4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს.
როგორლც საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, რის გამოც მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღეში სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან.
მათ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 3 წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს.
აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებული 12 პირიდან შემდეგი პირები გათავისუფლდებიან:
ალექსანდრე ხაბეიშვილი
ბექა ქელეხსაშვილი
გიორგი მუმლაძე
მამუკა ლაბუჩიძე
გურიელ ქარდავა
ავთანდილ სურმანიძე
თემურ ქურციკიძე.
როგორც საქმის პროკურორმა, ლაშა ცქვიტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული საქმის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ბრალდებულმა მიმართა სახელმწიფო ბრალდებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.
პროკურორის თქმით, მათაც გაუფორმდებათ საპროცესო შეთანხმება და ამის შესახებ მათ ადვოკატებს ეტაპობრივად ეცნობებათ.
„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე დღევანდელ დღეს დასრულდა როგორც სახელმწიფო ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და სხდომა გადაიდო დასკვნითი სიტყვების ეტაპზე. გარდა ამისა, აღნიშნული საქმის ფარგლებში, სადაც პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, სახელმწიფო ბრალდებას განცხადებით მომართა ხუთმა პირმა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. აღნიშნული განცხადების მიხედვით, ხუთივე ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და მსგავსი პოზიცია მათ დააფიქსირეს სასამართლო სხდომაზეც.
გარდა ამისა, უშუალოდ პროცესის დაწყებამდე დამატებით კიდევ ორმა ბრალდებულმა წარმოადგინა განცხადება საპროცესო შეთანხმების თაობაზე, შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას 12 ბრალდებულიდან 7 ბრალდებული აღიარებს და ინანიებს.
სახელმწიფო ბრალდებამ გამოხატა მზაობა და თანხმობა მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, შვიდივე ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და უახლოეს პერიოდში აღნიშნული პირები გათავისუფლდებიან სხდომის დარბაზიდან.
საპროცესო შეთანხმება ფორმდება სამი წლით პირობით მსჯავრზე.
ბრალდებულებმა აღიარეს და მოინანიეს მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ასახულია ვიდეო მასალებში, შესაბამისად, დადასტურებულია, რომ ხსენებული პირები მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც განხორციელდა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღიარება მოხდება ფაქტის დონეზე, რაც მათ დღევანდელ სხდომაზე გააჟღერეს. ჩვენებების მიცემის საჭიროება არ არსებობს გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტობრივი გარემოებები ისედაც დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.
როგორც ცნობილია, სასამართლოში ცალკე წარმოებად იხილება დამატებით კიდევ სისხლის სამართლის სამი საქმე. აღნიშნული საქმის ფარგლებშიც რამდენიმე ბრალდებულს უკვე მომართული აქვს სახელმწიფო ბრალდებისთვის, სადაც ითხოვენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მათი ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია და ადვოკატებს მომდევნო სხდომებზე ეტაპობრივად ეცნობებათ, შესაბამისად, არის გონივრული მოლოდინი იმისა, რომ უახლოეს პერიოდში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირებიც გათავისუფლდებიან პირობითი მსჯავრით.
მომდევნო სხდომაზე პროცედურულად მოხდება შუამდგომლობის წარდგენა სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ. აღნიშნული შვიდი პირის მიმართ გამოიყოფა საქმე, განსახილველად გადაეცემა სხვა მოსამართლეს, რომელმაც უნდა განიხილოს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საკითხი. აღნიშნულს პროცედურულად გარკვეული დროს დასჭირდება, თუმცა, ჩემი მოლოდინით ეს მომავალ კვირას არ უნდა გასცდეს”, - აღნიშნა პროკურორმა.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ალექსანდრე ხაბეიშვილს, გიორგი მულაძეს, ავთანდილ სურმანიძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
რაც შეეხებათ პირებს, რომელთაც საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპისთვის არ უფორმდებათ, არიან: ვახტანგ ფიცხელაური, აბო ნავერიანი, ანტონ უპერი, ნანა სანდერი და მარიამ მეყანწიშვილი.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვახტანგ ფიცხელაურს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.