წესრიგში, ფორმალურად მაგრამ მაინც.

ტრამპი, რომელიც სწრაფ მშვიდობას ეძებს, ახლა უფრო რთულ პოზიციაში აღმოჩნდება - მას უნდა გაითვალისწინოს ევროპის ხისტი პოზიცია, რაც კომპრომისის მიღწევას ართულებს.

თუმცა, გადაწყვეტილება ასევე აჩვენებს ევროპის ლიმიტებს: ტრიბუნალს არ აქვს პირდაპირი აღსრულების მექანიზმი რუსეთის წინააღმდეგ თუ პუტინი ხელისუფლებაშია. ის უფრო მეტად სამართლებრივ-სიმბოლური ინსტრუმენტია, რომელიც ზრდის რუსეთის იზოლაციას და ქმნის გრძელვადიან სამართლებრივ წნეხს.

დრო აჩვენებს, რამდენად გაამართლებს „ქართული ოცნების“ „რისკების მინიმიზაციის“ სტრატეგია, რომელიც კაცმა არ იცის სინამდვილეში არის თუ არა საერთოდაც სტრატეგია

- მოლდოვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

იგი კიშინიოვში შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეტა მინისტრს.

ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა - ის მცდელობები, რომლებსაც ვხედავთ უკრაინული მხარისგან დიალოგის გაგრძელების კუთხით, პოზიტიურია, დანარჩენს დრო გვაჩვენებ“.

თუმცა, მანვე კიშიონიოვში ყიფნისას განაცხადა - საქართველო სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ, მხარს უჭერს საერთაშორისო ნორმებს და, შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ერთგულები ვიქნებით ჩვენი ამ პოზიციის".

სამწუხაროდ, დრომ ისიც გვიჩვენა, რომ ევროპის საბჭოს 135 სესიაზე საქართველომ მხარი არ დაუჭირა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალურ ტრიბუნალში გაწევრიანების ვალდებულება აიღეს.

საქართველოს მხრიდან ამ გადაწყევტილებისთვის მხარის არ დაჭერას თქვენ როგორ შეაფასებდით?

- მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მიერ გაცხადებული მიზეზი - „დამატებითი რისკების“ თავიდან აცილება - თითქოს ლოგიკურია ამჟამინდელი ოფიციალური თბილისის ხედვიდან, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას აწყდება იმავე რუსეთისგან, რომელიც უკრაინაში აგრესიას ახორციელებს.

ხელისუფლება, სავარაუდოდ, თვლის, რომ ასეთ აქტიურ სამართლებრივ ნაბიჯს შეუძლია გააღიზიანოს მოსკოვი და გაზარდოს უსაფრთხოების რისკები ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით.

სხვა საკითხია, რომ როგორც ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, „არ გაღიზიანების პოლიტიკას“ დიდად პრაქტიკული შედეგები არ მოაქვს, ვხედავთ, რომ მოსკოვის აგრძელებს ანექსიურ პროცესს ორივე ტერიტორიის მიმართულებით. თუმცა, საქართველოს დღევანდელ უსუსტეს სამხედრო-ეკონომიკურ და ენერგეტიკული უსაფრთხოების სიტუაციაში, ეს მიწაში თავჩარგული მდგომარეობა გასაკვირი აღარაა. სამწუხაროა, მაგრამ ასეა.

ამავდროულად, ეს პოზიცია სერიოზულ რეპუტაციულ ზარალს აყენებს საქართველოს. ევროპის საბჭოს ფორუმზე, სადაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოცხადებულია, საქართველომ უარი თქვა კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმზე, რომელიც რუსეთის მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრებას ემსახურება.

ეს ქმნის უთანასწორობას: ერთი მხრივ, ხაზგასმულია სოლიდარობა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მეორე მხრივ კი - უარი კონკრეტულ ქმედებაზე. ზოგადად „ოცნების“ საგარეო პოლიტიკური ქმედებები „ჭრელო პეპელას“ სიმღერას ემსგავსება, უკვე დიდი ხანია.

საბოლოო ჯამში, ეს არის „ქართული ოცნების“ მორიგი გადარჩენის ლოგიკის გამოვლინება: ხელისუფლება ცდილობს თავი შეიკავოს დამატებითი დაძაბულობისგან მოსკოვთან. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ართულებს საქართველოს პოზიციებს ევროატლანტიკურ სივრცეში, ამცირებს მის სანდოობას როგორც უკრაინის მხარდამჭერის და აძლიერებს კითხვის ნიშნებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ირგვლივ და იმის შესახებ, თუ რამდენად თანმიმდევრულია თბილისის „საერთაშორისო პრინციპები“ საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

დრო აჩვენებს, რამდენად გაამართლებს „ქართული ოცნების“ „რისკების მინიმიზაციის“ სტრატეგია, რომელიც კაცმა არ იცის სინამდვილეში არის თუ არა საერთოდაც სტრატეგია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ოჯახის სიმტკიცისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა