დიმიტრი ცქიტიშვილი - „ოცნება“ ევროკავშირზე უარის სათქმელად ამზადებს ამომრჩეველს - საკუთარ მხარდამჭერებსაც შეურაცხყოფას აყენებენ ტყუილებით, რომ დანიის პოლიციასთან „ხარება“ ანგელოზია, რომ დანიაზე უკეთესი ქვეყანა ააშენეს და ბევრად უკეთ ვცხოვრობთ

არ მგონია, რომ 26 მაისი არის გარდამტეხი და ამის მერე სხვანაირად იქნება ყველაფერი - არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოვადგენ და გარკვეული პრივილეგია მაქვს, რომ არ მქონდეს გეგმა, უბრალოდ 26 მაისის მონაწილე ვიქნები , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდიაში“ ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 26 მაისს საპროტესტო აქციაზე გასვლისგან მოქალაქეებმა „შეიძლება თავი შეიკავონ“, რადგან არსებობს შიშის ფაქტორი.

„შიშის ფაქტორი მუდმივად არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საპროტესტო პროცესი ხანგრძლივია ხოლო ადამიანებს თავისი ეგზისტენციალური პრობლემები უდგებათ ხოლმე. შეიძლება, ადამიანებს იმდენად არ ეშინიათ ორდღიანი ან ორკვირიანი პატიმრობის, რამდენადაც შეიძლება ეშინოდეთ ამის გამო სამსახურის დაკარგვის და უსახსროდ დარჩენის. ძალიან ბევრი საჯარო მოხელე დადიოდა აქციაზე და გამოხატავდა პროტესტს, ეს პროტესტი არსად გამქრალა, უბრალოდ ისე თამამად ვეღარ გამოდიან, სრულიად გასაგებია, რომ გადარჩენისთვის სხვა გზა არ ექნებათ, სამსახურს ვერ დაკარგავენ, ბევრი ვალდებულებები შეიძლება ჰქონდეთ, რომელსაც სხვანაირად ვერ გაუმკლავდებიან. ეს სურათია.

26 მაისის აქცია არ არის გარდამტეხი, 26 მაისი არის საქართველოს რესპუბლიკის დაბადების დღე. ეს საერთო დიდი დღესასწაულია, რომელზეც პოლიტიკურმა პარტიებმა გადაწყვიტეს [აქციის გამართვა]. არ მგონია, რომ ეს არის გარდამტეხი და ამის მერე სხვანაირად იქნება ყველაფერი.

ამ შემთხვევაში მე დამოუკიდებელი მოქალაქე ვარ. ჩემთვის 26 მაისი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რასაც გამოვხატავ ჩემს მეგობრებთან ერთად. არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოვადგენ და გარკვეული პრივილეგია მაქვს, რომ არ მქონდეს გეგმა, უბრალოდ 26 მაისის მონაწილე ვიქნები.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არის დღეს მნიშვნელოვანი და უპირატესი ყველა პოლიტიკურ ძალასა და მმართველზე და ყველას კეთილდღეობაზე უფრო მეტია. ამ ისტორიულ წარსულზე გვაქვს აშენებული თანამედროვე სახელმწიფო, ესენი კი იტაცებენ ამას და ვიღაცის ფეოდალურ სამყაროდ აქცევენ. ჩემთვის ეს არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც გვჭირდება, რომელიც არის ჩვენი მიზანი, ამოცანა და ამიტომ გვინდა ევროკავშირი, გვინდა, რომ ცივილურ, თანამედროვე სამაყროში ვარსებობდე, სადაც ყველას უფლება იქნება დაცული, ყველას ექნება შეძლებისდაგვარად კეთილდღეობა. ეს არის ჩემთვის 26 მაისი, ვიღაცისთვის ეს არის უბრალოდ დროშების ფრიალი. „ქართული ოცნება“ ამაზე მანიპულირებს. აღნიშნავენ, მაგრამ არცერთი პრინციპი და იდეა იმ 26 მაისის აღარ არის ცოცხალი“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლოდროინდელი, კერძოდ, ევროპის ქვეყნებში საპროტესტო აქციების დაშლის დროს ძალის გადამეტების შემთხვევებზე გაკეთებული განცხადებები, შეაფასა და აღნიშნა, რომ ამით ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირისგან დისტანცირებას ახდენენ.

ცქიტიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ თავისი ამომრჩეველი უნდათ დაარწმუნონ, რომ დანიაზე უკეთესი საქართველო ააშენეს.

„უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ გუშინწინდელი განცხადების შემდეგ, ისინი უკვე ტკეპნიან აზრს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე. ახლა დათქმებითაა - ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა, ჩვენ არ გვინდა ასეთი გზა, ჩვენ არ გვინდა დანიის მსგავსი ევროპა. დღეს კიდევ დაამატეს კლიპი, დემონსტრანტს როგორ აკავებენ ბერლინში, დღეს ჰქონდათ "ქარდი", რომ პოლიციამ ძალას გადააჭარბა მანჩესტერში. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპის მიმართ დისტანცირებას ახდენენ, თავის ამომრჩეველს ამზადებენ. ვფიქრობ, ძალიან დიდი შეურაცხყოფას აყენებენ თავის მხარდაჭერებს, როცა ფიქრობენ, რომ მარტივი ტყუილით დააჯერებენ, რომ დანიის მსგავსი ევროკავშირი ჩვენ არ გვინდა, იმიტომ, რომ ჩვენ ბევრად უკეთესად ვცხოვრობთ „ქართული ოცნების“ პირობებში ან დანიის პოლიცია იმდენად ბრუტალურია, რომ ხარება მასთან ანგელოზია. თავისი ამომრჩეველი უნდათ დაარწმუნონ, რომ დანიაზე უკეთესი საქართველო ააშენეს “, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა