თუ დელეგაციის ხელისუფლებასთან შეხვედრის შედეგებით ვიმსჯელებთ, თუ როგორი იყო ხელისუფლების რეაქცია და დამოკიდებულება, მარტივი შეხვედრა არ უნდა ყოფილიყო. ხელისუფლება მუდმივად საუბრობდა, რომ აშშ-სთან გადატვირთვას იწყებდა და კარგი ამბები ჰქონდათ, დელეგაციის სტუმრობის შემდეგ კი ასეთი ნასიამოვნები სახე „ქართული ოცნებისთვის“ არ შემიმჩნევია, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტს და ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.
როგორც ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმი" სტუმრობისას განაცხადა, დელეგაციის წევრებმა შეხვედრის დროს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას გარკვეული მოქმედებების ფორმატი განუსაზღვრეს.
„აშშ-ს საელჩოს განცხადება არის დიპლომატიური ენით გადმოცემული, აწონ-დაწონილი და შეჯერებული ტექსტი, რომელსაც თითქოს ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არ უნდა დაეტოვებინა, მაგრამ მაინც დატოვა. თუ დელეგაციის ხელისუფლებასთან შეხვედრის შედეგებით ვიმსჯელებთ, თუ როგორი იყო ხელისუფლების რეაქცია და დამოკიდებულება, მარტივი შეხვედრა არ უნდა ყოფილიყო. ხელისუფლება მუდმივად საუბრობდა, რომ აშშ-სთან გადატვირთვას იწყებდა და კარგი ამბები ჰქონდათ, დელეგაციის სტუმრობის შემდეგ კი ასეთი ნასიამოვნები სახე „ქართული ოცნებისთვის“ არ შემიმჩნევია. როგორც ჩანს, საუბრის დროს გარკვეული მოქმედებების ფორმატი განუსაზღვრეს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას და ეს კარგია, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არ არსებობს.
სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესები მკაფიოდ გამოჩნდა, ამ ფონზე კი სომხეთთან და აზერბაიჯანთან ყველაფერი გარკვეულია და ახლა საქართველოს ფაქტორია. ყარაბაღის ომამდე [სამხედრო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მთიანი ყარაბაღის რეგიონზე კონტროლის დასამყარებლად] დასავლეთი და აშშ რეგიონის პერსპექტივას, საქართველოს პრიზმიდან უყურებდა, ახლა კი პირიქითაა, საქართველოს უყურებენ რეგიონში მიმდინარე პროცესების პრიზმიდან“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
ანალიტიკოსის თქმით, პოლიტიკურ და ინსტიტუციურ პროცესებში ოპოზიციის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში ვერ შევა, მიიჩნევს, რომ დელეგაციის ხელისუფლებასთან საუბრის თემა ახალი საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა.
„ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობები, პირველ რიგში ქვეყნის უსაფრთხოებაა, სადაც მინიმუმამდე არის შეზღუდული ამერიკის არაკეთილმოსურნე ქვეყნების გავლენები. მეორე საკითხია, ოპოზიციის მონაწილეობა ინსტიტუციებში. ეს კი შეუძლებელია იმ პოლიტიკის პირობებში, რომელიც „ქართული ოცნებას“ აქვს. ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა ვერ იქნება, სადაც პოლიტიკური პატიმრები არსებობენ, სადაც ოპოზიციის დევნის საფრთხე არსებობს და ვინ არ არის დაპატიმრებული და გარეთ არის, მათზეც საქმეა აღძრული. ოპოზიციის ინსტიტუციურ პროცესებში მონაწილეობა ოპოზიციას შეზღუდული აქვს, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდებიან, უნდა ვივარაუდოთ, რომ საუბარი ახალ არჩევნებს უნდა ეხებოდეს, ახალი წესებით. ივანიშვილმა იცის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ქვეყანაში, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით მას თავისი პოზიცია გააჩნია, მას უნდა, რომ ოპოზიციაც მისი მორჩილი იყოს, ამიტომ ის ოპოზიციად „ნეიტრალურ საქართველოს“, „ხალხის ძალასა“ და დიმიტრი ხუნდაძეს განიხილავს, რომელიც ყველაზე ხშირად არის ამბოხის რეჟიმში, რომლის უფლებაც აქვს, მას [ბიძინა ივანიშვილის] სჭირდება ისეთი ოპოზიცია, რომელიც მეამბოხე იქნება, მისი თანხმობის შემთხვევაში“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
რამდენად შეასრულებს „ქართული ოცნება“ აშშ-ს მოთხოვნებს, ჯეჯელავას შეფასებით, სხვა არჩევანი მმართველ პარტიას არ აქვს, რადგან მოთხოვნების შესრულებაზე რეგიონში მიმდინარე პროცესები და საგარეო მიმართულებით რუსეთის შესუსტებაც მოქმედებს, ვინაიდან ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში და უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, რუსეთს არ აქვს ძალა, რომ აშშ-ს ინტერესებს დაუპირისპირდეს.
„წინასწარი განწყობები თავიანთი ამომრჩევლისთვის შექმნილი აქვთ, რომ ტრამპმა ვერ დაამარცხა „დიფ-სთეითი“ და ასეთ აშშ-სთან ურთიერთობა არ არის „ქართული ოცნებისთვის“ ხელსაყრელი, თითქოს ნიადაგი მომზადებულია, მაგრამ რა არჩევანის შესაძლებლობა არსებობს? შევხედოთ უკრაინა-რუსეთის ფრონტზე რა მოვლენები მიდის, ასევე სერიოზული უკმაყოფილება მწიფდება რუსეთში რეჟიმის წინააღმდეგ. მალე ნიკოლ ფაშინიანის არჩევნები იქნება, რომელსაც აშშ-სა და ევროპის ღია მხარდაჭერა აქვს. აქედან გამომდინარე, რა არჩევანი რჩება ივანიშვილს, როდესაც ფაშინიანის გამარჯვებით, ამერიკა სამხრეთ კავკასიაში პოზიციებს იმყარებს. მათ ყველაზე ცუდი სცენარი დაუშვეს საკუთარი თავისთვის, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ უკრაინაში ომის დაწყების წინ სწორი არჩევანი გაეკეთებინათ და მათ სწორი გათვლა ვერ გააკეთეს, როდესაც იმ ქვეყანას დაუპირისპირდნენ, რომელიც სამამულო ომში იყო ჩართული და სამშობლოსთვის იბრძოდა [უკრაინა] და მასთან ურთიერთობა გააუარესეს. ამიტომ რუსეთი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ის აშშ-ს ინტერესებს დაუპირისპირდეს, მისი ამოცანა, იქნება, რომ პოლიტიკური ვაჭრობის პროცესში, თანამონაწილეობის უფლება მოიპოვოს“,- განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, აშშ ინსტიტუციებს ენდობოდა და არა ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ საჭიროა, რომ ინსტიტუციებმა გამართულად და დემოკრატიულ რეჟიმში, მათ შორის ოპოზიციის მონაწილეობით იმუშაოს.
„ბოიკოტი, რომ დასრულდეს, ოპოზიცია ვერანაირად ვერ მოხვდება ინსტიტუციებში და მონაწილეობას ვერ მიიღებს. პარლამენტში შესვლის შანსი გამორიცხულია. მგონია, რომ ახალი არჩევნების პირობებში ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. საელჩოს განცხადებაში მრავალჯერ არის ნახსენები ნდობა, ეს კი გამოძახილია იმისა, რომ აშშ ბიძინა ივანიშვილის როგორც პარტნიორს არ ენდობა და ნდობა მხოლოდ ინსტიტუციების მიმართ აქვს. ამიტომ განცხადებაში ჩანს, რომ აშშ ინსტიტუციების გამართულ მუშაობას ითხოვს და იქ დემოკრატიულობას. ვფიქრობ, რომ დელეგაცია თავისი უფლება-მოსილებით იყო შემოფარგლული“,- განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.