„არემჯი ჯგუფი“- დარბაზის ხეობაში სამუშაოები ჯერ ძებნა-ძიების ეტაპზეა და კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება - ასევე, კომპანიას აქვს ტყით სარგებლობის ნებართვაც, წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების დაწყება კი, 2-3 წელი არ განიხილება

გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემა „ღია სივრცეში“ გასული, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით არაერთი გადაუმოწმებელი, ცალმხრივი და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული ბრალდების გაჟღერებას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი თემების განხილვა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, ობიექტურობასა და ფაქტებზე დაფუძნებულ მსჯელობას საჭიროებს, რადგან საქმე ეხება როგორც ათასობით დასაქმებულსა და მათ ოჯახებს, ისე მთლიანად რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, - ამის შესახებ „არემჯი ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც კომპანია თავის განცხადებაში აღნიშნავს, დარბაზის ხეობაში მიმდინარე სამუშაოები ჯერ ძებნა-ძიების ეტაპზეა და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება. მათივე განმარტებით, კომპანიას ასევე აქვს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსგან აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყით სპეციალური სარგებლობის ნებართვაც, წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების დაწყება კი, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, 2-3 წელი არ განიხილება.

„არემჯი ჯგუფი” ათწლეულებია წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამრეწველო საწარმოს, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში - ექსპორტის, ინვესტიციების, ბიუჯეტში შენატანებისა თუ დასაქმების მიმართულებით. “არემჯი ჯგუფში” 4 500-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა დაახლოებით 90% ადგილობრივი მაცხოვრებელია. “არემჯიში” მუშაობენ ოჯახებით, უკვე სამი თაობის წარმომადგენლებიც კი, რაც ნათლად აჩვენებს, რომ კომპანია ადამიანებისთვის ასოცირდება უსაფრთხოებასთან, სტაბილურობასთან, პროფესიულ ზრდასთან და წარმატებასთან.

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი და ამომწურავი პასუხები ჩვენი მისამართით გაჟღერებული ცრუ ბრალდებების მიმართ, რათა მათ დაინახონ ობიექტური სურათი.

დარბაზის ხეობაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ: აღნიშნულ ტერიტორიაზე „არემჯი ჯგუფის” ერთ-ერთი კომპანია შპს “კავკასიის სამთო ჯგუფი” ახორციელებს გეოლოგიურ ძებნა-ძიებით სამუშაოებს. სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზია-ბრძანება #430 (ლიცენზია #10002889) ფარგლებში. კომპანიას ასევე აქვს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსგან აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყით სპეციალური სარგებლობის ნებართვაც.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები ატარებს ძებნა-ძიებით ხასიათს, რომელიც გულისხმობს თხრილებისა და ჭაბურღილების მოწყობას. როგორც წესი, მსგავსი სამუშაოები თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე 2-3 წელი გრძელდება, ამიტომ ახლო მომავალში აქ წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების დაწყება არ განიხილება.

საქმიანობის შემდგომ ეტაპზე, უკვე მომპოვებელი კომპანია გადის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურას, რაც გულისხმობს: როგორც საჯარო განხილვებს, ისე სოფლის მიერ არჩეული წარმომადგენლების სრულ ინფორმირებას, არსებულ პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული პროცესი, როგორც წესი, სრულდება სოფელთან მრავალწლიანი მემორანდუმის გაფორმებით, რაც მოიცავს როგორც ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებს, ისე ადგილობრივი თემისთვის სოციალური და მატერიალური მხარდაჭერის შეთავაზებას.

დარბაზის ხეობის მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ აღნიშნული საკითხი აქტუალური ხდება მხოლოდ კვლევა-ძიების ეტაპის დასრულებისა და უშუალოდ მოპოვებითი სამუშაოების დაწყების წინ. რეპორტაჟში წარმოდგენილი ორგანიზაცია „სალამი“ ამ პროცესის მონაწილე იყო სოფელ მუშევანში, მათ თავად შეუძლიათ დაადასტურონ, რომ სოფლის მხრიდან კომპანიამ ჯერ მიიღო თანხმობა და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა მოპოვებით სამუშაოებზე მუშევანში.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ დარბაზის ხეობის შემთხვევაში საუბარია კვლევა-ძიების საწყის ეტაპზე, რომლის შესახებაც ინფორმირებულია შესაბამისი თვითმმართველობის ორგანოები. კვლევა-ძიების ეტაპი წარმოადგენს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საინვესტიციო ეტაპს, რომელიც შესაძლოა უარყოფითი შედეგითაც დასრულდეს თუ აღმოჩენილი მადნების მოცულობა ეკონომიკურად საინტერესო არ იქნება იქნება მომპოვებლისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ძებნა-ძიების პროცესში გარემოზე შესაძლო ზემოქმედება ატარებს მინიმალურ ხასიათს და ძირითადად დაკავშირებულია ბურღვით სამუშაოებთან. სწორედ ამიტომ, კანონმდებლობა აღნიშნულ ეტაპზე არ ითვალისწინებს საჯარო განხილვებს. ასეთ შემთხვევებში კომპანია იღებს ვალდებულებას, სრულად აღადგინოს და მოაწესრიგოს ბურღვითი სამუშაოებისას დროებით გამოყენებული ტერიტორიები.

მიგვაჩნია, რომ კვლევა-ძიების ეტაპზე მოსახლეობის მხრიდან წამოსული პროტესტი გამოწვეულია პროცესთან დაკავშირებით არასწორი ან არასრული კომუნიკაციით. შესაბამისად, მზად ვართ დარბაზის ხეობის მოსახლეობას და მათ წარმომადგენლებს სრულყოფილად განვუმარტოთ თუ რა პროცესებთან გვაქვს ამ ეტაპზე საქმე და რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მომავალში ამ საკითხს.

სალიცენზიო ფართობი: გვსურს განვმარტოთ, რომ გადაცემაში არასწორი კონტექსტით იქნა წარმოდგენილი სალიცენზიო ფართობის საკითხი. 2011 წელს “კავკასიის სამთო ჯგუფმა“ შეიძინა 187 823.59 ჰექტარი ფართობის სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია, რომელშიც 93 500 000 ლარი გადაიხადა. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ აღნიშნული ტერიტორიის უდიდესი ნაწილი, კერძოდ 178 463 ჰექტარი უკვე გეოლოგიურად არის შესწავლილი და სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნებული. მარაგების დამტკიცების შემდეგ დარჩენილ ლიცენზირებული ტერიტორიის ფართობი შეადგენს მხოლოდ 9 360 ჰექტარს, შესაბამისად იმის მტკიცება, რომ ქვემო ქართლის დიდ ტერიტორიაზე მომავალში მოპოვებითი სამუშაოების არეალი გაიზრდება, არის ადგილობრივი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. წინასწარი შესწავლა წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ პროცესს - კომპანია ვალდებულია შეისწავლოს ტერიტორია და თუ წიაღისეულის მარაგები არ არის საკმარისი ეკონომიკურად გამართლებული მოპოვებისთვის, ფართობი სახელმწიფოს დაუბრუნოს. ხოლო იმ ტერიტორიებზე, სადაც მარაგები დასტურდება, პროექტის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი პროცედურების, მათ შორის გზშ-სა და საჯარო განხილვების სრულად გავლის შემდეგ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა იღებს სრულ ინფორმაციას და უშუალოდ მონაწილეობს პროცესში.

ჯანმრთელობა და კვლევები: განსაკუთრებით მძიმე და უპასუხისმგებლოა გადაცემაში ჯანმრთელობის თემებზე საუბარი და ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიცაა „ეკოციდი“.

სამთო-მოპოვებითი სამუშაოები რეგიონში უკვე 50 წელზე მეტია მიმდინარეობს და არ არსებობს არცერთი კვლევა, რომელიც დაადასტურებდა მოსახლეობაში ისეთი დაავადებების გავრცელებას, რომელიც უშუალოდ კომპანიის საქმიანობასთან იქნებოდა კავშირში. მეტიც, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანია ყოველწლიურად ატარებს თანამშრომელთა პროფესიული დაავადებების სრულყოფილ სამედიცინო კვლევებს და არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა ისეთი დაავადება, რომელიც საწარმოო პროცესებთან იქნებოდა დაკავშირებული. შესაბამისად, სრულიად უსაფუძვლოა გადაცემაში გაჟღერებული ბრალდებები რეგიონში ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ამ ყველაფერში კომპანიის დადანაშაულება, არის უპასუხისმგებლო საქციელი, რომელიც კომპანიის დისკრედიტაციას ემსახურება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაკვეთით ჩატარებულ ბოლო კვლევაში - „გარემოს ჯანმრთელობის რისკების შეფასება ბოლნისი-დმანისის რეგიონში“ 2020 -2025 ვკითხულობთ:

„...გარემოს დაბინძურება მძიმე მეტალებით, გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია. ქვემო ქართლის რეგიონში ტყვიის გავრცელების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 2.3-ჯერ შემცირება და დაბალი სარწმუნო ფარდობითი რისკების მიღება ერთეული ნოზოლოგიების მიხედვით, სავარაუდოდ რეგიონში ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგია - ტყვიის პრევენციულ ღონისძიებებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, „ბავშვებში ტყვიაზე ზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამის“ ამოქმედება, 2019-2022 წლებში - საწარმოს სრული ტექნიკური გადაიარაღება და გარემოს დაცვითი ზომების გატარება.“

მიუხედავად ამისა, კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს და დააფინანსოს ნებისმიერი დამატებითი, ობიექტური და პროფესიული კვლევა, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი საკითხები უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერებასა და ფაქტებს და არა ემოციურ სპეკულაციებს, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დათრგუნვა.

კომპანიის გარემოსდაცვითი პროგრამა: „არემჯი ჯგუფმა” 2018-2021 წლებში განახორციელა მასშტაბური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის აუდიტით დადასტურებულმა ინვესტიციამ 40 მილიონ ლარს გადააჭარბა. მოეწყო თანამედროვე წყლის გამწმენდი სისტემები, დამონტაჟდა ახალი აირმტვერდამჭერი ტექნოლოგიები, მიმდინარეობს რეკულტივაციისა და გარემოს აღდგენის პროექტები, ხოლო გარემოს მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება როგორც კომპანიის, ისე შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საპარლამენტო სტრუქტურების მონაწილეობით. ეს არის მუდმივი პროცესი, რომლის ფარგლებშიც სისტემატურად ხდება ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხის მონიტორინგი და სხვადასხვა შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

არემჯი” და მისი მნიშვნელობა: დღეს „არემჯი” წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოს. კომპანიის წარმატებაზე პირდაპირ არის დამოკიდებული ათობით ქართული ბიზნესის, მომწოდებლისა და ადგილობრივი მეწარმის საქმიანობა.

კომპანია ყოველწლიურად მნიშვნელოვან თანხებს იხდის როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ ბიუჯეტებში, აფინანსებს მრავალ სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და ინფრასტრუქტურულ პროექტს. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ბოლნისური მეღვინეობის მხარდაჭერა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეგიონის, როგორც თანამედროვე ქართული ღვინის ერთ-ერთი წარმატებული ცენტრის განვითარებაში.

სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განიხილებოდეს პასუხისმგებლობით, ფაქტებზე დაყრდნობით და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და არა გადაუმოწმებელი ბრალდებებითა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობით.

„არემჯი” ჯგუფი წარმოადგენს თანამედროვე, პასუხისმგებლობიან და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიას, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმითა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისადმი ერთგულებით ქმნის ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მნიშვნელოვან საფუძველს”, - ნათქვამია განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია