ირაკლი მელაშვილი - „გინების პოლიცია“ შემოგვიღია, ეს აბსურდამდე მივა! - ეტყობა, ქალბატონმა თამთა ქიმბარიშვილმა უნდა ასწავლოს ზრდილობა საზოგადოებას

„გინების პოლიცია“ შემოგვიღია, შევხედავთ რაც იქნება, ეს აბსურდამდე მივა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, რითაც ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნას.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, რომ შეურაცხყოფა არის ორი პიროვნების საქმე და პოლიცია ამას ვერ დაარეგულირებს.

„ძალიან უცნაური სიტუაცია შეიძლება მივიღოთ, ამ სამსახურმა შეიძლება გამოაცხადოს, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ის მეორე თვლიდეს, რომ მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ამ დროს რას ვშვრებით? რა უშლის ხელს, რომელი ნორმა, რომ ასე მოიქცნენ?

ეს ქალბატონი [შს სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელი, თამთა ქიმბარიშვილი ] იქნება, რომელმაც ეტყობა, ზრდილობა უნდა ასწავლოს საზოგადოებას, ზრდილობიანი საუბარი, ძალიან უცნაურია. კიდევ ერთხელ ვამბობ, შეურაცხყოფა არის ორი პიროვნების საქმე, ვინ თვლის თავს შეურაცხყოფილად და თუ თვლის, აპირებს პასუხი მოსთხოვოს.

გინების პოლიცია შემოგვიღია, შევხედავთ რაც იქნება. აბსურდამდე მივა ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი ან აბსურდამდე მივა, ან შერჩევით სამართლამდე, ამ ორიდან ერთია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აბსურდი იქნება იმიტომ, რომ ამის პოლიციის მიერ გაკონტროლება არის შეუძლებელი. ადამიანი ადამიანს რომ შეურაცხყოფას აყენებს, ის ან პასუხს აძლევს, ან მიდის სასამართლოში, მაგრამ ეს ორი ადამიანის გადასაწყვეტია.

ზოგადად სიძულვილის ენა არის პრობლემა, რაც გაჩნდა სოციალური ქსელები, ეს პრობლემაც გაჩნდა იმიტომ, რომ უწინ თუ ინფორმაციას პროფესიონალები ავრცელებდნენ, ახლა ყველა გახდა ინფორმაციის გამავრცელებელი და გაჩნდა ეს სოციალური ქსელები. დასარეგულირებელია, მაგრამ ქვეყანა მითხრან, სადაც ასე რეგულირდება, მე ვიცი სამი: ჩინეთი, კუბა, ვიეტნამი“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს