ვალერი ჩეჩელაშვილი - ლავროვმა ევროკავშირზე ბევრი არაფერი იცის - თუ ჩვენ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ, კუთვნილ ადგილს დავიკავებთ ევროკავშირის ბაზარზე, რუსეთის მიერ დსთ-ს საკუთარ თავთან გაიგივება კი არაკორექტულია, ჩვენ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობები გვაქვს

რუსეთში გაკეთებული განცხადებები არსით არაფერ ახალს არ წარმოადგენს, ეს განცხადებები რუსეთის საგარეო სტრატეგიას ემყარება, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან განავითაროს ნებისმიერი ფორმატის და სიღრმის ურთიერთობები, მაგრამ საქართველომ უნდა აღიაროს ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა - სწორედ ეს განასხვავებს რუსეთს ევროკავშირისგან და აშშ-სგან, რადგან როგორი კრიტიკულიც არ უნდა იყოს მათი [ბრიუსელისა და ვაშინგტონის] განცხადებები, ყოველთვის სრულდება მკაფიოდ ჩამოყალიბებული გზავნილით, რომ ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,- ასე აფასებს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ინიციატივა „ჯერ საქართველოს" წევრი ვალერი ჩეჩელაშვილი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ „საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებისგან შედგება“.

რაც შეეხება ლავროვის განცხადების იმ ნაწილს, რომ „საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს უარი თქვას იყოს ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით“, ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, ეს რიტორიკა არასწორია, რადგან ევროკავშირში არის ფონდები, რომლებიც ახალმიღებულ ქვეყნებს აგროპროდუქციის წარმოებასა და რეალიზებაში მხარს უჭერს. მისივე შეფასებით, რუსეთის პირველ პირები ცდილობენ, რომ ისეთი არგუმენტები მოიყვანონ, რითაც გამოჩნდება, რომ საქართველოსთვის რუსეთთან უფრო კარგი იქნება ურთიერთობების განვითარება, ვიდრე ევროკავშირთან.

„ლავროვმა ევროკავშირზე ბევრი არაფერი არ იცის და ეს ბუნებრივია, რადგან რუსეთს არასდროს ჰქონია მიზანი, რომ ევროკავშირის წევრი გამხდარიყო. ევროკავშირში სპეციალური ფონდებია ახლად მიღებული და კანდიდატი ქვეყნებისთვის, ასევე ასოცირების პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის და ეს ფონდები მათ ეხმარება, რომ მათ შესაბამისი სტანდარტები შემოიღონ, რომელიც მათ შესაძლებლობებს აძლევს, რომ თავიანთი აგროპროდუქტი აწარმოონ და ევროპის ბაზარზე გაიტანონ. მაგალითისთვის, ესტონეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 36 ათას დოლარამდე აღწევს, რომელიც 2-ჯერ მეტია რუსეთის შესაბამის მაჩვენებელთან. ესტონეთის საექსპორტო პოტენციალს, ევროკავშირში რძე და რძის პროდუქტები შეადგენს. ესტონეთის წარმატება გვიდასტურებს, რომ თუ ჩვენ ევროკავშირის შემოთავაზებულ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ, კუთვნილ ადგილს დავიკავებთ ევროკავშირის ბაზარზე. რუსეთის მიერ დსთ-ს საკუთარ თავთან გაიგივება კი არაკორექტულია, რადგან ჩვენ წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის პრინციპს ეფუძნება, მაგალითად აზერბაიჯანი ან სომხეთი, ჩვენ მათთან რა პროდუქციის ექსპორტს განვახორციელებთ ეს რუსეთის საქმე არ არის. რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოები სომხეთის მიმართ, ანგრევს იმ სივრცეს, რომელსაც რუსეთი თანმიმდევრულად აშენებდა“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ანალიტიკოსმა თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით გულბაათ რცხილაძის დაკავება და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაც შეაფასა. ჩეჩელაშვილის თქმით, ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ის ზახაროვას ეთანხმება, რომ გულბაათ რცხილაძე ჯაშუში არ ყოფილა.

„ამ შემთხვევაში ზახაროვას ვეთანხმები, რომ გულბაათი ჯაშუში არ იყო, ის იყო გავლენის აგენტი, რომელიც ოფიციალურად რუსეთის ფედერაციის ხელფასზე იყო და ღიად ატარებდა ჩვენი მტრის, ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ინტერესებს საქართველოში, სრულიად ღიად. მეორე საკითხია, რამდენად არის კანონთან თანხვედრაში, რასაც გულბაათი აკეთებდა, ოღონდ არა როგორც ჯაშუში, არამედ როგორც გავლენის აგენტი.

რაც შეეხება ბოლო პერიოდში ჯაშუშობის ბრალებით დაკავებულებზე, ვფიქრობ, რომ ეს ორ კომპონენტს უკავშირდება, პირველი ის, რომ „ქართული ოცნება“ და მთავრობა ცდილობს, ახალი ურთიერთობების ფაზა დაიწყოს დასავლეთთან და კონკრეტულად აშშ-სთან და მეორე, მთავრობაში აფასებენ იმას, რუსეთ-უკრაინას შორის ბალანსი, უკრაინის მხარეს გადადის, რუსეთი სუსტდება, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში, ეს კი იწვევს აუცილებლობას საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გადახედვის, ამ პოლიტიკის ნაწილად ვხედავ უკრაინასთან დაწყებულ დიალოგის რაღაც ნიშნებს. ჩვენ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ინტერესები, მწყობრად არ გვაქვს ჩამოყალიბებული, არ არსებობს საგარეო პოლიტიკური დამტკიცებული სტრატეგია, 2022 წლიდან ჩვენ სტრატეგიის გარეშე ვართ, აქედან გამომდინარე კი ვხედავთ, რომ რიგ შემთხვევაში, ძალიან წინააღმდეგობრივ ნაბიჯებს დგამს „ქართული ოცნება“ და მთავრობა, მათ შორის, რუსეთთან მიმართებაში, ხანდახან ძალიან გამაღიზიანებელ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგალითად, ხელს ვაწერთ ისეთ კონვენციებს, რომელიც რუსეთის მიერ რეპარაციების გადახდას ითვალისწინებს უკრაინისთვის, ამას მთავრობამ ხელი მოაწერა და კარგია, რომ ხელი მოაწერა, მაგრამ ამასთან ერთად, კეთდება განცხადებები, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ და ა.შ“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებით ვაშინგტონის პოზიციასა და გზავნილებს, დიპლომატი მიიჩნევს, რომ ამერიკელების წამოყენებული მოთხოვნების შესრულება მმართველ პარტიას მოუწევს, რადგან მათ კარგად ესმით შეუსრულებელი მოთხოვნების ფასი რაც იქნება. ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებები აშშ-სთან დაკავშირებით, გეოპოლიტიკური ზედაპირულობის ნათელი მაგალითია და მმართველი პარტიის ლიდერებს დიპლომატიური ლინგვისტიკის კურსის გავლას ურჩევს.

„ვფიქრობ, რომ ამერიკელების წამოყენებულ მოთხოვნებს „ქართული ოცნება“ შეასრულებს, რადგან მათ კარგად ესმით ამის ფასი. კობახიძის განცხადება დიპლომატიური ინფანტილიზმი და გეოპოლიტიკური ზედაპირულობის ნათელი მაგალითია, ვფიქრობ, რომ მთავრობის წევრებს არ აწყენთ დიპლომატიური ლინგვისტიკის კურსის გავლა. ასეთი განცხადებებით საქართველო როგორც სანდო პარტნიორი ადგილს ვერ დაიმკვიდრებს. განცხადებები, რომ წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა ურთიერთობები და ახალმა ადმინისტრაციამ უნდა გამოასწოროს ეს ვითარება, ეს უხეში შეცდომაა, რადგან 2028 წელს ვინ გაიმარჯვებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში არ ვიცით. უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც ტრამპის ადმინისტრაცია არის ხელისუფლებაში და მიჰყვება წინა ადმინისტრაციის მიერ გაწერილ თანმიმდევრულ საგარეო კურს, შეცვლა რომ სდომოდათ... ამერიკელები საქართველოს სანდო პარტნიორად არ აღიქვამენ და შეძახილები, რომ - „ჩვენ ჩამორჩენილი მოსწავლეები არ ვართ“ და „თავად აშშ-მ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“ - ეს ვითარებას არ შეცვლის, ქმედებებია საჭირო“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია