გია ხუხაშვილი - ვინ კითხულობს ბრიფინგზე წერილს? გამოაქვეყნე და წავიკითხავთ, წარმოუდგენელი ფენომენია, კობახიძემ კითხვის ტესტი ჩააბარა - ნიშნის მოგებით საუბარს ბრიუსელის მხრიდან არასასურველი რეაქცია ექნება

დადგა და კითხვის ტესტი ჩააბარა - არასასურველი რეაქცია იქნება, რადგან წერილში ნიშნის მოგების ელემენტია კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფორმას, თუნდაც ფორმალური პრემიერ-მინისტრი, როდესაც ბრიფინგზე ვრცელ წერილს კითხულობს, წარმოუდგენელი ფენომენია. ბრიფინგზე წერილს ვინ კითხულობს? - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთვისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთვის გაგზავნილ ღია წერილს, რომელშიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, წარმოუდგენელი ფენომენია, როდესაც ირაკლი კობახიძე წერილის დასაწყისში, საქართველოსთან ბრიუსელის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტილ ურთიერთობაზე საუბრობდა, მაშინ, როცა ურთიერთობები „ცალმხრივად თავად შეწყვიტა“.

„არ ვიცი, რა ფენომენია, თავად ფორმა - თუნდაც ფორმალური პრემიერ-მინისტრი, როდესაც ბრიფინგზე ვრცელ წერილს კითხულობს, წარმოუდგენელი ფენომენია. ბრიფინგზე წერილს ვინ კითხულობს? გამოაქვეყნე წერილი და წავიკითხავთ და თუ რაიმეზე გაქვს განმარტებები გასაკეთებელი, შემდეგ გააკეთე. დადგა და კითხვის ტესტი ჩააბარა. არასასურველი რეაქცია იქნება, რადგან წერილში ნიშნის მოგების ელემენტია კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კობახიძე ამბობს, რომ „დღეს მზად ვართ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“ ამ დროს, კი ევროკავშირს თანაცხოვრების წესები აქვს და გვითხრა, რომ ეს ჩემი წესებია და თუ ამ წესებით ითამაშებ, მაშინ მიგიღებთო, რის შემდეგაც შესაბამისი პირობების ჩამონათვალი წამოგვიყენეს. ევროკავშირს არასოდეს წამოუყენებია არც ერთი პირობა, არც LGBTQ თემის, არც ტრადიციების წართმევაზე, რაზეც პროპაგანდა მუდმივად აპელირებს. „კაკებეშნიკური“, გადმოკოპირებული პროპაგანდაა. 12 მოთხოვნაში არცერთი არ წერია, რაზეც პროპაგანდა აპელირებს. მათ [ხელისუფლებამ] არათუ ეს მოთხოვნები შეასრულა, არამედ კიდევ 10 მოთხოვნა დაამატეს.

[რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ახერხებს „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში ევროპისა და ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას] გარკვეულ სეგმენტზე ახერხებს, რადგან პროპაგანდის რესურსი არის ძალიან დიდი. პროპაგანდის მატრიცა მორგებულია ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც ინფორმაციის გაანალიზების დრო არ აქვთ, მაგრამ კონტრ-პროპაგანდა ვერ არის სათანადო დონეზე. აქ სერიოზული როლი აქვს ოპოზიციის ადეკვატურობასაც, მათზეც არის პასუხისმგებლობა, რადგან მათ ვერ მოახერხეს იმ ტიპის კამპანიის შექმნა, რომ ადამიანები ზომბირების მდგომარეობიდან გამოიყვანონ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტოლოგმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილებაც შეაფასა, რომლის ძირითადი ფუნქციაც, საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. ხუხაშვილის თქმით, ის ამ ინიციატივის წინააღმდეგი არ იქნება, თუ ამ ინსტიტუციის ქვეშ ყველა მხარე მოექცევა.

„აღნიშნულ ინიციატივაზე იმიტომ არის კრიტიკა, რომ ქვეყანაში არსებობს განცდა, რომ ახალი ინსტრუმენტით ხელისუფლება დასჯის ოპონენტებს და თავის ანალოგიურ დანაშაულზე რეაგირება არ ექნება. [სიძულვილის ენის] ინიციატორი ხელისუფლებაა, მათი შემოტანილია ეს მოდა, პრინციპი რა იყო, რომელზეც ხელისუფლება დადგა - „ვინც ჩემთან არ არის, ყველა ჩემი მტერია“. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ამის მონიტორინგი მოხდეს, მაგრამ ამ კანონის თუ ინსტიტუციის ქვეშ უნდა მოექცეს ყველა მხარე, მათ შორის [ხელისუფლების] ტროლები. ფაქტობრივად იმედი აქვთ, რომ ვიღაცები ამას უაპელაციოდ მიიღებენ ისე, რომ კითხვას არ დასვამენ. მათ საკუთარ მაყურებელსა თუ მხსნელებზე ცინიკური დამოკიდებულება აქვთ, ფიქრობენ, რომ „ყველაფერს შეაჭმევს ამ ხალხს“. საზოგადოების გამთლიანებას კი ქვეყანაში სამართლიანობა და სამართლიანობის დამკვიდრება იწვევს. მაგრამ იმას, რომ „ჩვენ მხრიდან ყველაფერი მოსულა და ამით, ოპონენტებს დავსჯით“, ამას საზოგადოება შეეწინააღმდეგება. იმიტომ არის უკმაყოფილება, რომ ხელისუფალი კანონებს საკუთარ ინტერესებზე ირგებს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურმა კლასმა საზოგადოებას თავი ლიდერად უნდა აღიარებინოს.

„ძალიან კარგი იქნება, თუ 26 მაისის აქციაზე ბევრი ხალხი გამოვა, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა, მასშტაბური პროტესტი ვერ განვითარდება და ვერ იქნება ორიენტირებული შედეგზე, თუ საზოგადოება, პოლიტიკური კლასი ლიდერად არ აღიარა, რის შემდეგაც მათ უნდა გამოაცხადონ სტრატეგია, თუ როგორ უნდა იყოს მიღწეული ხელისუფლების ცვლილების მიზანი. ოპოზიციამ აქციის მონაწილეებს საკუთარი თავი ლიდერად უნდა აღიარებინოს. საჭიროა ავტორიტეტის, ნდობის დაბრუნება და შესაბამისი სტრატეგია, არა ისეთი პროვოკაციული, როგორიც 4 ოქტომბერს იყო.

ოპოზიციას ხალხში ავტორიტეტი არ აქვს, მაგრამ მარტო ისინი არ არიან ყველაფერში დამნაშავეები, ბიძინამ [ივანიშვილმა] ყველაფერი გააკეთა, რომ ისინი ტალახში ამოეგვანგლა. ის არასდროს ამტკიცებდა, რომ „მე კარგი ბიჭი ვარ“, ის ამბობდა, - „მე შეიძლება ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ ესენი ჩემზე უარესები არიან“, ამით კი გარკვეულწილად შედეგიც მიიღო - პოლიტიკური კლასი დღეს დისკრედიტირებული ჰყავს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა