თაზო დათუნაშვილი - ალექსანდრე კარტოზია შევარდნაძის ეპოქის სამარცხვინო გადმონაშთია, „კა-გე-ბეს“ აგენტი, მისი ელჩად დანიშვნა როგორ შეიძლება? აშშ-ს გზავნილებზე კი ოპოზიციონერმა კოლეგებმა დაბალი პოლიტიკური კულტურა აჩვენეს

ირაკლი კობახიძე მართლა სერიული აფერისტია, ის არ არის ჯანსაღი პოლიტიკური შეხედულებების ადამიანი - ის არის ერთჯერადი გამოყენების მარიონეტი ივანიშვილის ხელში, რომელსაც ნამდვილად არ აქვს კარგად დალაგებული საქმე თავის აზრებთან, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც მთავრობის ანგარიშში ევროკავშირთან ურთიერთობის ნაწილში გაკეთებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომლის სახეც საქართველოს ისტორიაში შევა მარტო იმით, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს უარი განაცხადა, საქართველოს გამოეყენებინა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური შანსი, რომ ქვეყანა ინტეგრირებულიყო დასავლურ სივრცეში.

ირაკლი კობახიძე მართლა სერიული აფერისტია. ეს არის პოლიტიკური შიზოფრენია, რეალობისგან აბსოლუტურად დისტანცირება. ირაკლი კობახიძე, ზოგადად, ამით გამოირჩევა. ის არ არის ჯანსაღი ადამიანი, ჯანსაღი პოლიტიკური შეხედულებების ადამიანი. ის არის ერთჯერადი გამოყენების მარიონეტი ივანიშვილის ხელში, რომელსაც ნამდვილად არ აქვს კარგად დალაგებული საქმე თავის აზრებთან. რა ჰარმონიზაციაზე ვლაპარაკობთ?! ირაკლი კობახიძე არის ის კაცი, რომლის სახეც საქართველოს ისტორიაში შევა მარტო იმით, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს მან უარი განაცხადა, საქართველოს გამოეყენებინა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური შანსი, რომ ქვეყანა ინტეგრირებულიყო ცივილიზებულ სამყაროში, დასავლურ სივრცეში და ევროკავშირში. ამის მაგივრად, მან ამაზე უარი თქვა. ის, რეალურად, მისი გამოსახედიდან, სამუდამოდ მოშორდა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ეს კაცი იძახის, რომ რაიმე ჰარმონიზაციისკენ მიდის? კაცი, რომელმაც 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე, მიიღო კანონების მთელი დასტა, მათ შორის, მთავრობის განკარგულებები, რომელთა მიზანიც არის, რომ საქართველო აღარ იყოს დემოკრატიული ქვეყანა, რომ საქართველო აღარ იყოს ქმედითი და სრულფასოვანი რესპუბლიკა, რომ საქართველო არათუ ევროკავშირის სტანდარტებთან, არამედ საქართველოს კონსტიტუციასთან მოვიდეს წინააღმდეგობაში. ეს არის კაცი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები ფეხქვეშ გათელა - გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ორგანიზაციის დაფუძნების თავისუფლება. ეს არის კაცი, რომელმაც საქართველოში მოკლა სამოქალაქო სექტორი,“ - განაცხადა დათუნაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „საქართველოს მოქმედი ხელმძღვანელობის გარდა, ნულოვანი არის ვინმე სხვის პასუხისმგებლობა იმაში, რომ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული დემოკრატიული რესპუბლიკა, აღარ არის ევროპული გზის ნაწილი“.

„ნულოვანია, საქართველოს გარდა, სხვა ნებისმიერ აქტორზე საუბარი პასუხისმგებლობის ნაწილში. ერთადერთი „ქართული ოცნების“ გარდა, ვინც ამაზე პასუხისმგებელია, არიან „ქართული ოცნების“ პატრონები მოსკოვში. პოლიტიკურ შიზოფრენიას ტყუილად არ ვახსენებ. ეს პროცესი 28 ნოემბერს არ დაწყებულა. მანამდე დაიწყო პროექტი პარტიების შექმნით, ზუსტად იგივე სახელმძღვანელოს გაყოლით, რაც თავის დროზე, 15-20 წლით უფრო ადრე, სურკოვმა და პუტინმა შეიმუშავეს სუვერენული დემოკრატიის მოდელში. რუსეთი ევროკავშირში ინტეგრაციისკენ არ მიდიოდა, მაგრამ დასავლეთთან ურთიერთობები სისტემურად გაიფუჭა. იგივე გზას დაადგნენ,“ - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, მან გადაცემაში გერმანიასთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე „ქართული ოცნების“ მხრიდან კატასტროფული, სამარცხვინო, აღვირახსნილი დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს და ეს სპეცოპერაცია „ეფ-ეს-ბეს“ ოფისში დაიწერა.

რაც შეეხება საკითხს, რომ საქართველოდან გერმანიაში გაგზავნილ ელჩს აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცედურა არ გაუვლია, დათუნაშვილი ამბობს, რომ ალექსანდრე კარტოზია არის „შევარდნაძის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე შავრაზმელი არარაობა“ და „ამ გადმონაშთის, სამარცხვინო მოვლენის სადმე ელჩად გაშვება არ შეიძლება“.

„გერმანია „ქართულ ოცნებაში“ განსაკუთრებულ სამიზნედ ჰყავთ ამოღებული. გერმანია ერთ-ერთი მოწინავე პარტნიორია აშშ-სთან ერთად. ეს იყო გამიზნული, „ეფ-ეს-ბე“-ში ლუბიანკას ოფისში გადაწყვეტილი კონკრეტული სპეცოპერაცია - გერმანიის ელჩის დისკრედიტაციის კატასტროფული, სამარცხვინო, აღვირახსნილი კამპანია. გერმანიის, როგორც სახელმწიფოს დისკრედიტაცია, გაუთავებელი. დიპლომატიური ურთიერთობით გაჩაღებულია ჩვეულებრივი იაფფასიანი პროვინციული იწილო-ბიწილო - აი, ამაში არიან ჩართული გერმანიასთან მიმართებაში.

კონკრეტულად, ბატონ კარტოზიასთან ამ გადაწყვეტილებაზე, ან თუნდაც“ ქართული ოცნების“ პროპაგანდაზე, რატომ არ ცვლიან სალომე ზურაბიშვილს საიტზე, ამას ჩემ საქმედ არ ვთვლი. „ძლიერი საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის საქმე არ არის ამის ანალიზი, მე ექსპერტი არ ვარ, რომ ანალიზი ვაკეთო. ალექსანდრე კარტოზია შევარდნაძის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე შავრაზმელი არარაობაა, რომელიც ყველაზე მოწამლულ აზრებს ისროდა. მე სკოლის მოსწავლე ვიყავი, ის რომ განათლების მინისტრი იყო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო, „კა-გე-ბე“-ს აგენტი. მე ვფიქრობ, ზოგადად, პრობლემა არის ურთიერთობებში. ალექსანდრე კარტოზიას მსგავსი ხალხის გამო მოხდა „ვარდების რევოლუცია“. ალექსანდრე კარტოზიას ელჩად სადმე გაშვება როგორ შეიძლება?! ალექსანდრე კარტოზია ბავშვებს, სტუდენტებს არ უნდა გააკარო და ამათ ელჩად გაუშვეს ქვეყნის წარმოსადგენად. ალექსანდრე კარტოზია ხელმძღვანელობდა ჩამომპალ განათლების სისტემას ამ ქვეყანაში, სადაც სკოლის მასწავლებელი ბავშვებს ნიშნებს არ უწერდა, თუ ფულს არ მისცემდა. ასეთი ადამიანები ასეთი საქციელის გამო უნდა დაისაჯონ. სისხლის სამართლებრივად თუ არა, პოლიტიკურად უნდა დაისაჯონ. პოლიტიკურ მოუსავლეთში უნდა წავიდნენ. ელჩად არ უნდა იყოს განწესებული და ჰალსტუხმოჭერილი არ უნდა საუბრობდეს 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე ახლო პარტნიორებთან,“ - განაცხადა დათუნაშვილმა.

ამასთან, მან 25-28 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ „ის კონკრეტული ვითარება, რომელიც დღეს არის, არ იძლევა საშუალებას, რომ რაიმე ფორმით შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა აღდგეს და შეერთებული შტატები იყოს ისევ ისეთი აქტიური პარტნიორი საქართველოში როგორც ყოველთვის იყო“.

დათუნაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ამ განცხადებაზე ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციები კეთდება, რაც მისივე შეფასებით, „ძალიან დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს“.

„ძალიან დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს, როდესაც კოლეგებში ძალიან ჩვეულებრივი პირდაპირი ტექსტის აღვირახსნილი ინტერპრეტაცია მიდის. ამ ტექსტს არ სჭირდება ინტერპრეტაცია. ამ ტექსტში არის ძალიან კონკრეტული ჩარჩო. ჩარჩო ამბობს მარტივ რაღაცას - ეს სტატუს-კვო, ის კონკრეტული ვითარება, რომელიც დღეს არის, არ იძლევა საშუალებას, რომ რაიმე ფორმით შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა აღდგეს და შეერთებული შტატები იყოს ისევ ისეთი აქტიური პარტნიორი საქართველოში როგორც ყოველთვის იყო.

ხელისუფლების ნაწილში, მარტივად არის ნათქვამი - თქვენ თუ აგრძელებთ ოპოზიციას პოლიტიკურ დევნას, შეუძლებელია რაიმეზე შეთანხმება, თქვენ თუ აგრძელებთ ამ ვითარებაში ცხოვრებას, შეუძლებელია წინ იქნას რაიმე ნაბიჯი გადადგმული. სამწუხაროდ, მართლა სერიოზული მატყუარაა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. კაცი 6 თვეზე მეტია, იტყუება, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას დაალაგებს. ამით ყელყელაობს და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი აშხაბადს და ტაშკენტს ვერ გასცდა, თვითონ კი დუბაის ვერ გასცდა - რუსი ტურისტივით დაყიალობენ დუბაიში. ეს არის ვითარება სინამდვილეში და ასე დარჩება, თუ ურთიერთობის აღდგენის საბაზისო საწყისი, რაც დელეგაციამ დასვა, არ იქნება შესრულებული. იქ ყველაფერი შავი თეთრზე წერია.

მარტივი ამბავია, ზემოდან დაშენებული იდეები ზედმეტია, უნდა მოაშორო. რაც წერია იმ განცხადებაში, არის შეერთებული შტატების პოზიცია. ახლა გინდა მივიღოთ, გინდა არა. მინდოდა უკეთესი განცხადება?! რა თქმა უნდა, მინდოდა, მაგრამ ეს ჩემი სურვილია და მე ამას ჩვენს მაყურებელს რეალობად არ მივასაღებ, კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ამას აკეთებენ. რაც წერია განცხადებაში ისე უნდა წავიკითხოთ. განცხადებები ვერ განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესს. ჩვენ დავინახეთ ამერიკის პოზიცია. ვინმეს თუ ეჭვი ეპარებოდა ამ ქვეყანაში რომ ტრამპი-შეერთებული შტატები იხრება იქით რომ აქ დემოკრატია უგულებელყოს, იხრება „ქართულ ოცნებასთან“ დალაგებისკენ, თუ ეჭვები იყო რომ ოპოზიციას დაეხმარება, ეს ეჭვები გაანეიტრალა ამ განცხადებამ. მეტი არაფერი გაუკეთებია. ისევ ისე როგორც გუშინ წინ და იმის წინ იყო, ისევ ისე ჩემი და ჩემი კოლეგების საქმედ დარჩა ის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიტვირთოს, საქართველო გადარჩეს როგორც სრულფასოვანი სუვერენული რესპუბლიკა. ჩვენი საქმეა, რომ ეს სახელმწიფო გადარჩეს და არა ის. რომ ვიყოთ დაკავებული პასენასით და კარტის გაშლით,“ - განაცხადა დათუნაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია