ეს ადამიანი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს - სხვათა შორის ვხედავთ, რომ ბევრმა თავის განცხადებებს გადახედა, ცდილობენ, რომ მსგავსი ეპითეტები აღარ გამოიყენონ, მაგრამ ეს ადამიანი თავის ძველ განწყობებსა და ძველ მესიჯბოქსში ჩარჩა და სამწუხაროდ, ქართველი ხალხის არჩევანს აყენებს შეურაცხყოფას, - ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის ინტერვიუსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
მდინარაძის თქმით, „საქართველოს, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას სურს, ევროკავშირში გაერთიანება და არა იმ მენეჯმენტის მონობა, რომელიც მიზნად უსამართლობას ისახავს და შესაბამისს მესიჯებსაც ამ მიზნიდან გამომდინარე ალაგებს“.
„ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აირჩია, რომლის მთავარი ღირებულება და მთავარი ხაზი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. როდესაც ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ მწვანე შუქს ასეთი ტერმინებისათვის, რაც სხვათა შორის მენეჯმენტის გარეშე არ ხდება ხოლმე, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუკი ვინმე ან რამე აღვივებს ევროსკეპტიციზმს ამ ქვეყანაში, ეს არის უსამართლობა და ამ უსამართლობის ავტორები - იმ ადამიანის ჩათვლით, რომელზეც თქვენ მე კითხვა დამისვით.
დღევანდელი მენეჯმენტი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის განცდაზე ფიქრსაც კი ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძეს კიდევ ერთი კითხვა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუსვეს, რომლის მიხედვით, გერმანიაში გაგზავნილ ელჩს ალექსანდრე კარტოზიას აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცედურა არ დაუსრულებია.
მდინარაძის თქმით, „თუ ჩვენ გერმანიის ელჩის განცხადებებს ვნახავთ, აქ ლოგიკას ძალიან მარტივად დავინახავთ - თუ რა დამოკიდებულებაა ჩვენი სახელმწიფოს და მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიმართ“.
„სახელმწიფოს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება იქნება თუ ქვეყნის სათავეში მათი დავალებების შემსრულებლები იქნებიან, ამიტომ სახელმწიფოს მიმართ კი არა, მისი დამოუკიდებლობის და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიმართ პრობლემად უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.