ჩვენი სამშობლო გაჭირვებაშია და უნდა დავდგეთ იმაზე მაღლა, ვიდრე იმის გარკვევაა, ვის უფრო მეტი დანაშაული გვაქვს იმაში, რომ საქართველო ამ დღეშია - თუ ვინმეს რაიმე მიქარული აქვს, მისთვის ახლა არის შანსი, წარსული გამოასწოროს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტქალაქში” “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის, ნიკა მელიასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ფოფხაძის თქმით, ის მიიჩნევს, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა მელია „უნდა გაჩერდეს“.
“მე მგონია, რომ ეს ემოციური ამბავია. ჩემს აზრს ვამბობ, რადგან ამ კამათში მხარე არ ვარ. მიმაჩნია, რომ ახლა ერთიანობა არის საჭირო საქართველოსთვის. ჩვენ ერთად ვდგებით არა ერთმანეთის სიყვარულით, არამედ საქართველოს სიყვარულით, ეს არის ვალდებულება, ამიტომ მე ვიღაც ჩემს გვერდით მომწონს თუ არა, იმას მოვწონვარ თუ არა, ეს უნდა იყოს მეორეხარისხოვანი.
თუ შენ შენი სამშობლო გიყვარს და გინდა რეალური ცვლილებები, რაღაცებს უფრო პრაგმატულად უნდა შეხედო და თუ მერე იქნება კონკურენტული გარემო და თავისუფალი გარემო… ახლა ეს ყველაფერი არ არის.
მე მგონია, რომ უნდა გაჩერდეს [ნიკა მელია] და უნდა შეწყდეს ეს ყველაფერი, ეს არ არის გარკვევა, ამით არაფერი არ ირკვევა. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ მაგისი [ნიკა მელიამ ყველაფერი გაასაჯაროოს] იმიტომ, რომ მაგ პრინციპით ყველანი ჩასარეცხები გავხდებით, ყველას რაღაც აქვს [ჩადენილი], ცხოვრება არის ისეთი, 50 წელი ვიცხოვრე და რაღაც მეც მაქვს, შეცდომა დაშვებული…
მგონია, ჩვენ ყველა ერთმანეთს ვჭირდებით და ყველა ერთად ვჭირდებით საქართველოს, ამიტომ უნდა გამოვიდეთ ამ პრინციპიდან, ვის რა გვქონდა შეცდომა დაშვებული, არ განიკითხო და არ განიკითხების პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს ყველამ. უნდა გავიაზროთ, რომ წარსული შეიძლება გავარკვიოთ იმის მერე, რაც საქართველოს მომავალი იქნება გარკვეული, თორემ საქართველოს წარსულად ვაქცევთ ჩვენ ამ ყველაფერს”, - აცხადებს ფოფხაძე.
მისივე თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება არის მმართველი პარტიის სურვილი.
„ეს არის ის, რაც “ქართულ ოცნებას” უნდა - მას უნდა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე იყოს ქიშპი, იყოს წინააღმდეგობა, ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევა იმიტომ, რომ ის თავის თავს პიარს ვერ გაუკეთებს და ერთადერთი, რაზეც უნდა ააგოს თავისი ხელისუფლებაში ყოფნა, ეს არის ოპონენტების შავი პიარი”, - აღნიშნავს ის.
ოპოზიციონერის თქმით, ოპოზიციის „ერთიანობა არის გამარჯვების ფორმულა და ხელისუფლებას ამის ეშინია”.
„საბოლოო ჯამში, საზოგადოება მიიღებს ერთიან ოპოზიციას, როგორც გარდამავალ პოლიტიკურ სუბიექტს და 26 მაისის აქციამ ეს გვაჩვენა.
ჩვენი სამშობლო გაჭირვებაშია და ახლა უნდა დავდგეთ იმაზე მაღლა, ვიდრე იმის გარკვევაა, ვის უფრო მეტი დანაშაული გვაქვს იმაში, რომ საქართველო ამ დღეშია. მეტსაც გეტყვით, თუ ვინმეს რაიმე მიქარული აქვს, მისთვის ახლა არის შანსი, თავისი წარსული გამოასწოროს. მე რა შეცდომაც მაქვს დაშვებული, იმის გამოსყიდვის შანსს ვითხოვ ბრძოლის ველზე.
მე მგონია, რომ ეს არის ემოციური მისი [ნიკა მელიას] მხრიდან, ის არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და აქედან იოლია, ასე უყურო, მაგრამ მიშაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, ორივე პოლიტპატიმარია ამ მოცემულობაში და მაგაზე ვთანხმდებით, რომ სააკაშვილი რაღაც კონკრეტული დანაშაულისთვის კი არ ზის, არამედ პოლიტიკური მოტივით ზის. პოლიტპატიმარი ის კი არ არის, ვინც დანაშაული ჩაიდინა ან არ ჩაიდინა, არამედ ის, ვის მიმართაც პოლიტიკური მართლმსაჯულება განხორციელდა”, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.