თსსუ - პროექტის „თსსუ-ის ელჩები“ პირველი საპილოტე ეტაპი წარმატებით დასრულდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მასშტაბური საგანმანათლებლო/შემეცნებითი პროექტის „თსსუ-ის ელჩები“ პირველი საპილოტე ეტაპი წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ინიციატივის მიზანია IX-XII კლასის მოსწავლეებში მედიცინის და ჯანდაცვის სფეროს, ასევე სამედიცინო განათლების პოპულარიზაცია, მათი პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

პროექტის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობასა და მეგობრობას სხვადასხვა რეგიონისა და დედაქალაქის სკოლებთან. ორმხრივი ვიზიტების (თსსუ-ის სტუმრობა სკოლებში და მოსწავლეების მასპინძლობა უნივერსიტეტში) ფორმატმა თსსუ-ის შესაძლებლობლობა მისცა პროექტის ფარგლებში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთო როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონის სკოლების მოსწავლეები და უფრო ფართოდ გაეცნო მათთვის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემო და შესაძლებლობები.

საპილოტე რეჟიმი სამი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. ამ პერიოდში პროექტის ‘’თსსუ-ის ელჩები’’ ფარგლებში თსსუ ხუთ სკოლასთან დამეგობრდა.

პარტნიორი სკოლები:

  • ქ. ხაშურის N1 საჯარო სკოლა
  • ქ. რუსთავის N4 საჯარო სკოლა
  • ქართველ იუნკერთა სახელობის ქ. თბილისის 52-ე საჯარო სკოლა
  • ქ. თბილისის მე-60 საჯარო სკოლა
  • ქ. თბილისის 61-ე საჯარო სკოლა

განხორციელებული ძირითადი აქტივობები

სკოლებში სტუმრობისა და უნივერსიტეტში მასპინძლობის დროს მოსწავლეებმა პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს. მათ ჩაუტარდათ:

პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგები: თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის ინსტრუქტორების დახმარებით, მოსწავლეებმა მანეკენებსა და მულაჟებზე შეისწავლეს გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) ბაზისური პრინციპები, სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის ამოგდების ტექნიკა, სასიცოცხლო ნიშნების განსაზღვრა, ნახვევების დადება და სისხლდენის შეჩერება.

ქიმიური და ლაბორატორიული ექსპერიმენტები: ასევე, განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ფარმაციის ფაკულტეტის დეპარტამენტების ლაბორატორიებში ჩატარებულმა პრაქტიკულმა აქტივობებმა. მოსწავლეები უშუალოდ ჩაერთნენ სამეცნიერო-კვლევით პროცესებში.

ინსტრუქტორების ზედამხედველობით, დაამზადეს სხვადასხვა მედიკამენტი და კაფსულები. მათთვის სპეციალურად მოწყობილ ინტერაქტიულ კუთხეში პრაქტიკულად გაიარეს უჯრედიდან დნმ-ის გამოყოფის ეტაპები, გაეცნენ ტოქსიკოლოგიურ კვლევებს, მათ შორის ნარკოტესტების გამოყენების სპეციფიკას. მრავალფეროვანმა ექსპერიმენტებმა მოზარდებს სამედიცინო მეცნიერების პრაქტიკული მხარე სულ სხვა კუთხით დაანახა, რამაც მათში უდიდესი ინტერესი და მოტივაცია გააღვიძა.

საუნივერსიტეტო სივრცეების დათვალიერება: თსსუ-ში ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლო კორპუსები, აუდიტორიები. თსსუ-ის სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი, სადაც გაეცნენ უნიკალურ ექსპონატებს, ემბრიოლოგიურ ნიმუშებსა და ანთროპოლოგიურ მულაჟებს.

ინტელექტუალური ვიქტორინები: მიღებული ცოდნის შესამოწმებლად და განსამტკიცებლად შეხვედრები ხშირად შემეცნებითი და სახალისო ვიქტორინით სრულდებოდა.

მოსწავლეთა უკუკავშირი აჩვენებს, რომ პროექტმა აუმაღლა მოტივაცია და ბევრს მომავალი პროფესიის მედიცინასთან დაკავშირების სურვილი გაუჩინა.

კონკურსი „ჩემი თვალით დანახული თსსუ“ და პირველი ელჩები

ყოველი შეხვედრისას მოსწავლეები ერთვებიან შემოქმედებით კონკურსში ‘’ჩემი თვალით დანახული თსსუ’’. შეხევდრის შემდეგ, მათ აქვთ 10 დღე, რათა თავისუფალ ფორმატში (ინდივიდუალურად ან ჯგუფურად) წარმოადგინონ საკუთარი ხედვა და მიღებული შთაბეჭდილებები. კონკურსში გამარჯვებულებს ენიჭებათ „თსსუ-ის ელჩის“ საპატიო სტატუსი, რის შემდეგაც ისინი აქტიურად ერთვებიან საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

პროექტს ჰყავს გამარჯვებულები - თსსუ-ის ელჩები.

პროექტის შესახებ

პროექტი „თსსუ-ის ელჩები“ უნივერსიტეტმა 2026 წლის 11 მარტიდან დაიწყო და ის განკუთვნილია სკოლის IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებს უკეთ გააცნოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მიაწოდოს ინფორმაცია უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ და დაანახოს მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს მრავალფეროვანი პროფესიული მიმართულებები. პროექტი ხელს უწყობს იმასაც, რომ მოსწავლეებმა პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევისას მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, ინიციატივა ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანმრთელობის, ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს მოსწავლეებს და მოუთმენლად ელოდება შეხვედრებს ახალ მეგობრებთან.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია