ბაჩო ახალაია - ჩემზე კარგად ივანიშვილმა იცის, რომ ხელისუფლებიდან განდევნა მისი დამხობაა - დღეს მე არ ვარ პოლიტიკოსი, პოლიტიკური ამბიციები არ გამაჩნია, ამიტომ ბევრად თამამად ვსაუბრობ

ჩემზე კარგად ივანიშვილმა იცის, რომ მისი ხელისუფლებიდან განდევნა მისი დამხობაა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილთან განმარტავდა, თუ რატომ არ არის დანაშაული ხელისუფლების დამხობა.

„ბატონო რომეო[მოსამართლე], გამოვეხმაურები თქვენს ეფექტურ შემოსვლას დარბაზში. სასამართლოში თქვენ ხართ მთავარი. ვისაუბრე, ვესაუბრებოდი მოსამართლეს, იქ იყო ორი პროკურორი, ეს პროცესი დამთავრდა, ვიღაცამ სუს-ში მიაგნო და აღმოაჩინა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული იყო და ბრალი წამიყენეს.

აბსოლუტურად სერიოზულად ვუდგები საკითხს, როცა ვთქვი, რომ არ ვიცი ვაღიარებ თუ არა. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს სისხლის სამართლის დანაშაული რატომ უნდა იყოს და კრიმინალი რატომ ვარ სიტყვის გამო. ხელისუფლების დამხობა ერთადერთ გზად მიმაჩნია ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამოსვლისთვის. კანონმდებლობით ხელისუფლების დამხობა დანაშაულად არ არის შერაცხული. ხელისუფლების დამხობა დანაშაულად ფიქსირებული არ არის ჩვენს კანონში. ჩვენ საზოგადოება ვთანხმდებით ქცევის ნორმებზე და მხოლოდ მას შემდეგ ეძლევა კანონის ძალა..

მე ვთქვი, რომ ეს ხელისუფლება უნდა დაემხოს, ამის უფლება ადამიანებს ბუნებით გვაქვს მონიჭებული. არ არსებობს ისეთი ვითარება, რომელსაც შეუძლია ადამიანს ბუნებითი უფლება შეუზღუდოს, სხვა საკითხია, ვინ თვლის, რომ დიქტატურა არის და ვინ - არა. თუ ვთვლით, რომ დიქტატურაა, ლეგიტიმური უფლებაა, დამხობა.

ბატონო რომეო, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ორჯონიკიძე, ფილიპ მახარაძე და ა.შ. რომ დაემხოთ, ჰქონდათ თუ არა უფლება? რა თქმა უნდა, ჰქონდათ, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, დამარცხდნენ.

მე ვთვლი, რომ ეს არის დიქტატურა. გაურკვეველ ვითარებაში ვცხოვრობთ, ყველას ესმის, რომ ეს არის დიქტატურა, ვინმეს სიღრმისეულად რომ დაელაპარაკო, ყველა გეტყვის - „ეს კაცი ასე არ წავა", აი, ეს ვითარებაა.

ჩემზე კარგად ივანიშვილმა იცის, რომ მისი ხელისუფლებიდან განდევნა მისი დამხობაა.

ქართულ საზოგადოებაში ფართოდ გამჯდარი შიშია, თითქოს, ომი იქნება რუსეთთან, თუ კარგად დაუკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ არავინ ელოდება ხვალ ტანკების შემოჭრას...

ადამიანებს ერთადერთი საშუალება ამოცანის ამოსახსნელად დაკვირვება გვაქვს. თუ კარგად დავაკვირდებით, სად ვცხოვრობთ, თუ კარგად დავაკვირდებით, საზოგადოება მიხვდება, რომ ვცხოვრობთ აბსურდში, სადაც ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ, თუ კარგად დააკვირდებით, „ფეისბუქის“ სტატუსის გამო შეიძლება ადამიანები დააკავონ, თუ საზოგადოება კარგად დააკვირდება, მიხვდება, რომ ამ ყველაფრის არჩევნებით შეცვლა არ შეუძლია, თუ ამ ყველაფერს კარგად დააკვირდება, ერთი ამოაცანით ამოხსნის - ეს არის დამხობა. თუ ფიქრობ, რომ ხელისუფლება ადამიანის ნებაზე ძალადობს, ერთადერთი გამოსავალი დამხობაა.

ბატონო მოსამართლე, როგორც თქვენ ახლა მისმენთ, ნუ, გასაგებია, ამას ეხება და მისმენთ, მაგრამ ისე მისმენდა ის მოსამართლეც და პროკურორიც....

დღეს მე არ ვარ პოლიტიკოსი, პოლიტიკური ამბიციები არ გამაჩნია, ამიტომ ბევრად თამამად ვსაუბრობ. არჩევნები ერთადერთი გზა არისო, ამბობენ პოლიტიკოსები, შედეგი ხომ იგივეა, არჩევნებით ივანიშვილი რომ დამარცხდეს დღეს, ის ხვალ ციხეში იჯდება. ნებისმიერი სახით ამ კაცისთვის ძალაუფლების წართმევა, ციხეში წასვლას ნიშნავს. ჩვენ ძალიან ბევრ სიმართლეს ვიტყვით, როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება და ეს იცის ივანიშვილმა.

არ მესმის, ეს დანაშაულია, თუ კეთილსინდისიერი მოქალაქეობა. მე არ მოვუწოდებ ადამიანებს არაფრისკენ, არ მივიჩნევ თავს ადამიანად, სხვას რამე მოუწოდოს, მე ვამბობ ჩემს პოზიციას",- განაცხადა ახალაიამ.

მან მოსამართლეს მოუწოდა, თავად შეეფასებინა, ეს იყო თუ არა დანაშაული და დასძინა, რომ „მეორე 9-წლიანი მუხლი“ აქვს, ამიტომ „დიდად არ აღელვებს, 3 წელი დაემატება თუ არა".

მოსამართლე ახალაიას შესავალ სიტყვას გამოეხმაურა, სადაც მან მოსამართლეს უთხრა, რომ „ეფექტურად შემოვიდა".

„ეფექტური შემოსვლა ახსენეთ, საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია, რომ დარბაზი სასამართლოს შემოსვლისას ფეხზე ადგეს, ელემენტარული კულტურაა, როგორც ჩანს, ვიღაცებს ამის დეფიციტი აქვს",- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას ბრალი სასამართლოზე ნათქვამი ფრაზისთვის: „მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს", წაუყენეს.

ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია