ივანე ჩხაიძე - დენგეს ვირუსის ერთეული შემთხვევები საქართველოში 2017 წლიდან ფიქსირდება, ახლაც, წინა კვირას დაფიქსირდა ერთი შემთხვევა და ყველა იყო შემოტანილი - არცერთ წელს არ დაფიქსირებულა ინფექციის შიდა გადაცემა

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და კრიტიკული არ იყო.

ამასთან, განმარტა, რომ დენგეს ვირუსი ქვეყანაში, 2017 წლიდან ფიქსირდება და ყველა შემთხვევა შემოტანილი იყო.

„ყოველ წელს, დენგეს ვირუსის 350 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება მთელ მსოფლიოში. ზოგადად, ჯანმო თვლის, რომ 4 მილიარდი ადამიანი არის ამ ვირუსის გავრცელების რისკის ქვეშ. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ითვლება ყველაზე გავრცელებად და სწრაფად მზარდ ინფექციურ დაავადებად. ძირითადი კერაა სამხრეთ ამერიკა და აზიის ქვეყნები, განსაკუთრებით სამხრეთ აღმოსავლეთ აზია.

ვირუსის გადამტანი არის კოღო და გადაცემის რამდენიმე ვარიანტია:

პირველი: უნდა იყოს ინფიცირებული ადამიანი, რომელიც ავადობის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხასიათდება სისხლში ვირუსის მაღალი აქტივობით. ამ ფაზაში უნდა უკბინოს კოღომ.

მეორე ეტაპი: კოღოს ორგანიზმში ამ ვირუსის გავრცელება - კოღოს სანერწყვე ჯირკვლამდე მისვლა. ამას 7-10 დღე სჭირდება.

მესამე ეტაპი: კოღომ უნდა უკბინოს ჯანმრთელ ადამიანს. ერთჯერადი კბენაც საკმარისია ინფიცირებისთვის. კოღოს საშუალებით ინფექციის გავრცელება ნიშნავს, რომ შესაძლებლობა ერთი ადამიანიდან მეორეზე გავრცელდეს, მაღალია.

საქართველოში, 2017 წლიდან ქვეყანაში ფიქსირდება ერთეული შემთხვევები. ახლაც, წინა კვირას დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაფიქსირდა 1 შემთხვევა. ჩვენ ქვეყანაში ყველა შემთხვევა იყო შემოტანილი. ეს იყო უცხოელი, რომელიც სხვაგან დაინფიცირდა და შემდეგ ჩვენთან შემოიტანა ვირუსი. არცერთ წელს არ დაფიქსირებულა ინფექციის შიდა გადაცემა. ამ თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა რისკს არ წარმოადგენს. თუმცა, ერთი შემთხვევის არსებობაც საყურადღებოა“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

რაც შეეხება ებოლას ვირუსს, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში ებოლას შემთხვევები არ ფიქსირდება და მისი გავრცელების რისკი არ არსებობს.

„ებოლას გავრცელების სპეციფიკური გზა აქვს, რის გამოც ის პანდემიის ერთ-ერთ სავარაუდო წყაროდ არ განიხილება. ვირუსის გავრცელება ხდება დაავადებული ან გარდაცვლილი ადამიანის სხეულის სითხეებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად“,- განაცხადა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში