პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ ძალადობაში მონაწილე პატრულ-ინსპექტორი ალექსი ბადალოვი ბრალს არ აღიარებს - ადვოკატის განცხადებით, ის შემთხვევის ადგილზე  გამოძახების შემდეგ მივიდა

პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილე პატრულ-ინსპექტორი ალექსი ბადალოვი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ნოდარ ცინცაძემ განაცხადა.

როგორც გორის რაიონულ სასამართლოსთან ადვოკატმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ბადალოვის ბრალეულობა არ იკვეთება.

სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ უნდა დაწყებულიყო, ის მოსამართლე ლევან დარბაიძეს დაეწერა, თუმცა, მან საქმის თვითაცილება განახორციელა. როგორც ირკვევა, ის ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელია.

ამ წუთებში, საქმის სხვა მოსამართლისთვის დაწერის პროცედურა მიმდინარეობს.

“საქმის მასალების გაცნობის შედეგად დადგენილია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. სხვა დეტალებზე სხდომის დასრულების შემდეგ ვისაუბრებ. კადრებში ფიგურირება არ ნიშნავს იმ ბრალდების დადასტურებას, რომელიც მას ბრალად ედება. კერძოდ კი, ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება, თუმცა, იმ კადრებით, რაც გავრცელდა, ამ ადამიანის მხრიდან რამე ძალადობრივი ან უკანონო ქმედება არ იკვეთება.

სხვის მოქმედებებს ვერ შევაფასებ, კატეგორიულად გეუბნებით, რომ ეს ადამიანი შემთხვევის ადგილას ოფიციალური გამოძახების საფუძველზე მივიდა. ჯერჯერობით დეტალები არ ვიცი, საქმის მასალების გასაცნობად სულ 15 წუთი მქონდა. მას ბრალში მითითებული აქვს, რომ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, თუმცა ეს მტკიცებულებები არ არის”, - განაცხადა ცინცაძემ.

კითხვაზე, დაინტერესდა თუ არა, ბრალდებული პოლიციელი დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ადვოკატი პასუხობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ არ გასაუბრებია.

“თქვენი კითხვის პასუხს არ შეიცავს საქმის მასალები, რომელიც გადმომეცა. მასთან გასაუბრება არ მქონია”, - აცხადებს ცინცაძე.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია